საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სჯერა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ შეთანხმებას გამოეყოფა. ამის შესახებ მაკრონმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს ისაუბრა.
„არ ვიცი როგორი იქნება ამერიკის გადაწყვეტილება, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები არ მაძლევს რწმენას, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ირანის ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად“, განაცხადა მაკრონმა ვიზიტის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე.
მაკრონმა ასევე დასძინა, რომ მისი როლი არ იყო ტრამპი საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში დაერწმუნებინა, არამედ ეჩვენებინა ბირთვული შეთანხმების მნიშვნელობა.
ირანის შეთანხმების შენარჩუნებისკენ მაკრონმა ამერიკელ კანონმდებლებსაც მოუწოდა. კონგრესში 49-წუთიანი გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ ირანი არასდროს არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს. „არც ხუთ წელიწადში, არც ათ წელიწადში და არც არასდროს“, უთხრა მან კანონმდებლებს.
ირანის ბირთვული შეთანხმება პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმეჯერ გააკრიტიკა.
Facebook Forum