ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ფედერალური მთავრობისგან დახმარებას მომდევნო კვირიდან მიიღებენ. განცხადებას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"აიარეს"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხის გაცემა მომდევნო კვირიდან დაიწყება. დახმარების ოდენობის განსაზღვრა 2018-2019 წლებში კონკრატული პირის ან პირების შემოსავლების მიხედვით მოხდება.
რამდენიმე დღეში ამერიკის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე სპეციალური გრაფა იქნება ხელმისაწვდომი, სადაც პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ თუ რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ, როდის და რა ფორმით.
როგორც "აიარეს"-ის ოფიციალურ ვებგვერზე წერია, გადასახადის გადამხდელები თანხას, ძირითად შემთხვევაში, საბანკო პლასტიკურ ბარათზე მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტში არ ფიქსირდება ბარათის მონაცემები, ბენეფიციარს თანხა საცხოვრებელი სახლის მისამართზე გაეგზავნება.
სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადასახადების გადამხდელებს, დროულად შეცვალონ საცხოვრებელი სახლის მისამართი, თუ გასული წლის აპრილის შემდეგ მისამართი შეცვლილია.
აღნიშნული დახმარება იმ 2 ტრილიონი დოლარიდან გაიცემა, რომელიც თეთრი სახლის და ამერიკელი კანონმდებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიყო. პანდემიის დროს ამერიკის მთავრობა დახმარებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
ამ დროისთვის, თეთრი სახლი და კონგრესი აქტიურად მუშაობენ მცირე ბიზნესებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის კუთხით.