ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კარი გაიჯახუნა


გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზს ტოვებს
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზს ტოვებს

უპრეცედენტო დემარშით დასრულდა საქართველო პრეზიდენტის რანგში, გიორგი მარგველაშვილის ბოლო ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის პარლამენტში. პრეზიდენტმა დასკვნითი სიტყვა აღარ წარმოთქვა, სხდომათა დარბაზის კარი გაიჯახუნა, ქუთაისი დატოვა და ასე გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებთან დებატებში ჩართვის უფლება არ მიეცა.

დემარშს წინ უძღოდა 23 წუთიანი ყოველწიური მოხსენება, რომელშიც დასმული ძირითადი აქცენტების გამო მარგველაშვილი ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. „მოკლე“, „ზედაპირული“, „პოპულისტური“, „უშინაარსო“,„ხელოვნურად დაბალანსებული“ - ასე შეაფასა პრეზიდენტის დასკვნითი გამოსვლა, როგორც მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ.

ოპოზიციური ძალებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილმა ერთხელაც არ ახსენა „ბიძინა ივანიშვილი და ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობა“, „კრიმინალის მკვეთრი ზრდა“, ძალიან მცირე დრო დაუთმო „სიღარიბისა“ და „მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის“ მიზეზებზე საუბარს.

„ქართული ოცნების“ „იმედგაცრუების“ მიზეზი კი ის გახდა, რომ, პრეზიდენტმა მმართველი პარტია "დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებაში", კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის „მორგებაში“, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაში, უშიშროების საბჭოს გაუქმებაში, მედიაზე ზეწოლაში, განათლების რეფორმის დამუხრუჭებაში, სასამართლოს „მოთვინიერებაში", "პროკურატურის და სხვა ორგანოების წინა რეჟიმის მოძალადეებით" მართვაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბრძანა, რომ ბოლო წლებია, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში პოლიტიკური კლასის გაქრობის მიზნით მიზანმიმართულ პოლიტიკას ეწევა:

პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს. ამ თვალსაზრისით, როდესაც ვუყურებ, თუ რა მოხდა 2016 წელს, ვხედავ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებით პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა მოხდა"
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„პოლიტიკური ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკოსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას ასუსტებს. ამ თვალსაზრისით, როდესაც ვუყურებ, თუ რა მოხდა 2016 წელს, ვხედავ, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებით პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა მოხდა, მიზანმიმართულად დასუსტდნენ საქართველოს პოლიტიკური სივრცის მთავარი მოთამაშეები.“

პრეზიდენტის რანგში, 2 მაისის ყოველწლიური მოხსენება გიორგი მარგველაშვილისთვის რიგით მეხუთე იყო. პირველად ამ სახის მოხსენებით იგი პარლამენტის წინაშე 2014 წლის 21 თებერვალს წარსდა.

მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მას ქუთაისში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში შეეგება და დარბაზში შეუძღვა. პრეზიდენტმა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებს ჩამოართვა ხელი, მისი მოხსენება 47 წუთს გაგრძელდა. მარგველაშვილის პირველ გამოსვლას დემოსტრაციულად არ დაესწრო პრემიერი ღარიბაშვილი და მისი კაბინეტის წევრები, თუმცა, საპარლამენტი უმრავლესობას მოხსენება მოეწონა, პრეზიდენტს ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვა.

2015 წელს, როცა პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის დაპირისპირება უფრო გაღრმავდა, მისი მოხსენება რამდენჯერმე გადაიტანეს. საბოლოოდ მარგველაშვილს გამოსვლის უფლება 31 მარტს მიეცა. პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზში შესვლისას ხელი ამჯერად უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებსაც ჩამოართვა, 53 წუთის მანძილზე მოხსენებას ნახევრად ცარიელი დარბაზი ისმენდა, პარლამენტში ისევ არ მივიდნენ პრემიერი და მთავრობის წევრები. მარგველაშვილმა პირველად გააკრიტიკა მთავრობა, დებატები არ გამართულა.

2016 წლის 3 თებერვალს, მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პირველად დაესწრნენ პრემიერი კვირიკაშვილი და მინისტრები, მოხსენების გაცნობას მარგველაშვილმა 55 წუთი მოანდომა, დებატები კვლავ არ გამრთულა, პრეზიდენტმა მმართველ ძალას საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მოუწოდა.

2017 წლის 7 აპრილს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესულ მარგველაშვილს სულ ორმა დეპუტატმა ჩამოართვა ხელი, მთავრობამ 29 წუთიანი მიმართვა ბოლომდე მოისმინა. 2018 წლის 2 მაისს კი პრეზიდენტს სხდომათა დარბაზში ხელი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გაუწოდა, ყველაზე მოკლე 23 წუთიან გამოსვლას პრემიერი და მინისტრები დაესწრნენ, თუმცა მათ ქუთაისი დებატების დაწყებამდე დატოვეს.

მართალია, პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მმართველობაში დადებით ტენდენციებსაც გაუსვა ხაზი (უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, NATO-ს წვრთნები საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმატება, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ჩინეთთან, რუსეთთან სტრატეგიული თმენის პოლიტიკა), თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან „საარტილერიო დაბომბვა“ თავიდან მაინც ვერ აიცილა.

პრეზიდენტ მარგველაშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან რამდენჯერმე შეახსენეს - „შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტი“, მათ შორის პირველი ლედის ძმის ციხიდან ვადაზე ადრე გაშვება; ძვირადღირებული მივლინებები უცხოეთის ქვეყნებში; „მიხეილ სააკაშვილის სასახლეში შესვლა“ და „ფუფუნებაში ცხოვრება“. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტს პოლიტიკურ „ღალატში“ დასდო ბრალი:

სწორედ ქართული ოცნების ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტი, რომელ ერთობასაც პირველ თანამდებობრივ გზაგასაყართან გვერდი აუქციეთ. იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყავით იმ გუნდთან ერთად, სადაც ეს ღირებულებები შეიქმნა, თქვენ მიხეილ სააკაშვილის სასახლეში შესვლა არჩიეთ"
დიმიტრი ხუნდაძე, "ქართული ოცნების" დეპუტატი

„სწორედ ქართული ოცნების ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტი, რომელ ერთობასაც პირველ თანამდებობრივ გზაგასაყართან გვერდი აუქციეთ. იმის ნაცვლად, რომ ყოფილიყავით იმ გუნდთან ერთად, სადაც ეს ღირებულებები შეიქმნა, თქვენ მიხეილ სააკაშვილის სასახლეში შესვლა არჩიეთ. თქვენ ხელიდან გაუშვით „ქართული ოცნებისა“ და საზოგადოების მოცემული შანსი, ჩამოყალიბდით, როგორც ოპოზიციონერი პრეზიდენტი.“

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად ჯერ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, შემდეგ კი ქუთაისი მას შემდეგ დატოვა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრით უარი თქვა რეგლამენტის შეცვლაზე და მას დეპუტატებთან დებატების საშუალება არ მისცა. პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების დღე კი „ცალ კარში თამაშით“ გაგრძელდა და ასევე დასრულდა.

დასკვნითი 30 წუთიანი სიტყვა გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარმოთქვა, რომელმაც მარგველაშვილის მოხსენებას „არა პოლიტიკური ძალების და საზოგადოების გამაერთიანებლის, არამედ რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება“ უწოდა.

XS
SM
MD
LG