ირანის უზენაესმა ლიდერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქალებს საჯარო ადგილებში თავსაბურის მოხვევა სექსუალური შევიწროებისგან დაიცავს. აიათოლა ალი ხამენეიმ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში ჰიჯაბი აქო და თქვა, რომ ეს არის მუსლიმ ქალთა პასუხი მოძრაობაზე სახელწოდებით “მეც” (#Metoo), რომელიც შეერთებულ შტატებში დაიწყო და შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.
ხამენეიმ ძალადობას “უბედურება” უწოდა, რომელიც “დასავლეთის ქალებზე უთვალავი სექსუალური შევიწროების” ფაქტებმა გამოიწვია. დღეს ზუსტად ერთი წელი სრულდება გლობალური კამპანიის “მეც” დაწყებიდან.
5 ოქტომბერს “ნიუ-იორკ თაიმსში” პირველად გამოქვეყნდა მასალა ჰოლივუდის უზომოდ გავლენიან პროდიუსერ ჰარვი უაინსტინზე, რომელსაც ცნობილი მსახიობები ძალადობაში სდებდნენ ბრალს. ამ ფაქტის შემდეგ დაწყებულმა მოძრაობამ ხელ-ფეხი გაუხსნა ბევრ ქალს, ვინც სექსუალურ შევიწროებაზე ახლა უკვე საჯაროდ საუბრობს და საკუთარ თავდამსხმელებს ამხელს.