ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" შურისძიებით იმუქრება

ტერორისტულ ჯგუფ “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მედია განყოფილება მხარდამჭერებს პირდება, რომ დიდი ანონსი ახლოვდება. ეს პირველი ასეთი განცხადება იქნება მას შემდეგ, რაც მათი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, კვირას ამერიკული რეიდის დროს მოკლეს.

“ისლამური სახელმწიფოს” ალ-ფარქანის ფონდმა განცხადების წინასწარი რეკლამა ოთხშაბათს დაიწყო.

ანონსში დამატებითი დეტალების გარეშე ნათქვამია: “მალე იქნება... ალაჰის და ყოვლისშემძლის ნებით”. დაზვერვის საკითხების ჯგუფი “ეს აი თი ი”, რომელიც ჯიჰადისტების კომუნიკაციებს აკვირდება, ამბობს, რომ მხარდამჭერებმა ამ პლაკატის სოციალური მედიის პლატფორმებზე გავრცელება სწრაფად დაიწყეს. ზოგიერთ მათგანი იმედს გამოთქვამდა, რომ ალ-ბაღდადი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სხვები მის მოწამებრივ აღსრულებას ზეიმობდნენ.

ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მედია აგენტები, სირიაში ერაყში და მსოფლიოში მიმდინარე ოპერაციებზე თავის განახლებულ ინფორმაციებს ავრცელებდნენ, მაგრამ ჩუმად იყვნენ ალ-ბაღდადის ბედის შესახებ, რომელიც სირიაში, შეერთებული შტატების საგანგებო ძალების რეიდის დროს მოკლეს.

შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა “ისლამური სახელმწიფოს” პრეს-მდივნის, აბუ ჰასან ალ-მუჰაჯირის სიკვდილიც დაადასტურეს, რომლის ლიკვიდაციაც მომდევნო დღეს, სირია-თურქეთის საზღვართან დამატებითი ოპერაციის დროს მოხდა.