დღეს, ლონდონში, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ხვდება. ამ შეხვედრით ის ევროპაში სამდღიან ტურს დაასრულებს. ამ ვიზიტით ნეთანიაჰუ ცდილობს, ევროპელი ლიდერები ირანთან საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანაში დაარწმუნოს.
ნეთანიაჰუმ სამდღიანი ევროპული ტური, ორშაბათს, გერმანიაში ვიზიტით დაიწყო, სადაც კანცლერი ანგელა მერკელი გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთის საქმეებში ირანის ჩარევას, ევროპისკენ მიგრანტთა ახალი მასიური ტალღის გამოწვევა შეუძლია. სამშაბათს, საფრანგეთში ვიზიტის დროს, ისრაელის ლიდერმა თქვა, რომ დაინტერესებულია ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.