ორშაბათს, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებული ებრაული დასახლებების ანექსიის შესაძლებლობაზე ესაუბრა. თუმცა თეთრმა სახლმა თქვა, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება სიმართლეს არ შეეფერებოდა, რაც ორ მტკიცე მოკავშირეს შორის უთანხმოების იშვიათი მაგალითია.
ნეთანიაჰუმ, მისივე მემარჯვენე "ლიკუდის" პარტიის კანონმდებლებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე თქვა: „სუვერენიტეტის მინიჭების თაობაზე შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკელებს ამაზე გარკვეული ხანია ვესაუბრებოდი.“
სადავო დასახლებები იმ ტერიტორიაზეა, რომელსაც პალესტინელები მომავალი, შესაძლო პალესტინური სახელმწიფოს ნაწილად აცხადებენ, მაგრამ 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ, ისრაელის მიერ არის ოკუპირებული. ტერიტორიის კონტროლი ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკამათო საკითხიდან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმებისპროცესს ჩიხში აქცევდა.
თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯოშ რაფელმა ნეთანიაჰუს განცხადება მკაცრად უარყო და თქვა: „ცნობები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ანექსია განიხილა, ტყუილია."
რასელ სტოუნმა, ამერიკული უნივერსიტეტის ისრაელის კვლევის ცენტრის საპატიო პროფესორმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება სამშვიდობო პროცესი, „დასახლებების პრობლემა უფრო მეტად გაიზრდება. ნათელია, რომ ის დასახლებები ამერიკელებსა და ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის მსჯელობის საგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო. ეს საკითხი ისრაელის და პალესტინის ავტონომიის ლიდერებს შორისაც ყოფილა წარსულში განხილული. ახლანდელი ამბავი, როგორც ჩანს, ისრაელში რომელიმე მემარჯვენე კანონმდებლის მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა“.
ტრამპს ისრაელ-პალესტინელების სამშვიდო მოლაპარაკებების გამოცოცხლება სურდა და თავისი სიძე, თეთრი სახლის მრჩეველი ჯარედ კუშნერი, რეგიონში გაგზავნა, რათა მოლაპარაკებების განახლებისთვის კლიმატი შეეფასებინა.
მაგრამ შეერთებული შტატების ლიდერმა, ამერიკის წინანდელი პრეზიდენტების მსგავსად, არსებული სიძნელეები აღიარა.
ნეთანიაჰუს მიმართ დადებითად განწყობილ გაზეთ „ისრაელ ჰეიომში“, კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში ტრამპმა თქვა: „დასახლებები ისეთი რამაა, რაც მშვიდობის დამყარებას ძალიან ართულებს და ყოველთვის ართულებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დასახლებებთან დაკავშირებით ისრაელი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“.
მან გააჟღერა ეჭვი იმის თაობაზე, რომ პალესტინელებს და ისრაელს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა სურთ. მან თქვა: „ვნახავთ რა მოხდება. ამჟამად. ვიტყოდი, რომ პალესტინელებს მშვიდობის დამყარება არ სურთ, მათ მშვიდობა არ სურთ და სრულად არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მშვიდობა ისრაელსაც უნდოდეს“.