ჯეიმსთაუნის ექსპერტები ივანიშვილის წინააღმდეგ

1 მარტს ჯეიმსთაუნის ფონდის ინიციატივით ვაშინგტონში გაიმართა დისკუსია თემაზე პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემა საქართველოში და მისი საერთაშორისო გავლენა. რუსეთის და კავკასიის რეგიონის ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებზე კავკასიის რეგიონში და ამ კუთხით განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.

შეხვედრას ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი გლენ ჰოვარდი თავმჯდომარეობდა. მომხსენებლები იყვნენ ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი და ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტი ვლადიმირ სოკორი.

პირველმა გამოსვლელმა სვანტე კორნელმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და ევროპის სტრატეგიულ ინტერესებს კავკასიის რეგიონში და აღნიშნა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა, რომელიც ევროპა-აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს. მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქრთველოს ხელისუფლების სათავეში მოსულმა სააკაშვილის გუნდმა ბევრი რამ გააკეთა ქართველთა ტრადიციული ღირებულებების შეცვლის საქმეში ქვეყნის ვესტერნიზაციის დაჩქარების თვალსაზრისით.

საქართველოს ლიდერებმა ვერ შეძლეს რევოლუციონერებიდან მენეჯერებად გადაქცეულიყვნენ, ამის ერთ-ერთი მაგალითია ფარული კაბინეტის არსებობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებებს
სვანტე კორნელი


კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, რუსეთთან დაპირისპირების ფონზე, სააკაშვილის რეჟიმმა დემოკრატიული ღირებულებების დაცვას სახელმწიფო ინტერესები და მთავრობის სტრუქტურების გაძლიერება არჩია, რამაც არასასურველი ფორმები მიიღო. ამ მხრივ აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედის“ ისტორია და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები.

ბატონი კორნელის განცხადებით, სააკაშვილის დროს: ”საქართველოს ლიდერებმა ვერ შეძლეს რევოლუციონერებიდან მენეჯერებად გადაქცეულიყვნენ, ამის ერთ-ერთი მაგალითია ფარული კაბინეტის არსებობა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად იღებდა გადაწყვეტილებებს.“

სვანტე კორნელის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ ვლადიმირ პუტინის რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო არ გადაიქცეს ევროპული დემოკრატიის ქვეყნად. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დარღვევები აღინიშნებოდა დემოკრატიის განვითარების საქმეში სააკაშვილის რეჟიმი მაინც არ შეიძლება შევადაროთ აღმოსავლურ დესპოტიას. სვანტე კორნელის აზრით, საქართველოს ახლანდელი მთავრობის მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოებაში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს.

მისი თქმით:“ მთავრობის და პრემიერ-მინისტრის რიტორიკაში იგრძნობა, რომ დაჭერები შესაძლოა შეწყდეს, თუ ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები უფრო მეტად ითანამშრომლებენ ახალ ხელისუფლებასთან მისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.“

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის დეიმონ უილსონის განცხადებით, მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამას წინათ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ბატონი უილსონის განცხადებით, ქალბატონმა წულუკიანმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა თავისი წინამორბედის მიმართ შურისძიების გრძნობით არ უნდა იყოს განმსჭვალული. ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი კარგად აცნობიერებს მოსახლეობის მოთხოვნას სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ მას ამავე დროს ესმის, რომ დაზარალებული ხალხის რისხვა შესაძლოა ყოველთვის არ იყოს სამართლიანი.
ამერიკელი ექსპერტის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში მენტალური რევოლუციის მიმდინარეობის პროცესი, რადგან ვარდების რევოლუციის შემდეგ მაინც არ მოხერხდა ქართულ საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის დაძლევა და ჯერ კიდევ არსებობს რელიგიური და ნაციონალური შოვინიზმის გამოვლინების შემთხვევები.

ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტმა ვლადიმირ სოკორმა თავის გამოსვლაში გასული წლის შემოდგომაზე ქართველი ერის არჩევანს ირაციონალური უწოდა. რადგან ქართველებმა ბათუმსა და მესტიაში არ დაუჭირეს სააკაშვილს მხარი მიუხედავად იმისა, რომ აჭარასა და სვანეთში მის პერიოდში ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა. ბატონი სოკორის აზრით ივანიშვილის დეპუტატები მისი ქველმოქმედების ობიექტები იყვნენ.

ვლადიმირ სოკორის განცხადებით:“ ისინი არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები, ისინი არიან არტისტები, სპორტსმენები, მათ შორის დაახლოებით ექვსი-შვიდი კარატისტია.“

პატივცემული ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარყოფითი როლი შეასრულა წინასაარჩევნო პერიოდში.

მისი თქმით: “ეკლესიის გავლენიანი ნაწილი არჩევნების პროცესში ჩაერია და ამომრჩეველს მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციას უწევდა, რადგან მათი აზრით ხელისუფლება დასავლეთის გავლენის გაძლიერებას საქართველოს ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის ხარჯზე ცდილობდა.“

ბატონი ვლადიმირი უკმაყოფილებას არ მალავდა პრემიერ ივანიშვილის პოლიტიკის მიმართ, რომელიც მისი აზრით, მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე უჭერს მხარს ქვეყნის დასავლურ კურსს და სინამდვილეში საქართველოს რუსეთის მონობაში მიაქანებს.

შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით მყოფმა საქართველოს პარლამენტის წევრმა თინა ხიდაშელმა ამ ბრალდებებზე ჩვენთან საუბარში ამგვარი კომენტარი გააკეთა.

როდესაც ბატონი სოკორი ლაპარაკობს იქ ყველაფერი გასაგებია. მას აქვს პოზიცია, კონკრეტული დამოკიდებულება. მისი გამოსვლა მთლიანად არასწორ იფორმაციაზე და ტყუილებზე იყო დაფუძნებული. ამიტომ ეს არ არის საინტერესო. როდესაც წინასწარ იცი, რომ ადამიანის ამოცანა არის ის რომ შენი დისკრედიტაციით უნდა დაკავდეს და მისი მთელი გამოსვლა ეს იყო. არ შეიძლება დემოკრატიულ არჩეული ხელისუფლების შეურაცხყოფით იყო დაკავებული გამოსვლაში, თუ დამოუკიდებელი ექსპერტობის პრეტენზია გაქვს. მაგრამ ძალიან ნიშანდობლივი იყო ორი ექსპერტის გამოსვლა. ძალიან დიდ პატივს ვცემ სვანტე კორნელს, მას დიდი ხანია ვიცნობ და სწორედ ეს არის რაც ყველაზე მეტად გვჭირდება,- ობიექტური თვალი შორიდან. მისი გამოსვლის ნაწილს არ ვეთანხმები, მაგრამ როდესაც ის ამ კითხვებს სვავს ეს ნიშნავს რომ ეს კითხვები ლეგიტიმურია. ე.ი. ჩვენ დავაკელით ინფორმაციის მიწოდება, გნებავთ ახსნა ამ ადამიანებისთვის, რადგან მათ ეს კითხვები დარჩათ. ამიტომ არის ძალიან ღირებული, იმიტომ მოვედი მე ამ შეხვედრაზე, შემთხვევით გავიგე და რადგან ვაშინგტონში ვიყავი გადავწყვიტე, რომ მომესმინა. ეს ერთგვარი გამოფხიზლების ეფექტია, რომელიც მუდამ გვჭირდება, განსაკუთრებით გამარჯვებიდან მალე, როცა ჯერ კიდევ ეიფორიაში ხარ და ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევ. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ეხლაც დავადასტურებ, რომ პირველი თვეების განმავლობაში იმდენი საქმე იყო გასაკეთებელი, იმდენი რამე დასალაგებელი, პრინციპში ვერავინ, გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროსი ვერ დავკავდით გარე ურთიერთობებით.“

რამდენად მისაღებია თქვენთვის კრიტიკა საქართველოში შერჩევითი სამართალის არსებობის შესახებ?

„მე არ ვეთანხმები რა თქმა უნდა ბატონ კორნელს, მაგრამ კითხვა რომ ლეგიტმურია ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის. რადგან ასეთი ადამიანი, მე დიდ პატივს ვცემ მის კვალიფიკაციას და პროფესიონალზმს, ამ კითხვას სვავს ეს ნიშნავს რომ მას არა აქვს ინფორმაცია. ეს უკვე ჩვენი ბრალია. შერჩევითი სამართალი და მართლმსაჯულება არ არის ქვეყანაში, ოღონდ ეს მათ უნდა გავაგონოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ყველა მტკიცებულება და ფაქტები ჰქონდეთ რომ ამის პრობლემა არ იყოს. ჩვენ ჯერ კიდევ ნოემბერში მივმართეთ მთელ მსოფლიოს რომ დაინტერესებულნი იყვნენ ყველა საქმით, რომელიც გამოძიებაშია. საბედნიეროდ მიიღეს მათ ეს ჩვენი თხოვნა და საქართველოში არის ბატონი ჰამერბერგი, რომელიც ვეროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იქნება ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ რომ ეს ერთ-ერთი მექანიზმი იქნება, რაც ამ ეჭვებს და მოსაზრებებს გაფანტავს... არა ბატონი სოკორისთვის, იმიტომ რომ მან ასე უნდა ილაპარაკოს, რაც არ უნდა დოკუმენტი მისცე, მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის რა თქმა უნდა.“

რაც შეეხება საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესს, თანაცხოვრების და თანაარსებობის შესაძლებლობას, როგორ შეაფასებდით?

„როდესაც ბატონი სააკაშვილი მუდმვად და ხშირად საუბრობს თემებზე და ფაქტის წინაშე დგება, მერე უარს ამბობს და გარბის მოედნიდან. ჩვენ კარგად ვნახეთ ვისთან გვაქვს საქმე, მორიგ ჯერზე, რა თქმა უნდა პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის იმ ცნობილ ბრიფინგზე, როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომი ორი ლიდერი გამოვიდა და ერთს ჰქონდა ერთადერთი ამოცანა, რომ მეორის დისკრედიტაციით დაკავებულიყო და მეორე ეუბნებოდა რომ ხალხი ჩვენგან ელოდება პასუხებს კითხვებზე და არა ისტერიას რომელსაც შენ აქ აწყობო. მე მგონი იქ კარგად გამოჩნდა როგორ ესმის სააკაშვილს კოჰაბიტაცია. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს ამბები ჩვენთვის სიახლე არ არის. მთავარია რომ ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ, ბავშვი ამ შემთხევევში ქვეყანაა და არვითარ შემთხევეში არ უნდა მივცეთ მას უფლება ქვეყნის დესტაბილიზაციის.“