ირანმა ყოფილი ფეხბურთელის ოჯახი თვითმფრინავიდან გადმოსვა

ირანელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ალი დაეიმ, რომელმაც მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირა, თქვა რომ 26 დეკემბერს თვითმფრინავს, რომელიც თეირანიდან დუბაისკენ მიფრინავდა, მარშრუტი შეაცვლევინეს და მისი ოჯახის გადმოსმის ბრძანება გასცეს.

ირანის სასამართლოს განცხადებით, დაეის ცოლს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალა. ხელისუფლებამ Mahan Air-ის თვითმფრინავს, რომლითაც დაეის ცოლი და შვილი მგზავრობდა, უბრძანა რომ სპარსეთის ყურეში, ირანის კიშის კუნძულზე დაშვებულიყო.

მას შემდეგ რაც დაეიმ საპროტესტო აქციების მიმართ, სოციალურ მედიაში გამოხატა მხარდაჭერა, ხელისუფლებამ მისი საიუველირო მაღაზია და რესტორანი დახურა.

53 წლის დაეი, გერმანული ბუნდესლიგის ყოფილი თავდამსხმელია, რომელმაც საერთაშორისო დონეზე 109 გოლი გაიტანა. ის ირანის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფეხბურთელია.

ირანში საპროტესტო გამოსვლები, სექტემბერში, 22 წლის ქურთი ირანელი მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ არ შეწყვეტილა. ამინი თეირანში ქალების ჩაცმულობის მკაცრი წესის სავარაუდო დარღვევისთვის დააკავეს. ის პატიმრობაში გარდაიცვალა. თეირანი აქციებს რეჟიმის წინააღმდეგ, „მასობრივ არეულობებს“ უწოდებს.

უფლებადამცველი ჯგუფი HRANA აცხადებს, რომ აქციებზე დაახლოებით 18,500 ადამიანი დააკავეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი უმეტესობა გაათავისუფლეს.

დაპატიმრებების გარდა, ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო ათეულობით ხელოვანს, აქტივისტს, ჟურნალისტს და ცნობილ ადამიანს სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა.

ასევე ნახეთ: ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფი: დაღუპულია სულ მცირე 201 დემონსტრანტი და 23 ბავშვი