ბრიტანეთი ამერიკას ირანის შეთანხმებაში დარჩენისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მზად არის ტრამპის ადმინისტრაციის ლობირებისთვის, რათა ის 2015 წელს, ირანსა და მსოფლიოს 5 სახელმწიფოე შორის დადებული შეთანხმების ერთგული დარჩეს. ირანის ბირთვული ხელშეკრულება თეირანის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს.

დიდი ბტიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი, დღეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონს შეხვდება. ჯონსონის ოფისის თანახმად, ირანის საკითხი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

ვიზიტის წინ ჯონსონმა თქვა, რომ „გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ირანის ერთგვარი საქციელის ასალაგმად, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის - მისი კიბერ-აქტიურობა, მის მიერ ისეთი ჯგუფების მხარდაჭერა, როგორიცა ჰეზბოლა და მისი სახიფათო სარაკეტო პროგრამა, რომელიც იემენში ჰუტის ჯგუფებს აიარაღებს.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხშირად აკრიტიკებდა, როგორც თვითონ უწოდებს, შეუმდგარ შეთანხმებას. მან 12 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს განაახლებს თუ არა სანქციების მოქმედების დროებით შეჩერებას, რომელიც ამ შეთანხმებაზე იყო მიბმული.

ტრამპს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება სურს და უარყოფს ბირთვულ შეთანხმებაში არსებულ განსაკუთრებულ პირობას, რომელიც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეთანხმების ზოგიერთი პირობის ამოწურვას გულისხმობს.

ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები იმ დროს აწარმოეს, როდესაც არსებობდა ვარაუდი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა. ირანი ამ ფაქტს გამუდმებით უარყოფდა და უფრო მეტიც, არაერთხელ განაცხადა, რომ საკუთარი თავდაცვისთვის, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ქონის ყველა უფლება აქვს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ კვირას განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები შეთანხმებიდან გამოვა, „მალე ნახავთ, რომ ისინი ამას ისე ინანებენ, როგორც ისტორიაში არასდროს უნანიათ.“

შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩმა კიმ დეროქმა, კვირას „სი ბი ეს“-ისთვის მიცემული ინტერვიუს დროს თქვა, რომ ჯონსონმა და ტრამპმა ბირთვული შეთანხმების შესახებ შაბათს, ტელეფონით ისაუბრეს და როგორც ჩანს, პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.

დეროქმა დასძინა, რომ „ის უნაკლო შეთანხმება არ არის, არცერთი შეთანხმება უნაკლო არასდროს არ არის და რეგიონში ირანის ქმედებები, რომელიც მტრულია და უსაფრთხოებას და სტაბილურობას აზიანებს, პრეზიდენტის შეშფოთებას სამართლიანად იწვევს."

მისივე თქმით, სანამ ირანი შეთანხმების პირობებს ასრულებს, ბრიტანეთს შეთანხმებაში დარჩენა სურს.