შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 750 ჯარისკაცს გზავნის

მეტწილად შიიტი, პრო-ირანული შეიარაღებული დაჯგუფების წევრების და მათი მხარდამჭერების ბრბომ, ბაღდადის გამაგრებულ „მწვანე ზონაში“ მდებარე შეერთებული შტატების საელჩოს კომპლექსს ოთხშაბათს ქვები და ბეტონის ნამტვრევები დაუშინა. სამთავრობო უსაფრთხოების ძალები კი დემონსტრანტებს დროგამოშვებით ცრემლსადენ გაზს ესროდნენ.

სამშაბათ საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საელჩოსთან შექმნილი ვითარება უკონტროლო არ გახდება, როგორც ეს 2012 წელს, ბენღაზიში ამერიკის საკონსულოს შემთხვევაში მოხდა, როდესაც თავდამსხმელებმა შენობა გადაწვეს და შეერთებული შტატების ელჩი ქრისტოფერ სტივენსი მოკლეს. პრეზიდენტმა თქვა:

„ვფიქრობ, სიტუაცია ძალიან კარგად გაკონტროლდა. საზღვაო ქვეითები ადგილზე მივიდნენ. დიდებული მებრძოლები მივიდნენ და ფანტასტიური სამუშაო შეასრულეს. ისინი ადგილზე მყისიერად მივიდნენ, როგორც კი ეს ამბავი გავიგეთ. მე გამოვიყენე სიტყვა „მყისიერად“. ისინი „მყისიერად“ იქ გაჩნდნენ... ეს ბენღაზი არ იქნება.“

ტრამპმა ერაყის მთავრობასაც გადაუხადა მადლობა და თქვა, რომპრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ადელ აბდულ მეჰდის ესაუბრა და მადლობა უთხრა იმისთვის რომ მთავრობამ კარგად იმოქმედა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, პრო-ირანული შიიტური შეიარაღებულიდაჯგუფების მეთაურებს, ხაიზ ალ ხოზალის და აბდულ მეჰდი მოჰანდესს დასდო, რომ ისინი თავდასხმის უკან იდგნენ. ხოზალიმაც და მოჰანდესმაც არაბულ ტელევიზიაში შეერთებული შტატების მიმართ აგრესიული განცხადებები გააკეთეს და დაჟინებით იმეორებდნენ, რომ შეერთებული შტატების საელჩო „უნდა დაიხუროს“. ხოზალი ამბობდა, რომ ეს საელჩო ერაყის განადგურების მიზნით გეგმავს, ჯაშუშობს და ყოველგვარი ასეთი საქმიანობის ნერვულ ცენტრს წარმოადგენს.

საუდის არაბეთის კუთვნილმა ტელევიზია „ალ-არაბიამ“ აჩვენა ვიდეო, რომელშიც ჩანდა თუ საელჩოს სახურავზე როგორ დაეშვნენ საზღვაო ქვეითთა შვეულმფრენები. ათობით საზღვაო ქვეითმა შენობის დასაცავი პოზიციები დაიკავა. ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ შენობა ყველა დემონსტრანტმა დატოვა, თუმცა „ამერიკის ხმამ“ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეუძლო.

ერაყის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა აბდულ მეჰდიმ შიიტური შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერები გააფრთხილა, რომ მათ ამერიკული საელჩოს ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ.

თუმცა ტელევიზია „არაბიამ“ განაცხადა, რომ ბაღდადის „მწვანე ზონა“, სადაც ამერიკის საელჩო და პრემიერ-მინისტრის ოფისი, პარლამენტსა და სხვა სამთავრობო ნერვულ ცენტრებთან ერთადაა განლაგებული, „შიიტური დაჯგუფების წევრების შეღწევის შემდეგ უსაფრთხო აღარ არის და ერაყის ზოგიერთი ოფიციალური პირი განიხილავს ვარიანტს, რომ სტრატეგიული სამთავრობო ოფისები სადმე სხვაგან გადაიტანონ“.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში 750 ჯარისკაცს დაამატებს. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში ბაზირებული დანაყოფი შესაძლოა კუვეიტისკენ მიდიოდეს.

პრეზიდენტმა ტრამპმა სამშაბათს „ტვიტერით“ გამოაქვეყნა, რომ ამერიკულ ობიექტებზე ზარალის და ადამიანის დაშავებების გამო პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. პრეზიდენტმა დაწერა რომ თეირანი „ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის. ეს გაფრთხილება არ არის. ეს მუქარაა.“

მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, ის არ ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები ირანთან ომს დაიწყებს. მან თქვა: „არ ვფიქრობ, რომ ირანს ეს მოუნდეს. ეს თუ მოხდება, ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება.“

ირანის უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი პრეზიდენტ ტრამპის „ტვიტერით“ შეტყობინებას ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „არაფრის გაკეთება არ შეგიძლია... თუ ლოგიკა გაგაჩნია - რაც არ გაგაჩნია - დაინახავდი, რომ ერაყში, ავღანეთში (და სხვაგან) თქვენმა დანაშაულებებმა... ხალხების თქვენდამი სიძულვილი გამოიწვია.“

რამდენიმე დღის წინ,შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს შიიტურ ქათაებ ჰეზბოლას ბაზაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იმავე დაჯგუფების მებრძოლებმა კირკუკში განლაგებულ სამხედრო ბაზას რაკეტები ესროლეს, ერთი ამერიკელი კონტრაქტორი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს.