ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა ისრაელში ნავთობისა და სურსათის ექსპორტი შეწყვიტონ. ის მოითხოვს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორი აღარ დაბომბოს.
ისრაელმა პირობა დადო, რომ დაჯგუფებას, რომლის წევრებმაც 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1 400 ადამიანი მოკლეს და ასობით მძევალი აიყვანეს, გაანადგურებს. ისრაელმა ღაზის უპრეცედენტო დაბომბვა დაიწყო და ანკლავს ალყა შემოარტყა. პალესტინელთა ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის იერიშებს 8 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე ნახეთ: ირანი ხელს უწყობს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას - თეთრი სახლიირანის სასულიერო ლიდერებმა ისრაელი იმ შესაძლო ესკალაციის შესახებ გააფრთხილეს, რაც პალესტინელთა წინააღმდეგ მისი აგრესიის გაგრძელებას მოჰყვება. ხელისუფლება მიანიშნებს ახლო აღმოსავლეთში თეირანის მიერ მხარდაჭერილ იმ ძალებზე, რომლებიც მისი თქმით, მოქმედებისთვის მზად არიან.
1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, პალესტინელთა მხარდაჭერა ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. შიიტურმა მუსლიმურმა თეოკრატიამ ამის საფუძველზე ირანი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინა.
ირანის უმაღლესმა ხელისუფალმა ჰამენეიმ შეერთებული შტატები, „პალესტინელთა წინააღმდეგ ისრაელის ბოლო დანაშაულების“ თანამონაწილედ გამოაცხადა.
„დასავლეთის ერთ-ერთი ურცხვი ქმედება, პალესტინელი მებრძოლების ტერორიზმში დადანაშაულებაა“, - თქვა ჰამენეიმ.
ისრაელი ირანის სასულიერო მმართველებს დიდი ხნის განმავლობაში სდებდა ბრალს ძალადობის გაღვივებასა და „ჰამასისთვის“ იარაღის მიწოდებაში. თეირანი არ უარყოფს და ადასტურებს, რომ ღაზის სექტორის მმართველ დაჯგუფებას "მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას" უწევს.