ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი აცხადებს, რომ თეირანი ბირთვული შეთანხმების პირობების შეცვლას არ დათანხმდება. ეს განცხადება ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ვიზიტს მოჰყვა, რადგან შეთანხმების დასავლელი ხელმომწერები დონალდ ტრამპის დასაწრმუნებლად ცვლილებების პაკეტს ამზადებენ.
პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმება წარსულში არაერთხელ გააკრიტიკა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 12 მაისამდე მიიღებს. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ემანუელ მკარონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპთან შეხვედრაზე „ახალ შეთანხმებაზე“ ისაუბრა.
„ირანი არ მიიღებს არსებული შეთანხმების არანაირ ცვლილებას“ - განაცხადა ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის მრჩეველმა ალი აკბარ-ველაიატიმ. მრჩევლის განცხადებას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს.
„თუ ტრამპი შეთანხმებას დატოვებს, ირანიც იგივეს იზამს. ირანი არ დათანხმდება შეთანხმებას, რომელსაც მისთვის სარგებელი არ მოაქვს“, უთხრა ჟურნალისტებს ველაიატიმ.
მაკრონის შეთავაზების თანახმად, შეერთებული შტატები და ევროპა თანხმდებიან, რომ ხელს შეუშლიან ირანის ბირთვულ პროგრამას 2025 წლამდე. ეს გეგმა ასევე მოიცავს ირანის შეკავებას იემენში, სირიაში, ერაყსა და ლიბანში.
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი ევროპა შეთანხმებაში არსებულ „საშინელ შეცდომებს“ არ გამოასწორებს, შეერთებული შტატები შეთანხმებას დატოვებს.
2015 წელს შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, რუსეთთან და ჩინეთთან დადებული შეთანხმებით თეირანმა პირობა დადო, რომ ბირთვულ პროგრამას შეაჩერებდა. სანაცვლოდ კი, 2016 წლის იანვარში, თეირანზე დაწესებული სანქციების უმეტესობა მოიხსნა.
ევროპის კავშირი აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება ჩინეთის და რუსეთის პოზიციას შეთანხმების შენარჩუნების შესახებ, თუმცა გამოხატავს შეშფოთებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე და მის როლზე ახლო აღმოსავლეთში.
„ირანზე სანქციების შენარჩუნება თეირანისთვის მიუღებელი იქნება“, განაცხადა ველაიატიმ და დასძინა, რომ ტრამპის დასაწრმუნებლად შეთანხმების შეცვლა „არაეფექტური იქნება“.
ველაიატიმ ასევე განაცხადა, რომ თეირანი არ არის დაინტერესებული რეგიონში მისი გავლენის გაზრდით, როგორც ამას შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ამტკიცებენ.
სირიის სამოქალაქო ომში ირანი მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ერაყში შიიტ სამხედრო დაჯგუფებას, მეამბოხეებს იემენში და „ჰეზბულას“ ლიბანში.
ტრამპი ირანს განიხილავს, როგორც მზარდ საფრთხეს. ამის გამო, მან პირობა დადო, რომ სპარსეთის ყურეში არაბულ სახელმწიფოებთან და ისრაელთან ითანამშრომლებს ირანის რეგიონული ლიდერობის თავიდან ასაცილებლად.
ტრამპის მიერ ბირთვული შეთანხმების კრიტიკას ისრაელი და საუდის არაბეთი მიესალმებიან.