7 ივლისს, ამერიკის 39-ე პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი და მისი მეუღლე, როზალინ კარტერი ქორწინების 75 წლისთავს აღნიშნავენ. ისინი კვლავ იმ პატარა ქალაქში ცხოვრობენ, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და ერთმანეთი გაიცნეს. თუმცა, გაცნობიდან დღემდე, წყვილმა ბევრი რამ გამოიარა. მათ მსოფლიო შემოიარეს, როგორც მეზღვაურმა და სამხედროს ცოლმა, ამერიკის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ და როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ელჩმა.
„ეს არის სრული პარტნიორობა“,- უთხრა ჯიმი კარტერმა სააგენტო „ასოშიეთიდ პრესს“ ინტერვიუს დროს.
ჯიმი კარტერი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხნიერი ცოცხალი ამერიკის პრეზიდენტია. მისი სახელის გასწვრივ კი უკვე ახალი ისტორიული მაჩვენებელი გაჩნდა - ის და მისი მეუღლე ამერიკაში ყველაზე დიდხანს დაქორწინებული საპრეზიდენტო წყვილი არიან.
ასევე ნახეთ: ტრუმანიდან-ტრამპამდე, ელისაბედ მეორე და ამერიკის 13 პრეზიდენტიჯიმი კარტერი, მას შემდეგ რაც ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, ხშირად ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მას მიუღია არ უკავშირდება არც მის მთავარსარდლობას, არც საზღვაო ოფიცრობას და არც ატომურ წყალქვეშა ნავზე აღმასრულებელი ოფიცრის თანამდებობას. მისი თქმით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ელეანორ როზალინ სმიტი შეუყვარდა და 1945 წელს ცოლად მოიყვანა.
„ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო ისაა, რომ სწორ ადამიანზე უნდა დაქორწინდე, თუ გსურს შენმა ქორწინებამ დიდხანს გასტანოს,“- ამბობს კარტერი.
96 წლის ჯიმი კარტერი მედიასთან საუბარში, 93 წლის როზალინ კარტერთან წარმატებული ქროწინების სხვა საიდუმლოებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია წყვილს შორის კომუნიკაცია და ურთიერთგაგება არსებობდეს. „არ ვიძინებთ ისე, რომ რაიმე გაუგებრობა დავტოვოთ ჩვენს შორის“,- ამბობს პრეზიდენტი.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი კარტერი 96 წლის გახდაკარტერების წყვილი მორწმუნე ქრისტიანები არიან. პრეზიდენტის თქმით, ის და მისი მეუღლე ყოველ ღამე, ძილის წინ ბიბლიას ხმამაღლა კითხულობენ და ეს ტრადიცია არც მაშინ დაურღვევიათ, როდესაც ცალ-ცალკე იყვნენ ხოლმე სამოგზაუროდ წასულები.
როზალინ კარტერი კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია წყვილს ჰქონდეს როგორც საერთო ინტერესები და დროს ერთად ატარებდეს, ისე „ყველა ადამიანს ჰქონდეს საკუთარი პირადი სივრცე. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია“.