დასავლეთი რუსეთთან დიალოგს ცდილობს. უკრაინის საზღვრებთან საომრად მომზადებულ კრემლს კი სურს, ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ მსოფლიოს ბედი მოსკოვი-ვაშინგტონის დონეზე წყდება. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და ეუთოში, იან კელი ამბობს, რომ დასავლეთის მტკიცე პასუხი და მზაობა კვლავ გადამწყვეტია მაშინ, როდესაც მოსკოვი ულტიმატუმების ენით საუბარს განაგრძობს და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენულ არჩევანს არაფრად აგდებს. საქართველომ კი ამ ვითარებაში დუმილის ნაცვლად, საკუთარი პოზიციების დაცვა და მის მიმართ რუსულ აგრესიაზე ყურადღების გამახვილება უნდა სცადოს.
- ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვან შეხვედრებამდე ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ორჯერ ისაუბრეს. რა ეტაპზეა ახლა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა და როგორ ფიქრობთ, რა გზავნილები მიიღო პუტინმა ვაშინგტონიდან?
- თუკი მხოლოდ იმით ვიმსჯელებთ, რასაც კრემლი ორი პრეზიდენტის ამ ბოლო სატელეფონო ზარის შემდეგ ამბობს, ისე ჩანს, რომ რუსები საკმაოდ კმაყოფილები არიან და სულ მცირე, ერთ-ერთ მიზანს მაინც მიაღწიეს: ეს არის თანასწორობის აღქმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, რაც ჩემთვის ცოტა შემაშფოთებელია. მესმის, რატომ დათანხმდა ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დისკუსიას ევროპული უსაფრთხოების შესახებ, მაგრამ ეს რეალურად პუტინის გამარჯვებაა, რადგან რაც მათ სურთ, უსაფრთხოების „იალტის ერაში“, ორი ძალის გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებაა.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მესმის, რატომაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ველაპარაკოთ იმ ქვეყნის ლიდერს, რომელიც „შემჭრელ“ ძალას ათავსებს ევროპული ქვეყნის საზღვრებთან, მაგრამ მაინც მაშფოთებს ის, რომ ეს ძალიან მცირე, მაგრამ მაინც გამარჯვებაა პუტინისთვის.
- დასავლეთი კრემლს ადანაშაულებს, რომ ის კვლავ ძალის გამოყენების, იარაღისა და ომის მუქარას იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამ კვირაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება. როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს დასავლეთს ამ შეხვედრებისგან? რას ნიშნავს ეს დისკუსიები უკრაინისთვის? ხომ არ არსებობს არასასურველი დათმობებისა და იმის რისკი, რომ ვლადიმირ პუტინმა სასურველი რამ მხოლოდ იმ დაძაბულობის შემცირების საფასურად მიიღოს, რაც თავადვე შექმნა?
- ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ვლადიმირ პუტინისთვის შესაბამისი გზავნილების ხაზგასმაა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შენ გესაუბრებით უსაფრთხოების საკითხებზე, ესაა საუბარი უსაფრთხოების უფრო ფართო თემებზე ორ ბირთვულ ძალას შორის. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ საუბარს კრემლისგან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში განიხილავს. ისინი ამას ახასიათებენ რუსეთთან რეგულარული სტრატეგიული დიალოგის კონტექსტში.
დემოკრატიული უკუსვლისთვის კარგი დრო არასდროსაა. მაგრამ ახლა, განსაკუთრებით ცუდი დროა. თუკი მოხდება კიდევ ერთი „დიდი აფეთქება“ და გადაწყდება რამდენიმე ასპირანტი ქვეყნის ნატოში ერთდროულად გაწევრიანება, ბევრი იტყვის, მოიცადეთ, ჩვენ დემოკრატიული სტანდრტები გვაქვს.
ასე რომ გზავნილები, რომელიც ამ შეხვედრებს მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ. ნატო არ მიიწევს აღმოსავლეთით. პირიქით, ამ ქვეყნებს, რომლებიც აღმოსავლეთში არიან, სურთ დასავლეთისკენ მოძრაობა და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც გამუდმებით უნდა გავუსვათ ხაზი არა მხოლოდ ვაშინგტონმა, არამედ ნატოს ყველა წევრმა და წევრობის მსურველმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, არის რუსეთის შეკავება შეჭრისგან. ჩვენ უკვე გვაქვს შეჭრაც და ოკუპაციაც უკრაინაში, მანამდე კი იყო საქართველო. ახლა ბევრი იწყებს ახალი ტერმინის გამოყენებას - „კიდევ ერთი შეჭრის“ - „დამატებითი აგრესიის“ თაობაზე და ეს ამ თემაზე საუბრის უკეთესი გზაა. მაგრამ ჩვენ რეალურად შეიძლება წამოვეგოთ ამ სავსებით მიუღებელი სიტუაციის ნორმალიზების მცდელობას - საუბარია პუტინის მიერ ყირიმის ნახევრკუნძულის ცალმხრივი ანექსიასა და განგრძობით ოკუპაციაზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ისევე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მინდა, ვნახოთ განსხვავებული განცხადებები ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნებისგან. ვფიქრობ, ნატოს გენერალური მდივანი ყველაზე კარგად იქცევა ამ ყველაფრის შესაბამის, სწორ კონტექსტში ჩასმით და არა - უკრაინასა და საქართველოში სრულიად მიუღებელი სიტუაციის ნორმალიზებით.
ვფიქრობ, ეს სიტუაცია ძალიან სარისკო და საშიშია. რუსულმა მხარემ ძალიან ცხადად თქვა, რომ ის არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით. ბატონი პუტინი არ არის დელიკატური. მან არსებითად თქვა, რომ აი, აქ არის ჩვენი მოთხოვნები და მიიღეთ ისინი ახლა. ცხადია ეს კომიკურია, თავიდანვე ამბობ, რომ არ აპირებ მოლაპარაკებებს, ეს ნიშნავს: ან ჩემი პირობები მიიღეთ, ან უარი თქვით. ცხადია, თუ ჩვენ უარს ვიტყვით, და ასეც იქნება, ის ფაქტობრივად ამბობს, რომ იქნება ომი.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მესმის, რატომ სურს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სტრატეგიული დიალოგი და შეხვედრები, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადებები და გზავნილებია. იმის თქმა, რომ ჩვენ არ ვიღებთ თქვენს მოთხოვნებს და მტკიცებას, რომ ნატო რუსეთისთვის საფრთხეა, რადგან ეს ასე არაა და ჩვენ გამჭვირვალე თანამშრომლობა გვექნება უკრაინასა და საქართველოსთან.
- რატომ ახლა? საქართველო და უკრაინა აქამდეც არაერთხელ ამბობდნენ, რომ კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარებას ძაბავს და მას ამის გაკეთება კვლავაც შეუძლია. რატომ სჭირდება ვლადიმირ პუტინს ახლა ამ მასშტაბის ძალების მობილიზება და ულტიმატუმების განახლება?
- უკვე თვეებია ვცდილობ ამ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვო. დიახ, მან ერთგვარად უკვე მიაღწია თავის მიზანს იმ მხრივ, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოს წევრები იმის გამო, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ორივე ქვეყანაში. რატომ ახლა? სწორედ ესაა დროული შეკითხვა. ცხადია არ ვიცი... მაგრამ ვფიქრობ, ეს კვლავ უკავშირდება მის განცდას, რომ უნდა გამოასწოროს „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური ტრაგედია“, როგორც ის საბჭოთა კავშირის დაშლას უწოდებს.
Your browser doesn’t support HTML5
მან ძალიან ცხადად თქვა თავის ვრცელ ესეში, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია. რომ მას ვერ წარმოუდგენია რუსეთი კიევის გარეშე. ესაა მისი მესიანისტური მისია, რომ გამოასწოროს რამდენიმე ათწლეულის წინ მომხდარი შეცდომა, და ეს მე ძალიან მაშფოთებს. მაშფოთებს არა მხოლოდ ყველა იმ საშინელი ტრაგედიის გამო, რაც უკრაინელ ხალხს უნდა დაატყდეს თავს, არამედ იმის გამოც, რომ ეს არის ძალიან საშიში სიტუაცია, როდესაც ევროპაში ერთი სახელმწიფო იჭრება მეორე ევროპული სახელმწიფოში. ერთ-ერთი ამ სახელმწიფოთაგანი კი ბირთვული ძალაა. ის კი, რასაც ყაზახეთის მაგალითზეც ვხედავთ ისაა, რომ რეჟიმები, რომლებსაც ვლადიმირ პუტინი მართავს, ძალიან მყიფეა. ეს შეიძლება წინაპირობა იყოს ყველანაირი წინასწარ განუსაზღვრელი და არაპორგნოზირებადი შედეგებისა, რომლებიც ევროპის ამ ნაწილში არასტაბილურობას გამოიწვევს.
- სად გადის მოლაპარაკებებისა და დათმობების ზღვარი?
- იმ ორ ტექსტზე დაყრდნობით, რაც კრემლმა გამოაქვეყნა, უნდა ვთქვათ, რომ აქ ვაჭრობა ან მოლაპარაკება შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ძალასთან დაპირისპირების ერთადერთი გზა ისევ ძალაა, მე არ ვგულისხმობ ომს, მაგრამ პუტინისთვის ნათლად იმის ჩვენებას, რომ საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, მას აქვს სარგებელი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგისგან და ის სწორედ საბჭოთა კავშირის მსგავსი ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში დაბრუნების რისკის ქვეშ აყენებს თავის ქვეყანას.
ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ძალიან მკაცრი ეკონომიკური სანქციები. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვასრულებდით ნაკისრ ვალდებულებას და არ ვათავსებდით მუდმივ ბაზებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. არადა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ისინი მოიწევენ დასავლეთით, ჩვენ - დავიწყებთ მოძრაობას აღმოსავლეთით.
- თქვენ წერდით, რომ ახლანდელი ვითარება 2008 წლის ომის წინა პერიოდს გახსენებთ, რა პარალელების გავლება შეგიძლიათ და რას ფიქრობთ, ახლა რა პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს? როგორია მისი ადგილი და როლი ამ დისკუსიებში? არის თუ არა შესაძლებლობა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის ან ნატოში წევრობის საკითხი გააქტუალურდეს?
- პირველი კითხვის პასუხად ვფიქრობ, უკრაინელებს შეუძლიათ ისწავლონ ქართველების 2008 წლის გამოცდილებიდან. მნიშვნელოვანია, რომ არ უპასუხოთ პროვოკაციებს. დაიცავით თქვენი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არ გადახვიდეთ თავდასხმაზე.
მკაცრად უნდა დავუპირისპირდეთ იმ სიყალბეს, რის მტკიცებასაც მოსკოვი ცდილობს, რომ თითქოსდა ვაშინგტონი აიძულებს საქართველოსა და უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდნენ. ნატო არ მიიწევს აღმოსავლეთით. პირიქით, ამ ქვეყნებს თავად სურთ დასავლეთისკენ მოძრაობა."
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის.
- ამერიკიდან და ევროპიდან საქართველოს დემოკრატიის მიმართულებასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა - არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება, მთავრობისთვის ამერიკის დახმარების ნაწილისთვის წინაპირობაც კი დაწესდა. როგორ ფიქრობთ, ახლა, როდესაც ევროპა რუსეთის საფრთხის თაობაზე ბევრად მკაფიო და ერთიანია, ხომ არ აზიანებს საქართველოს პოზიციებს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა, პოლარიზაცია და შეკითხვები დემოკრატიული უკუსვლის შესახებ?
- დემოკრატიული უკუსვლის - დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოპოზიციის დემონიზების, პოლიტიკური პოლარიზაციისა და ერთპარტიული რეჟიმისკენ სვლისთვის კარგი დრო არასდროსაა. მაგრამ ვფიქრობ ახლა, განსაკუთრებით ცუდი დროა. ახლა ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიც შვედეთი და ფინეთია, რეალისტურად განიხილავენ ნატოს წევრობის საკითხს.
ასევე ნახეთ: ლინკევიჩუსი: გასათვალისწინებელია, რომ ნატო მხოლოდ რაკეტები და ტანკები არ არის, ის ღირებულებების ალიანსიათუკი წარსულის მსგავსად კიდევ ერთი „დიდი აფეთქება“ მოხდება და გადაწყდება რამდენიმე ასპირანტი ქვეყნის ნატოში ერთდროულად, ერთბაშად გაწევრიანება, ბევრი იტყვის, მოიცადეთ, ჩვენ დემოკრატიული სტანდრტები გვაქვს.
საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70 %-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას, და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე.
მაგრამ ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს.