ისრაელის მთავრობა ამზადებს გეგმას შეერთებული შტატების საავიაციო ფირმა „ლოკჰიდ მარტინისგან“ 3 მილიარდ დოლარად შეფასებული უახლესი რეაქტიული განმანადგურებელი თვითმფრინავების შესაძენად. თვითმფრინავების შეძენასთან დაკავშირებული საქმიანობა ხდება მაშინ როცა ისრაელის მთავრობა ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესაძლებლობას განიხილავს.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, 20 F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავის შეძენა ქვეყნის საჰაერო ძალების მოდერნიზაციის კონტექსტში ჩვეულებრივ ღონისძიებას წარმოადგენს.
მაგრამ ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება თვითმფრინავების შეძენის შესახებ გაკეთდა იმ ცნობის ფონზე, რომ ისრაელის მთავრობამ ირანის ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ფარული შეხვედრა გამართა.
ისრაელის სადაზვერვო სამსახურის ცნობით, ირანი ბირთვული იარაღის წარმოების საშუალებას მალე მიაღწევს და არ არის გამორიცხული, რომ თიერანი ახლად შეძენილ ატომურ ბომბს ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებს. ცნობილია, რომ ირანის მთავრობამ რამდენიმეჯერ გააკეთა განცხადება ებრაული სახელმწიფოს განადგურების შესახებ.
ისრაელის სამხედრო ექსპერტები შიშობენ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმების შედეგად რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება.
პენსიაზე გასული გენერალ მაიორი ეიტან ბენ ელიაჰუ ისრაელის საჰაერო ძალების ყოფილი მთავარსარდალია. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ისრაელი ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს.
„თვითმფრინავების შეძენის განრიგის თანახმად განმანადგურებლების პირველი პარტია ისრაელში მხოლოდ 2015 წელს ჩამოვა. ჩვენ ვიცით, რომ ირანს ბირთვული შეიარაღება ბევრად უფრო მალე გაუჩნდება. მეორეს მხრივ, ირანი დროებით საფრთხეს არ წარმოადგენს და ამდენად ჩვენ ყველა სამომავლო გამოწვევისთვის უნდა ვიყოთ მზად. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ეს განმანადგურებლები,“ აღნიშნა ბენ ელიაჰუმ.
ცნობა გარიგების გამოცხადების შესახებ გავრცელდა მაშინ, როცა ისრაელის მოსახლეობაში ებრაული სახელმწიფოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოვიდა ურთიერთობა თეთრ სახლსა და ისრაელს შორის გაუარესდა, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ბატონი ობამა ისრაელზე ზეწოლას ახდენდა ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტის მიზნით.
ბენ ელიაჰუ და სხვა დამკვირებლები აღნიშნავენ, რომ თუ ვაშინგტონი თვითმფრინავების მიწოდებაზე დათანხმდა, ეს ამერიკის უდრეკი მხარდაჭერის დადასტურება იქნება.