ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ირანი არ გეგმავს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხელახალ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დარჩენის ან დატოვების გადაწყვეტილება 12 მაისამდე უნდა მიიღოს.
„არ ვაპირებთ ჩვენი უსაფრთხოების სხვისთვის გადაცემას, არ ვგეგმავთ დამატებითი პირობები მივიღოთ ან ხელახლა მოვილაპარაკოთ შეთანხმება, რომელსაც დაპირებისამებრ ვასრულებთ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა, "Youtube"-ზე გავრცელებულ მიმართვაში.
პრეზიდენტი ტრამპი აქამდე აცხადებდა, რომ ის ირანის შეთანხმებას დატოვებს თუ მასში ცვლილებები არ იქნება შეტანილი, მათ შორის ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვის თაობაზე. ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ირანიც დატოვებს შეთანხმებას თუ ტრამპი შეასრულებს მის პირობას და გამოვა შეთახმებიდან.
ტრამპის ადმინისტრაციას ამ დრომდე საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. ირანის შეთანხმება ამერიკასთან და ირანთან ერთად ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს და ჩინეთს მოიცავს.