"პუტინი ომსა და იმპერიალისტურ ამბიციებს მხოლოდ მაშინ დათმობს, თუ გააცნობიერებს, რომ ამ ომს ვერ მოიგებს. ის არა მხოლოდ უკრაინას ანადგურებს, არამედ - საკუთარ ქვეყანასაც ანგრევს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ამ ფონზე, შოლცზე ზეწოლა იზრდება, რომ გერმანიამ უკრაინას უფრო მეტი ჯავშანტექნიკა მიაწოდოს.
რას ნიშნავს შოლცის განცხადება უკრაინისთვის და რუსეთისთვის? რამდენად შეესაბამება გერმანიის ნაბიჯები კანცლერის სიტყვებს, როცა საქმე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიცემას ეხება? რა იარაღი გადასცა გერმანიამ უკრაინას ამ დროისთვის და რის გადაცემა იგეგმება ჯერ კიდევ? ასევე, როგორ გადაატარებს გერმანია ზამთარს რუსული გაზის გარეშე? - ამ და სხვა კითხვებს გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკო ლანგე პასუხობს. ის საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფომ რუსეთის ათასობით მოქალაქის ქვეყანაში შეშვებასთან დაკავშრებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. გერმანიის თავდაცვის პოლიტიკის, რუსეთისა და უკრაინის საკითხების ექსპერტს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო ნიკო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. კანცლერმა შოლცმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა და უკვე მეორედ თქვა, რომ უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს. თქვენი აზრით, გერმანიის მთავრობა საკმარისს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს?
ვფიქრობ კარგია, რომ კანცლერი შოლცმა და გერმანიის მთავრობამ მკაფიო მიზნები გამოაცხადეს. მათ ამისთვის დრო დასჭირდათ, მაგრამ კარგია იმის თქმა, რომ უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს და რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს ომში გამარჯვების შესაძლებლობები. ვფიქრობ, მთავრობას შეუძლია მეტის გაკეთება და მან მეტი უნდა გააკეთოს. როცა საქმე არტილერიას ეხება, გერმანია მეტს აკეთებს, თუმცა როცა საქმე ჯავშანმანქანებს და ტანკებს ეხება, ვფიქრობ გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს ამ მიმართულებით. გერმანიაში ამ თემაზე დისკუსია მიმდინარეობს და მთავრობაზე ისევ დიდი ზეწოლაა, რომ მან უკრაინას ჯანვშანმანქანები და ტანკები მიაწოდოს.
ამაზე მმართველ კოალიციაში დებატები გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მედიაზე დაყრდნობით, მთავრობამ გადაწყვეტილების მიღება ახლა პარლამენტს გადააბარა. თუ შეიძლება, განმარტეთ ეს - რას ნიშნავს ეს ყველაფერი უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემის თვალსაზრისით, მთავრობამ ამაზე უარი თქვა?
ასევე ნახეთ: რუსეთი: ზაპორიჟიის ელექტროსადგური ახლა რუსეთის ტერიტორიაზეაუკრაინას ჩვენგან მძიმე შეიარაღება უკვე მიეწოდება. ამაში შედის გეპჰარტები, რომელიც ძალიან ეფექტური ანტი-საჰაერო იარაღია, ასევე არტილერია და სარაკეტო არტილერია. მაგრამ პრობლემა უკავშირდება ჯავშანმანქანების და ტანკების მიწოდებას, როგორიცაა "მარდერები" და "ლეოპარდები". კანცლერმა შოლცმა და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ამაზე უარი არ თქვეს, თუმცა აცხადებენ, რომ ამ აღჭურვილობის გადაცემა პარტნიორებთან ერთად უნდა მოხდეს. ჩემთვის მიუღებელი ის არის, რომ ისეთი ზომის და ეკონომიკური ძალის მქონე ქვეყანა, როგორიც გერმანიაა, არ უნდა ელოდებოდეს, რას გააკეთებენ პარტნიორები და შემდეგ ცოტას თვითონაც აკეთებდეს. აქამდე იკვეთება ტენდენცია, რომ როცა სოციალ-დემოკრატებზე პარტნიორები, შეერთებული შტატები და გერმანული საზოგადოება ზეწოლას ახდენენ, კანცლერი შოლცი და პარტია გადაწყვეტილებებს იღებენ.
ფიქრობთ, რომ ჯერ ისევ არსებობს შანსი, რომ უკრაინამ გერმანიისგან ის შეიარაღება (ტანკები) მიიღოს, რომელსაც ის ამდენი ხანია ითხოვს?
Your browser doesn’t support HTML5
უდავოდ - კი. ბევრი მაგალითია იმის, რომ ის, რასაც გერმანია დღეს აკეთებს, რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. მე პირადად მჯერა, რომ ეს პროცესები უფრო სწრაფად უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ თუ ისინი სწორ დასკვნებამდე მიდიან, ამას წახალისება და მხარდაჭერა სჭირდება. მაგალითად, იმის მიუხედავად, რომ უკრაინას შეიარაღება მიეწოდება, რუსეთმა ესკალაციის ნაცვლად, უკრაინელების მხრიდან თავდასხმების შიშით, ზღვიდან წყალქვეშა ნავები გაიყვანა. ამან გერმანიის მთავრობას ახალი იდეებისკენ და ახალი დისკუსიებისკენ უნდა უბიძგოს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ გერმანია უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის.
ეს უკრაინელებისთვის არაჩვეულებრივი იქნება. თუმცა, ზოგჯერ კანცლერის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი სიტყვები გერმანიის მოქმედებებს არ ასახავს.
ამას ვეთანხმები, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ თავდაცვის მხრივ, უკრაინისთვის გაწეული დახმარება იმაზე კარგია, ვიდრე - [ამ კუთხით] გერმანიის რეპუტაცია. გერმანია ბევრს აკეთებს, როგორც აქამდე ვთქვი, არტილერიით დახმარების მხრივ. ასევე, ამ დრომდე უკვე გადაცემულია 50 დინგოს ტიპის ჯავშანმანქანა და ანტი-საჰაერო სისტემები. ვფიქრობ პრობლემა ისაა, რომ გადაწყვეტილებების განხილვა ძალიან ნელა ხდება და დახმარება ფრაგმენტულია. ჩემი შეთავაზება იქნებოდა, რომ შემუშავდეს სისტემატური მიწოდება პარტნიორებთან და ინდუსტრიასთან კოორდინაციით. ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად იქნება საჭირო იმ ქვეყნების დახმარება, რომლებსაც განვითარებული ინდუსტრიები აქვთ. გერმანიას ძალიან მოქნილი თავდაცვის ინდუსტრია აქვს იმისთვის, რომ სპონტანურის ნაცვლად, შეიარაღების სისტემატიზებული მიწოდების მექანიზმი ჰქონდეს.
რუსეთი საკუთარ სიტუაციას არასწორად აფასებს. პუტინი შეცდა უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გათვლაში, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დასავლეთი ერთობის გათვლაში და ის ისევ ცდება იმაში, რომ შეუძლია გაზის მიწოდების შეჩერებით გერმანიას უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე აზრი შეაცვლევინოს.
გასულ კვირას გერმანიისკენ მიმავალი წყალქვეშა მილსადენები გასკდა. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რუსეთს მილსადენების საბოტაჟში სდებს ბრალს. ასევე არის ცნობები, რომ მილსადენთან ახლოს დაფიქსირდა აფეთქებები. საბოტაჟია ეს თუ არა, ფაქტია, რომ გერმანიას რუსული გაზი არ მიეწოდება. თქვენი აზრით, ენერგორესურსების ასეთ შემცირებას ექნება თუ არა გერმანიის პოლიტიკაზე გავლენა?
ვფიქრობ, დღეს ყველასათვის, მათ შორის, გერმანიისთვისაც ცხადია ის, რომ გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად იყო დამოკიდებული. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა. ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ საქმე საბოტაჟთან გვაქვს. ერთი, რაც მნიშვნელოვანია რომ უნდა გავიგოთ ისაა, რომ რუსეთი საკუთარ სიტუაციას არასწორად აფასებს. პუტინი შეცდა უკრაინის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გათვლაში, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დასავლეთი ერთობის გათვლაში და ის ისევ ცდება იმაში, რომ შეუძლია გაზის მიწოდების შეჩერებით გერმანიას უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე აზრი შეაცვლევინოს. გერმანიამ დაიგვიანა, მაგრამ ახლა ძალიან სწრაფად შეავსო გაზის მარაგები. პრობლემები იქნება, მაგრამ გერმანია ამ ზამთარს გადაიტანს და ამის შემდეგ სტრატეგიულად, გაცილებით ნაკლებად იქნება რუსულ გაზზე დამოკიდებული. ვფიქრობ პუტინი არასწორ გათვლებს აკეთებს. ის გერმანიის ან ევროკავშირის პოზიციას ამ სახის გამოძალვის მეთოდით ვერ შეძლებს.
ახლა უკრაინაზე გადავიდეთ. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოვლენა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ხდება ბოლო ორიოდე კვირის განმავლობაში, ირანული დრონების მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანია. ამ დრონების გამოყენებით დაიბომბა ოდესის პორტი, სადაც დიდი ხანძარი გაჩნდა. რას ფიქრობთ ამ დრონებზე? თქვენი აზრით, ცვლის თუ არა ისინი მდგომარეობას ბრძოლის ველზე?
ასევე ნახეთ: გარღვევა სამხრეთში და დაწინაურება აღმოსავლეთით - სიახლეები უკრაინის ფრონტიდანომის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა, რომ რუსეთმა ბრძოლაში ახალი იარაღი შეიტანა. როგორც წესი, ომში ახალი იარაღი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როცა ის ახალია. ეს ხდება ირანული შაჰიდ-136 დრონების შემთხვევაშიც. ისინი საკმაოდ ნელი და ხმაურიანი დრონებია. მათი დანახვა და ჩამოგდება შედარებით ადვილია, მაგრამ ისინი ძირითადად ხუთ-ხუთად დაფრინავენ და ხუთი დრონის წინააღმდეგ თავის დაცვა რთულია. ჩემი დაკვირვებით, უკრაინელები მათ წინააღმდეგ თავს ბოლო რამდენიმე დღეა, რაც უკეთესად იცავენ. ეს ყველაფერი ჩვენ გვაჩვენებს იმას, რომ როგორც პარტნიორები, ძალიან ნელა ვმოქმედებდით უკრაინისთვის ანტი-საჰაერო სისტემის მიწოდების მხრივ.
მაგრამ ახლა "ნასამები" (NASAMS) და "აირის-თი" (IRIS-T) ჩადის უკრანიაში. ეს ანტისაჰაერო სისტემებია, რომლებიც ფინეთიდან და ასევე გერმანიიდან ჩავა უკრაინაში. ეს კარგია, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. ფრონტი ძალიან გრძელია და უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა იმისთვის, რომ ამ დრონებისგან თავი დაიცვან, უფრო მეტი ასეთი სისტემა სჭირდებათ. კარგი ის იყო, რომ უკრაინამ იპოვა და დაბომბა ამ დრონების საწყობი და საწვრთნელი ცენტრი, სადაც სავარაუდოდ, 20 ირანელი ინსტრუქტორიც იყო. ეს უკრაინელების სადაზვერვო შესაძლებლობაზე ძალიან კარგად მეტყველებს. იმედია, უკრაინელები კიდევ უფრო მეტად ეფექტურები იქნებიან ამ დრონების წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე დღე ნამდვილად იმედისმომცემი იყო.
რაოდენობა, რომელიც მე ვნახე 350 დრონი იყო. არ ვიცი ეს ბევრია თუ ცოტა. მაგრამ მნიშვნელოვანი შეკითხვა ალბათი ისაა, არსებობს თუ არა მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი?
ამის თქმა რთლია, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინამ ბევრი დრონი და რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო. მათ შორის, ძალიან ღირებული რუსული თვითმფრინავებიც. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა უმჯობესდება. რაკეტების მხრივ, მათი ძალიან მცირე რაოდენობა აღწევს უკრაინის ქალაქებამდე. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი დახმარებით, თავდაცვისუნარიანობა უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ, ირანული დრონებისთვისაც მალე მოიძებნება გამოსავალი.
ის ადმაიანები, რომლებიც შემოდიან, შეიძლება პუტინის მხარდამჭერები არიან, შეიძლება რუსი ნაციონალისტები არიან და შეიძლება უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგებიც იყვნენ. ამიტომ, უსაფრთხოების შემოწმება და იმის გაგება, თუ არ არის მათი მიზნები, მნიშვნელოვანია. რუსეთის უშიშროების სამსახურებს აქვთ რეპუტაცია, რომ მსგავს სიტუაციებს კარგად იყენებენ. ამიტომ შემოწმება საჭიროა.
თქვენ "ნასამები" ახსენეთ. უკრაინელები ამ შეიარაღებას დიდი ხანია ელოდებიან. თუ შეიძლება გვითხარით, რა არის ეს სისტეტმა? დადასტუტრებული არ არის ისინი უკვე გამოიყენება თუ არა ბრძოლის ველზე, მაგრამ ის ფაქტია, რომ ეს იარაღი უკრაინას გაეგზავნა.
პირველ რიგში, ეს კარგია, რომ ჩვენ, ფართო საზოგადოებამ არ ვიცით რა იარაღი ჩავიდა უკვე, რა - არა და რა - უნდა ჩავიდეს. ოპერატიული უსაფრთხოება, ვფიქრობ, ომის განმავლობაში მნიშვნელოვანია. როცა საქმე "ნასამებს" ეხება, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ნორვეგიამ და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს, რადგან ეს მათი ერთობლივი წარმოებაა. მიწოდებული იქნება 8 სისტემა და თუ შევხედავთ მათ რადიუსს, რადარებს და სხვა მონაცემებს, ვფიქრობ, შესაძლებელი გახდება უკრაინის ცის ჩაკეტვა და რაკეტებისგან უკრაინის ეფექტურად დაცვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში სტაბილურობის შესაქმნელად იმ პირობებში, როცა აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობს და ქვეყნის სხვა ნაწილებში კი ეკონომიკური განვითარება უნდა გაგრძელდეს. საჰაერო თავდაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. "ნასამებით" და "აირის-თი-ებით" ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა. კარგია, რომ ეს შეიარაღება მიდის, მაგრამ ტრაგედიაა ის, რომ აქამდე არ გავგზავნეთ.
ძალიან მოკლედ რუსეთზეც რომ ვისაუბროთ - პრეზიდენტმა პუტინმა, ცოტა ხნის წინ, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს, წესით, იმას ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე 300 ათას რეზერვისტს გაიწვევენ ომში. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს მხოლოდ პირველი ტალღაა და მომავალში 3 ან შესაძლოა 4 ასეთი მობილიზაცია ჩატარდეს. თქვენი აზრით, რას შეცვლის ეს ომში?
პუტინმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია გამოაცხადა და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს სრულმასშტაბიანი ომია. ვფიქრობ, უსაფრთხოა დავასკვნათ ის, რომ თუ პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა, ეს იმას ნიაშნავს, რომ მას 300 ათასზე გაცილებით მეტი ადამიანის მობილიზება სურს. ეს ყველაფერი სრული მობილიზაციისკენ მიდის, როცა ადამიანები პირდაპირ ქუჩიდან აჰყავთ და ჯარში მიჰყავთ. ამან რუსებს შორის შიში დანერგა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მათგანი შეიძლება ომში წაიყვანონ. ამიტომაც ბევრი ადამიანი ქვეყნიდან გარბის, მათ შორის საქართველოშიც. ომის განმავლობაში, პუტინი ძალიან ფრთხილობდა მობილიზაციის გამოცხადებაზე, რადგან აცნობიერებს, რომ ეს რუსეთში დისკუსიას შეცვლიდა და ომს ყველა სამზარეულოს მაგიდამდე მიიტანდა. ასევე, ომის შესახებ საუბარი იქნებოდა ნიჟნი ნოვგოროდში, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვშიც, რომლებიც რუსეთში ყველაზე ევროპული ქალაქებია. ამ მობილიზაციით პუტინმა მეორე ფრონტი გახსნა შიგნით, რუსეთში და ამ ეტაპზე უცნობია, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი.
სამხედროო თვალსაზრისით, მობილიზაცია ომს ბევრს არაფერს ჰმატებს. შეიძლება ქაღალდზე ეს შთამბეჭდავად ჩანს, მაგრამ რეალურად ეს დიდი რაოდენობით ჯარისკაცია, რომლებიც არც გაწვრთნილები არიან და არც - შეიარაღებული. ისინი [ჯარის] სამხედრო შესაძლებლობებს ვერ გააუმჯობესებენ. მაგრამ სანაცვლოდ იქნება დიდი დანაკარგები. რუსეთში უკვე ეწყობა საპროტესტო დემონსტრაციები და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. პუტინი მართალი იყო, როცა მობილიზაციას არ აცხადებდა, რადგან ეს მობილიზაცია შეცდომაა.
უკრანული შესაძლებლობები უმჯობესდება, რასაც რუსულზე ვერ ვიტყვით. რუსი ჯარისკაცების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ისინი არ არიან უკეთესად გაწვრთნილი.
ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები იგივე არაადამიანურ მიდგომას იყენებენ, როგორც ამას მეორე მსოფლიო ომის ან სხვა ომების დროს იყენებდნენ. ისინი ადამიანებს ექცევიან, როგორც რაღაც მასალას, რომელიც ომში სჭირდებათ. პუტინისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ათასი ახალგაზრდა რუსი მოკვდება და ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, თუ რამდენად არაადამიანურია პუტინის რეჟიმი.
საქართველოზეც ვისაუბროთ. რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში ათობით ათასი ახალგაზრდა რუსი მამაკაცი შევიდა. თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ რაოდენობის ახალგაზრდა რუსი მამაკაცის შესვლას საქართველოში - აქ ცხადია უარყოფით გავლენაზე ვსაუბრობ, რადგან მიჭირს დადებითი გავლენის წარმოდგენა.
ვფიქრობ, ადამიანური თვალსაზრისით, გვინდა მხარი დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ამ მობილიზაციის ნაწილი იყვნენ და ფრონტზე გაგზავნონ. ამავე დროს, ვფიქრობ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რუსეთში იყო განწყობა, რომ ომს მხარს ვუჭერთ, მაგრამ ჩვენ თვითონ მასში მონაწილეობა არ გვსურს. ის ადმაიანები, რომლებიც შემოდიან, შეიძლება პუტინის მხარდამჭერები არიან, შეიძლება რუსი ნაციონალისტები არიან და შეიძლება უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგებიც იყვნენ. ამიტომ, უსაფრთხოების შემოწმება და იმის გაგება, თუ არ არის მათი მიზნები, მნიშვნელოვანია. რუსეთის უშიშროების სამსახურებს აქვთ რეპუტაცია, რომ მსგავს სიტუაციებს კარგად იყენებენ. ამიტომ შემოწმება საჭიროა. ასევე, ვფიქრობ, ის დისკუსიები, რომლებიც რუსეთის შიგნით უნდა იმართებოდეს, ჩვენს ქვეყნებში არ უნდა შემოვიტანოთ. ეს ეხება გერმანიასაც, სადაც უამრავი უკრაინელი ლტოლვილია და საქართველოსაც, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია. რუსეთის შიდა კონფლიქტები რუსეთში უნდა დარჩეს. რუსების შემოდინებით პრობლემების კიდევ ერთი შრე იქმნება, რომელიც შემდეგ ჩვენი გადასაჭრელია.