ირანმა და ამერიკამ შესაძლოა მალე პატიმრები გაცვალონ

ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა თქვა, რომ თუ ვაშინგტონი კეთილ ნებას გამოიჩენს, შესაძლოა ირანმა და აშშ-მ მალე პატიმრები გაცვალონ. ეს განცხადება ირანის უზენაესი ლიდერის მინიშნებიდან მეორე დღეს გაკეთდა. მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა დასავლეთთან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიონ.

ასევე ნახეთ: ირანული წარმოშობის ამერიკელი ბაიდენის ყურადღების მისაქცევად, ციხეში შიმშილობს

ნასერ ქანაანიმ ყოველკვირეული სატელევიზიო პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა: „რაც შეეხება ამერიკასთან პატიმრების გაცვლას... მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით გრძელდება... თუ მეორე მხარე იგივე სერიოზულობას და კეთილ ნებას გამოიჩენს, ეს შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს.“

ირანში დაკავებულ რამდენიმე ამერიკელთაგან ერთ-ერთია სიამაკ ნამაზი, აშშ-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი, რომელსაც 2016 წელს, ჯაშუშობისთვის და აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.