ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ისევ არ მიანიჭეს

“ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე დარჩა 1 დღე“

ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას ხვალ, ანუ 5 აპრილს აღუდგენდნენ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელ ფეისბუქში სპეციალური ვიდეორგოლის მეშვეობით დილიდან ავრცელებდა.

საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მაღალ საზოგადოებრივ ინტერესზე NDI-ის ბოლო კვლევებიც მეტყველებდა, რომელთა თანახმად 87 პროცენტმა იცოდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და 70 პროცენტი მხარს უჭერდა ივანიშვილისთის მოქალაქეობის აღდგენას.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობდნენ, სულ უფრო მზარდ საერთაშორისო ზეწოლაზე, რომელსაც ხელისუფლება იძულებული უნდა გაეხადა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა დაებრუნებინა. „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათს შემდეგი განაცხადა

„საერთაშორისო ზეწოლის გამო, მხოლოდ იმის გამო რომ საქართველოს მოსახლეობის ნებაა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, ამიტომ ვერ გაბედავს სააკაშვილი მას მოქალაქეობა არ მიანიჭოს.

ეს რამდენიმე დღე კი როდესაც მან გაიხანგრძლივა ის სიტუაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე საბოლოო ჯამში ხელისუფლებას არაფერს არ მოუტანს.“

კატეგორიულად იყო განწყობილი თავად ოპოზიციის ლიდერიც. გასულ კვირას დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნისა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს არ დაუბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა:

„უკანონობა ჩაიდინეს ჩემზეც. ჩამომართვეს მოქალაქეობა. გასაგებია რომ საშინლად შეეშინდათ, ამ შიშის საფუძველზე ეს ყველაფერი განახორციელეს. ცდილობენ დღესაც, რომ ნებისმიერი გზებით ჩამომიშორონ, მაგრამ ამას ვერ მოახერხებენ.

ეს არის სააკაშვილის სამართლიანობა, ასეთი ფაქტები იყო უამრავი, თქვენ იცით ბანკზე როგორი თავდასხმა განახორციელეს, ეს არის მისი დემოკრატია.

ის ახერხებდა დიდხანს სიცრუეში ემყოფებინა საქართველო, თუმცა ქართველებმა კარგად გავაცნობიერეთ ვინ არის ის რეალურად. ახერხებდა სიცრუეში ემყოფებინა ევროპაც და ამერიკაც, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა.

ჩვენ მოვახერხეთ გარდატეხა და რეალურად ვაჩვენეთ მისი სახე. როგორია სააკაშვილი და მისეული დემოკრატია. რამდენიმე დღე დარჩა ჩემთვის მოქალაქეობის დაბრუნებამდე, ის ეძებს ყოველგავრ გზას, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვერ მიაღწია. აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა. აბა გაბედოს და არ დაიხიოს უკან!.“

დღეს შუა დღის სამ საათზე, იუსტიციის სამინისტრომ წერტილი დაუსვა მარჩიელობას თემაზე როდის მიანიჭებენ ივანიშვილს მოქალაქეობას. სამინისტრომ საკუთარ ვებ გვერდის მეშვეობით გაავრცელა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს ისევ უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე. დასკვნაში კერძოდ ნათქვამია:

"2012 წლის 4 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე 2012 წლის 5 იანვარს წარადგინა. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას:

პირველი - ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

მეორე - ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.


მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში

დღესვე, საღამოს ექვს საათზე, „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმები არ იცვლება:

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ტყუილსა და უკანონობას. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილს შეეშინდა ძლიერი კონკურენტის. ეხლაც, ეს გადაწყეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

სააკაშვილმა კარგად იცის ხალხის განწყობა. იცის რეალური რეიტინგები და იცის, რომ იგი არ არის კონკურენტუნარიანი. ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება. ბიძინა ივანიშვილი რჩება კოალიციის ლიდერად.

კოალიციას ისევ ერქმევა ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება. იგი ასევე იქნება ამ გაერთიანების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ეს კოალიცია აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში და ყველა დასახული გეგმა იქცევა რეალობად.“

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შარშან 11 ოქტომბერს ჩამოართვეს ოთხი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა. იმავე დღეს მოქალაქეობა ჩამოერთვა მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძესაც.

26 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტ სააკაშვილის 602 ბრძანებულება ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში უკანონოდ სცნო, ხოლო ივანიშვილის ნაწილში კანონიერად.

უკვე 5 იანვარს, ივანიშვილმა პირდაპირ პრეზიდენტს მიმართა ნატურალიზაციის გზით მიენიჭებინათ მისთვის საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა დღეს კიდევ ერთი უარი მიიღო. ივანიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინიტროს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.