ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ ხუთშაბათს, 22 თებერვალს, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში დრონით მიტანილი იერიშით "ისლამური ჯიჰადის" მებრძოლი მოკლა.
შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი - იასერ ჰანუნი შეიარაღებული თავდასხმის მოსაწყობად მიემართებოდა. მეტი დეტალი ცნობილი არ არის. ოფიციალური განცხადებით, ჰანუნი "ისლამური ჯიჰადის" სხვა, წინა თავდასხმებთანაც იყო დაკავშირებული.
7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ვითარება დაიძაბა დასავლეთ სანაპიროზეც.
ასევე ნახეთ: ისრაელმა ღაზის სექტორში რაფას დაარტყაისრაელი ამბობს, რომ ღაზაში ბრძოლის დროებით შეწყვეტის თაობაზე შუამავლების მეშვეობით "ჰამასთან" მოლაპარაკების მცდელობა გრძელდება. დაჯგუფებას, რომელიც ამერიკასა და ბევრ დასავლურ სახელმწიფოში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, კვლავ არ გაუთავისუფლებია ისრაელიდან გატაცებული ასამდე მძევალი.
ისრაელის მედიის ცნობით, ამ ძალისხმევის ფარგლებში, პარასკევს, 23 თებერვალს, პარიზში ისრაელელი მომლაპარაკებლები ჩავლენ. დელეგაციას ისრაელის დაზვერვის სამსახურის, "მოსადის" მეთაური უხელმძღვანელებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი მანამდე ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელთან - ბრეტ მკგარკთან საუბარში ამბობდა, რომ ისრაელი მძევლებზე მომლაპარაკებლების უფლებამოსილებას გაზრდიდა. ისრაელის მთავრობის "ომის კაბინეტის" ერთ-ერთმა წევრმა ბენი განცმა კი თქვა, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ ზავის მისაღწევად მცდელობა გრძელდება.
ეს ისრაელის მხრიდან პირველი მინიშნება იყო მოლაპარაკებების შესახებ მას შემდეგ, რაც ქაიროში ისრაელის, ამერიკის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენელთა მონაწილეობით მოლაპარაკებები შეფერხდა.