ირანი ბირთვული დიპლომატიის განახლების საკითხზე დამაიმედებელ ნიშნებს ამჟღავნებს

ხუთშაბათს, ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ თქვა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ირანმა დამაიმედებელი ნიშნები გამოავლინა იმის თაობაზე, რომ ბირთვულ დიპლომატიას განაახლებს და არაფორმალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

წყარომ ჟურნალისტებს უთხრა: “საქმე სწორი მიმართულებით მიდის და ამ კვირაში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეში დადებითი სიგნალები გვქონდა.”

ასევე ნახეთ: ირანი აცხადებს, რომ მიწისქვეშა ბირთვულ ნაგებობაში ურანით გამდიდრება განაახლა

ამ დრომდე, ირანი მსოფლიოს სახელმწიფოებთან და შეერთებულ შტატებთან, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გაცოცხლების თაობაზე არაფორმალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.

წყარომ იქვე დაამატა, რომ მიზანი იყო 20 მარტამდე, ირანული ახალი წლის - ნოვრუზის - დადგომამდე, ყველა მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდა.

წყაროს ინფორმაციით, ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გადაწყვიტეს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ირანის მიმართ კრიტიკული რეზოლუციის შეტანა დაეყოვნებინათ, რათა შანსი მიეცათ დიპლომატიისთვის და არაფორმალური ბირთვული შეხვედრის პერსპექტივისთვის ზიანი არ მიეყენებინათ.