ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტმა მოსკოვში სირიასა და ახლო აღმოსავლეთში საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე და თანამშრომლობაზე ისაუბრა. ირანი და რუსეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერები არიან.
„ჩვენი საბოლოო მიზანი რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის გაძლიერებაა. ჩვენი კავშირების გამყარება არც ერთი მესამე ძალის წინააღმდეგ მიმართული არ არის,“ განაცხადა მოსკოვში ჩასულმა ირანის პრეზიდენტმა.
ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ირანს, როგორც რეგიონში მეგობრების გარეშე დარჩენილ სახელმწიფოს რუსეთის მხარდაჭერა სჭირდება.
„როჰანისთვის რუსეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეგიონში მისი როლის გამო,“ ამბობს ირინა ფედოროვა, რუსეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტიდან.
ექსპერტების შეფასებით პუტინის დომინანტობა სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა სირიაში ჩართულობა შეამცირა.
გასულ აგვისტოს რუსეთმა ირანის ნებართვით მისი სამხედრო ბაზიდან ასადის მხარდამჭერი საჰაერო ოპერაციების წარმოება დაიწყო.
ანა ბორჩევსკაია, ვაშინგტონში ბაზირებული ახლო აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტიდან ამბობს, რომ დამასკოს მხარდაჭერით რუსეთმა იხეირა:
„მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სირია დატოვა, პუტინმა არსებული ვაკუუმით ისარგებლა, მან გამოიყენა ძალის ვაკუუმი და თანმიმდევრულად იმოქმედა,“ ამბობს ბორჩევსკაია.
შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგი ეიფორიის მიუხედავად, რუსეთს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პრეზიდენტი ტრამპი კი ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრ მოქმედებებს ემხრობა.
თეირანს ასევე აწუხებს რუსეთის დამთბარი ურთიერთობა ისრაელთან.
„რუსეთმა და ირანმა კარგად მოახერხეს განსხვავებების გვერდზე გადადება, რადგან ორივეს საერთო ინტერესია რეგიონში დასავლეთის, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების გავლენის შემცირება. ამ ინტერესიდან გამომდინარე, ახლო მომავალში ამ ორი ქვეყნის უფრო დაახლოებაა მოსალოდნელი,“ ამბობს ბორჩევსკაია.