დღეს ისრაელ-ღაზის საზღვარს სიმშვიდე დაუბრუნდა იმ შეტაკებების შემდეგ, რომელიც ისრაელის არმიის მიერ კვირას ჩატარებული ოპერაციის დროს მოხდა. შეტაკებებში რვა ადამიანი დაიღუპა და სამაგიეროს გადახდის მიზნით, ამას ღამით სარაკეტო თავდასხმაც მოჰყვა.
ისრაელის სამხედრო უწყებამ ღაზის სექტორში ჩატარებული ოპერაციის შესახებ ცოტა დეტალი გაამჟღავნა, მაგრამ განაცხადა, რომ ის „არა ტერორისტების მოსაკლავად ან მოსატაცებლად, არამედ ისრაელის უსაფრთხოების გასაძლიერებლად იყო გამიზნული.“
ისრაელის ცნობით, ბრძოლის დროს ერთი სამხედრო ოფიცერი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
პალესტინელთა ოფიციალური პირების განცხადებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰამასის ადგილობრივი მეთაური, რომელიც ნურ ბარაკას სახელით იყო ცნობილი.
ისრაელის ცნობით, კვირა ღამით, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ღაზიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 17 რაკეტა გაუშვა, მაგრამ ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, შეტაკებების შემდეგ შინ დაბრუნების მიზნით, პარიზში ვიზიტი შეწყვიტა.
ბოლო შეტაკება იმ დროს მოხდა, როდესაც ნეთანიაჰუმ დაიცვა საკუთარი გადაწყვეტილება - ნება მიეცა ყატარისთვის, დახმარების სახით, ღაზის სექტორისთვის 15 მილიონი დოლარი გადაერიცხა. ეს გადაწყვეტილება მისი გეგმის ნაწილი იყო, რომლითაც ჰამასის კონტროლირებად რეგიონში სიმშვიდის მიღწევა სურდა.