ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და ირანი ესკალაციის საშიშროებაზე საუბრობენ


ირანი და ისრაელი ერთმანეთს ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ აგრესიაში ადანაშაულებენ და რეგიონში ვითარების ესკალაციის საშიშროებაზე საუბრობსენ. კვირას, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი ათწლეულის განმავლობაში ბირთვული ბომბის შექმნას შეძლებს.

თავის ქვეყანაში კორუფციაში შესაძლო ბრალის წაყენების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა.

„ირანთან ბირთვულმა შეთანხმებამ დროის უკუათვლა დაიწყო, უკუათვლა ათწლეულზე ცოტა მეტ დროში ირანის ბირთვულ არსენალამდე.“

კონფერენციაზე ნეთანიაჰუმ წარმოადგინა, როგორც თვითონვე განმარტა, ისრაელის თავზე ჩამოგდებული ირანული დრონის ნაგლეჯი. მან თქვა, რომ ირანის აგრესია რეგიონულ ალიანსებს ცვლიდა:

„ამან არაბები და ისრაელელები ისე დააახლოვა, როგორც არასდროს. პარადოქსია, მაგრამ ამან შესაძლოა უფრო ფართო მშვიდობისთვის და საბოლოოდ, პალესტინელთა და ისრაელელთა შორის მშვიდობის დამყარებისთვისაც კი გაკვალოს გზა.“

ნეთანიაჰუს გამოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ისრაელმა, პალესტინელების წინააღმდეგ, ღაზაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. ეს თავდასხმები ბომბით თავდასხმის საპასუხოდ მოხდა, რომლის შედეგადაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიჭრა.

კვირას, მოგვიანებით, მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის პრემიერ მინისტრის სიტყვას „კარიკატურული“ უწოდა.

„ისრაელი აგრესიას, თავისი მეზობლების საწინააღმდეგო პოლიტიკად იყენებს, მეზობლის წინააღმდეგ მასიურ სადამსჯელო ქმედებებს, სირიაში, ლიბანში და სხვა არაბულ ქვეყნებში ყოველდღიურ შეჭრებს“, განაცხადა მოჰამედ ჯავად ზარიფმა.

ზარიფის თქმით, თეირანს რეგიონში ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული მშვიდობა სურს.

„ირანს სჯერა, რომ სპარსეთის ყურეში ჩვენს უსაფრთხოებას, სრულიად ახალი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა სჭირდება.“

კონფერენციას ბირთვული ომის აჩრდილი ახლდა, იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კორეა და მისი მსგავსი ქვეყნები ატომური იარაღის მოპოვებას ცდილობენ, ძველი ბირთვული ქვეყნები კი საკუთარ არსენალებს ანახლებენ.

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ბეატრის ფინჩმა, ბირთვულ იარაღზე უარის თქმის საერთაშორისო კამპანიიდან, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ამ გზის გაგრძელება არ შეუძლია.

„ბირთვული იარაღი ის დიდი საშიშროებაა, რომელიც უკან გვიბრუნდება. ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია აქ ვიყო და ყველა მთავრობას შევახსენო, რომ ახლანდელი პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდება. ამიტომ, სანამ ეს მოხდება, სასწრაფოდ განიარაღებისკენ უნდა წავიდეთ“, განაცხადა ფინჩმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG