პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი პრეზიდენტს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ესაუბრა. პირველ ნაწილში პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებს განიხილავს. ინტერვიუს მეორე ნაწილში კი, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ, მარგველაშვილი საქართველოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყრის კენჭს.

ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა დრო რომ გამონახეთ და ჩვენთან მოხვედით. თქვენი ვიზიტით დავიწყოთ - ფორუმში მონაწილეობდით - ამ ფორუმზე გვითხარით.

პირველ რიგში მოგესალმებით - მივესალმები მაყურებელს. ეს არის ფორუმი, რომელიც ნიზამი განჯავის ფონდის მიერ ხორციელდება, ფორუმი, რომელშიც მე ტრადიციულად ვმონაწილეობ. ფორუმის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი პოზიცია, ჩვენი პრობლემატიკა უფრო აქტუალურად გავაჟღეროთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც ეხება ჩვენს რეგიონს, საქართველოს გლობალურ სტაბილურობას და უსაფრთხოების საკითხებს.

ეს ფორუმი ტარდება ნიუ-იორკში, მაშინ როდესაც ნიუ-იორკს [გაეროს გენერალური ასამბლეის დროს] ეწვევა არაერთი პრეზიდენტი და მაღალი რანგის პოლიტიკოსი. ბუნებრივია, აგრეთვე ამ ფორუმში მონაწილეობის კონტექსტში მე აქ ჩემი მეგობრები, სხვა ქვეყნის პრეზიდენტებიც უნდა ვნახო. ეს ის ადგილია, სადაც საქართველოს რადარებზე უფრო აქტიურად წარმოჩენის შესაძლებლობა ძალიან რეალისტურად დგება.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის ქვეყანა ვართ, [საქართველო] არის უმნიშვნელოვანესი. პირველი, არის ის ნეგატიური ასპექტი, რომელიც საქართველოს ამ თვალსაზრისით მიეწერება და ეს არის ის, რომ საქართველო არის რუსეთის საგარეო აგრესიული პოლიტიკის უშუალო და პირველი ყველაზე ნათელი მსხვერპლი.

გლობალური უსაფრთხოება, ალბათ, ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც აქტიურად საუბრობთ, მით უმეტეს, რომ 50-ზე მეტი ქვეყნის მიმდინარე ან ყოფილი სახელმწიფო ლიდერი მონაწილეობს ამ ფორუმში. რამდენად ჩანს საქართველო, როგორც გლობალური უსაფრთხოების აუცილებელი ნაწილი?

საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ნაწილი. რამდენად ჩანს და რამდენად გამოჩნდება - ეს ჩვენი მიზანი და ჩვენი მუშაობის მიმართულება უნდა იყოს. მაგრამ საქართველოს კონტექსტი, გლობალურ უსაფრთხოებაში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის ქვეყანა ვართ, არის უმნიშვნელოვანესი. პირველი, არის ის ნეგატიური ასპექტი, რომელიც საქართველოს ამ თვალსაზრისით მიეწერება და ეს არის ის, რომ საქართველო არის რუსეთის საგარეო აგრესიული პოლიტიკის უშუალო და პირველი ყველაზე ნათელი მსხვერპლი. საქართველოს მაგალითზე შეიძლება ნათლად დავინახოთ ის, თუ როგორია რუსეთის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მას ეხსნება საშუალება მოქმედებისთვის და რას ხედავენ სამწუხაროდ რუსი პოლიტიკოსები თავისი სახელმწიფოებრივი და საგარეო პოლიტიკის ქმედების თვალსაზრისით და მარტივად რომ შევაფასოთ, ეს არის მეზობელი ქვეყნისთვის თავისუფალი არჩევანის აკრძალვა ძალადობრივი გზით.

ეს არის ის, რაც დაიწყო ჩვენთან 1990-ანებში, ის, რაც მოხდა 2008-ში. სამწუხაროდ, იგივე სცენარი განმეორდა უკრაინაში 2014-ში. ეს არის ერთი ნეგატიური კონტექსტი და ამ კონტექსტის გააზრება არის პრობლემების გადაწყვეტის წინაპირობა.

მეორე კონტექსტი არის ჩვენი, როგორც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ქვეყნის კონტექსტი რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამ მხრივაც, საქართველო არის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გლობალური ევრაზიული თანამშროლმლობის, ეკონომიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქმნის ალტერნატივას.

მესამე, საქართველო, როგორც პასუხისგებლიანი მოთამაშე გლობალურ უსაფრთხოებაში. ჩვენი მებრძოლები არა მხოლოდ ავღანეთში, მალისა და აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, არამედ ათწლეულების განმავლობაში - ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან - და ეს უკავშირდება წინა პრეზიდენტებს, მათ გადაწყვეტილებებს - პასუხისმგებლიან როლს თამაშობდნენ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში. ათწლეულების განმავლობაში გლობალურ უსაფრთხოებაში ჩვენ ჩვენი პოზიტიური წვლილი შეგვქონდა.

ამ სამივე ნაწილში საქართველოს ძალიან მნიშნვნელოვანი როლი აკისრია.

საქართველოს აღიარება და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბრძოლის შედეგადაა მოპოვებული. ის, რა დონის მხარდაჭერაც ჩვენ გვაქვს გაეროში, ის, რა დონის მხარდაჭერაც გვაქვს არაღიარების პოლიკასთან მიმართებით, ის, რა დონეზეც ვართ შეფასებული როგორც ლიდერი ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, ის, რა მაღალ შეფასებასაც გვაძლევენ ნატოში იმ ქალებისა და კაცების და მებრძოლების მუშაობის შედეგიცაა, როლებიც ჩვენს ინტერესებსა და გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს ცხელ წერტილებში.

ამას თუ აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა?

მოდით იქიდან დავიწყოთ, რაც ბოლოს მოგახსენეთ. საქართველო გლობალური უსაფრთხოების პროცესში თავისი წვლილის შემტანია. ყოველგვარი ბუღალტერიისა და ჩათვლების გარეშე რომ გიპასუხოთ, ჩვენ, ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ძალიან ბევრი შევიტანეთ გლობალურ უსაფრთხოებაში, მაგრამ პირველივე დღეებიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა, ჩვენი უსაფრთხოება რუსეთის სახელმწიფოს მიერ იქნა შელახული.

მე ვფიქრობ, რომ ეს სქემები ასე პირდაპირი გათვლებით არ ლაგდება. საქართველოს აღიარება და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბრძოლის შედეგადაა მოპოვებული. ის, რა დონის მხარდაჭერაც ჩვენ გვაქვს გაეროში, ის, რა დონის მხარდაჭერაც გვაქვს არაღიარების პოლიკასთან მიმართებით, ის, რა დონეზეც ვართ შეფასებული როგორც ლიდერი ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, ის, რა მაღალ შეფასებასაც გვაძლევენ ნატოში იმ ქალებისა და კაცების და მებრძოლების მუშაობის შედეგიცაა, როლებიც ჩვენს ინტერესებსა და გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს ცხელ წერტილებში.

თქვენ საშუალება გქონდათ გემუშავათ ამერიკის როგორც წინა, ასევე მოქმედ ადმინისტრაციასთან. ხედავთ თუ არა რაიმე სახით - როგორი იყო საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მაშინ და როგორია დღეს?

საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა არის მდგრადად სტაბილური და სტაბილურობა სულ უფრო ღრმავდება. ეს სტაბილურობა იწყებოდა ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე წლებში - მაშინ, როცა ხდებოდა ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შეხედულებების, ჩვენი ბრძოლის შინაარსის გაცნობა. ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ, დაკარგა გმირი - ჯონ მაკკეინი - რომელიც საქართველოს ეროვნული გმირიც არის. ასეთი კონტაქტებით, ასეთი პიროვნული ურთიერთობებით, რომლებიც ნელ-ნელა ყალიბდებოდა, შეერთებული შტატებიც იცნობდა საქართველოს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანას, რაც მათთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

ეს ურთიერთობები, რომლებიც ხშირად იწყებოდა პიროვნული ურთიერთობებით, მათ შორის, პოლიტიკოსებს შორის პიროვნული ურთიერთობებით, ღრმავდებოდა და არის სტაბილური.

ჩვენი სახელმწიფოს ამ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა უაღრესად პოზიტიურად შეიძლება იქნას განხილული ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ჩვენ შეერთებული შტატების კონგრესში გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. იყო არაერთი რეზოლუცია, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. სულ ცოტა ხნის წინ, დარეგისტრირდა საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელსაც ასევე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ჩვენ ღიად გვღებულობს შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა.

მით უმეტეს, ამ ადმინისტრაციამ რაღაც ისეთი გააკეთა, რაც აქამდე არც-ერთ ადმინისტრაციას გაუკეთებია - საქართველოს მიყიდა თავდაცვითი იარაღი, რასაც საქართველო ამდენი ხანი, დიდხანს ცდილობდა.

ამ ადმინისტრაციამ მიჰყიდა საქართველოს თავდაცვითი იარაღი და ეს მნიშვნელოვანი შენატანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის კონტექსტში. ნატოსთან თანამშრომლობის ჩვენს პაკეტში, რომელიც უმნიშვნელოვანესია, შეერთებული შტატების როლის არ გათვალისწინება შეუძლებელია. ჩვენ, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვზრდით და ვაღრმავებთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პროგრამას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ადმინისტრაციის პრობებში იქნა მიღებული ბიუჯეტის კანონი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ადმინისტრაციის კონტექსტში მიმდინარეობს მუშაობა ახალ მიმართულებებზე და ახალ დინამიკაზე.

მე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაცია. ჩვენ შეერთებული შტატების კონგრესში გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. იყო არაერთი რეზოლუცია, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. სულ ცოტა ხნის წინ, დარეგისტრირდა საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელსაც ასევე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, ჩვენ ღიად გვღებულობს შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა მიუხედავად შიდაპოლიტიკური განსხვავებებისა. ბუნებრივია, ამ ადმინისტრაციის დღის წესრიგი და წარმატებები, რომლებსაც სწორედ ამ ადმინისტრაციის დროს მივაღწიეთ, ჩვენ ძალიან გვახარებს.

თუმცა, ამ ადმინისტრაციამ, უფრო სწორედ პრეზიდენტმა ტრამპმა, არაერთხელ დასვა კითხვის ნიშანი ნატოსთან დაკავშირებით, არაერთხელ დააყენა ეჭვის ქვეშ ამერიკის ნატოში მონაწილოება და ზოგადად, ალიანსის ღირებულება მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ამ კონტექსტში, როგორ ხედავთ ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე? გაწევრიანების მიმართ?

მე მესმის თქვენ რასაც ბრძანებთ და რა პოზიციიდანაც აფასებთ ამ ვითარებას. თუმცა, მე ცოტა ხნის წინ, შესაძლებლობა მქონდა მონაწილე ვყოფილიყავი იმ დისკუსიებისა და დიალოგისა, რომელზეც თქვენ საუბრობთ ნატოს სამიტზე. მე მინდა გითხრათ, რომ პირადად მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ძალიან ბუნებრივად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს.

საქართველო, როგორც ნატოს კონტრიბუტორი და იმ განხილული სტანდარტების კონტექსტში, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტიდან სამხედრო ბიუჯეტის ორ პროცენტიანი დაფინანსება -მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი ძალიან ბუნებრივად ვგრძნობდი თავს.

ეს ის ნაწილებია, სადაც საქართველოც ნატოს წევრების ანალოგიურად იქცევა - აკეთებს ორი პროცენტის კონტრიბუციას და ამ ორი პროცენტიდან 20 პროცენტს მიმართავს შეიარაღების შესყიდვასა და გაძლიერებაზე და სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი არის ავღანეთის მისიაში.

ის პოზიციაც, რაც იყო ნატოს სამიტზე შეერთებული შტატების დელეგაციის მხრიდან დაფიქსირებული არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები და უფრო გაერთიანებულები იმისთვის, რომ ნატოს გამოწვევებს და ნატოს ქვეყნების რუსეთისგან დამოუკიდებლობას უკეთესად გავართვათ თავი, ეს სიტყვები საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტისთვის, ნებისმიერი ქართველისთვის გასახარია. მეტი დამოუკიდებლობა რუსეთისგან და მეტი შეიარაღება ეს არის ის, რაც ჩვენ გულზე დადებითად გვხვდება.

ისურვებდით თუ არა უფრო მეტ ჩართულობას შეერთებული შტატებისგან - ალბათ კი - და თუ ისურვებდით, რაში შეიძლება ეს გამოიხატოს?

სანამ საქართველო არ გახდება ნატოს წევრი, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, მე ყოველთვის ვიქნები შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობის დონით უკმაყოფილო. მე ყოველთვის მოვითხოვ მეტს და შესაძლოა, ხშირად გადავამეტებ ამ მოთხოვნას. ამ მოთხოვნის მოტივაცია მოდის იქიდან, რომ მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს ინტერესებიდან ვლაპარაკობ.

როგორც მოგახსენეთ, ჩვენი სამუშაო დღის წესრიგი მდგომარეობს შემდეგში: - ეს არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც არის ახლა რეგისტრირებული და რომელსაც უფრო სწრაფად მიღება და გატარება სჭირდება. ბუნებრივია, ეს არის დაცულობის გარანტიები. საქართველო თამაშობს მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში სტბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. გლობალური თანამშრომლობა, რეგიონის სტაბილურობა, დემოკრატიული სახელმწიფოს შესაძლებლობის დაფიქსირება და მხარდაჭერა იმ ერისა და ქვეყნისა, რომელიც ასე მტკიცედ დგას გაზიარებული ღირებულებებისთვის. ეს, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესებში. ეს არის რეგიონის, დასავლეთის, შეერთებული შტატების ინტერესში იმისთვის, რომ სტაბილურობა და სტაბილურობის პროექცია განხორციელდეს ეფექტურად. მე ყოველთვის მოვითხოვ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მეტ ჩართულობას, მეტ აქტიურობას ყველა ფორმატში, როგორც ნატოში, ევროკავშირსა და ორმხრივ ურთიერთობაში.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ინტერვიუს მეორე ნაწილი, რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკას და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.