ოთხშაბათს, ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა სპარსეთის ყურეში, სადავო კუნძულებთან მოულოდნელი სამხედრო წვრთნები დაიწყო, სწორედ იმ დროს, როდესაც თეირანის მიერ ყურეში გემის ბოლოდროინდელი დაბლოკვის გამო, ამერიკელი სამხედროები რეგიონში თავის წარმომადგენლობას აძლიერებენ.
წვრთნები ძირითადად ფოკუსირებულია აბუ მუსას კუნძულზე, თუმცა მცველთა კორპუსმა თავისი ძალები დიდი ტუნბის კუნძულზეც ასევე გადასხა, იტყობინება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.
სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, წვრთნებში მონაწილეობას იღებს მცირე ზომის სწრაფი კატარღების ნაკრები, მედესანტეებთან, დრონებთან და სატვირთო მანქანებით გაშვებულ მიწა-ზღვა სარაკეტო სისტემებთან ერთად.
ასევე ნახეთ: თეთრი სახლი: ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო პარტნიორობა გაღრმავდა”ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ უსაფრთხოებისა და სიმშვიდისთვის; ეს არის ჩვენი გზა”, - თქვა კორპუსის უფროსმა, გენერალმა ჰოსეინ სალამიმ სატელევიზიო მიმართვაში. „ჩვენი ერი ფხიზლადაა და ის მკაცრად პასუხობს ყველა საფრთხეს, რთულ აჯანყებისკენ მოწოდებებს, საიდუმლო სცენარებსა და მტრულ მოქმედებებს“, - თქვა მან და აღნიშნა: „აბსოლუტურად არ არის საჭირო რეგიონში ამერიკის ან მისი ევროპელი ან არაევროპელი მოკავშირეების ყოფნა”.
წვრთნები იმ ფონზე იმართება, როცა ათასობით საზღვაო ქვეითი და მეზღვაური ამერიკული ამბიფიური საიერიშო გემით USS Bataan და სადესანტო ხომალდ USS Carter Hall-ით, სპარსეთის ყურისკენ მიემართებიან. შეერთებულმა შტატებმა რეგიონში უკვე გაგზავნა A-10 Thunderbolt II საბრძოლო თვითმფრინავები, F-16 და F-35 გამანადგურებლები და ასევე USS Thomas Hudner საესკადრო ნაღმოსანი.
პენტაგონმა განაცხადა, რომ ძალების განლაგება არის პასუხი „ირანის ბოლო მცდელობაზე, საფრთხე შეუქნას თავისუფალ ვაჭრობას ჰორმუზის სრუტეში და მის მიმდებარე წყლებში“.
ასევე ნახეთ: ირანი და საუდის არაბეთი ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენმსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% ამ ვიწრო საზღვაო გზაზე გადის, რომელიც სპარსეთის ყურეს დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებს. ვაშინგტონი მას როგორც საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ასევე გლობალური ენერგიის ფასების სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს .
წვრთნები აბუ მუსასა და დიდი ტუნბის კუნძულებზე, რეგიონის ქვეყნებისადმი თეირანის კიდევ გზავნილიცაა . კუნძული სადაო საკითხია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ირანს შორის. ირანის ყოფილმა შაჰმა კუნძულები 1971 წელს დაიკავა, სანამ არაბეთის გაერთიანებული საამიროები დამოუკიდებელი ქვეყანა გახდებოდა და მას შემდეგ ამ კუნძულებს, მცირე ტუნბის კუნძულთან ერთად, თეირანი აკონტროლებს.