ისრაელმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ არ დაუშვებს ჰუმანიტარულ გამონაკლისს ბლოკადაში მყოფი ღაზის სექტორისთვის, ვიდრე "ჰამასი" ისრაელში აყვანილ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ჯვარი ითხოვდა ღაზის სექტორში საწვავის დაშვებას, რათა იქ არ მოხდეს საავადმყოფოების გადატვირთვა და მათი „მორგებად გადაქცევა“.
ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს პალესტინელთა ისლამისტურ დაჯგუფება "ჰამასს", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. თელავივი აცხადებს, რომ ეს იქნება შურისძიება, ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ნაწილი მძევლებად გაიტაცეს და რამდენიმე ათასი დაშავდა.
ასევე ნახეთ: ვინ არის "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ისრაელზე თავდასხმის მთავარ ავტორად მიიჩნევენისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1 300-ზე მეტია. მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობიდანაა, რომლებიც დახვრიტეს საკუთარ სახლებში, ქუჩებში ან ფესტივალზე ცეკვის დროს. ბევრი გატაცებულია და ღაზის სექტორშია გადაყვანილი. ისრაელი აცხადებს, რომ მძევლებს შორის 97 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია.
პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფების მიერ ჩადენილი მკვლელობების სრული მასშტაბი ბოლო დღეებში გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთის ქალაქებზე და იპოვეს გვამებით მოფენილი სახლები. თელავივი ამბობს, რომ მათ იპოვეს გაუპატიურებული და შემდეგ მოკლული ქალები, ასევე ბავშვები, რომლებიც დახვრიტეს და დაწვეს.
მომხდარი თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორი, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულ ბლოკადაში მოაქცია და დაიწყო ყველაზე ინტენსიური დაბომბვის ოპერაცია პალესტინელებთან კონფლიქტის 75-წლიან ისტორიაში. ღაზაში დანგრეული და განადგურებულია მთელი უბნები.
ღაზის სექტორის ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულია 1 200-ზე მეტი ადამიანი და 5 000-ზე მეტი დაიჭრილია. რეგიონს აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საავადმყოფოებს კი ეწურება საწვავი გენერატორებისთვის, რომლებიც მათი ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.