ირანულმა ტანკერმა გიბრალტარის ტერიტორიული წყლები დატოვა

ირანულმა ტანკერმა, რომელიც გიბრალტარში ევროკავშირის სანქციების დარღვევისთვის იყო დაკავებული, მისი ტერიტორიული წყლები კვირას დატოვა. ბრიტანეთის ტერიტორიის უზენაესმა სასამართლომ გემი მაინც გაათავისუფლა, ამერიკის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ტანკერი შეეკავებინათ. ამერიკული მხარის მთავარი მოთოხვნა იმ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომ ტანკერზე არსებული ნავთობის სირიაში ჩატანა იგეგმებოდა.

საზღვაო ნავიგაციის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ტანკერმა სახელი "გრეის 1" შეიცვალა და "ადრიან დარია 1"-ის სახელით საბერძნეთის პორტისკენ გაეშურა, თუმცა ეს ცნობები ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

ტანკერი 4 ივლისს დააკავეს. მას ნავთობი, სავარაუდოდ, სირიისკენ მიჰქონდა - ამერიკისა და ევროკავშირის სანქციების დარღვევით. თუმცა, გასულ კვირას გიბრალტარის სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეიტლება მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეირანმა ოფიციალური რწმუნება წარადგინა, რომ ტანკერი სირიისკენ არ გაემართება. გიბრალტარის პრემიერ მინისტრმა განაცხდა, რომ აღარ არსებობდა გონივრული საფუძველი იმისა, რომ ეს ტანკერი კვლავ შეეყოვნებინათ.