რა გაუადვილებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას იმ პირობებში, როცა ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციას რუსული ჯარი აგრძელებს? ამ და სხვა რამდენიმე თემაზე ნატოს ყოფილი მთავარსარდალი ადმირალი (გადამდგარი) ჯეიმს სტავრიდისი ამბობს, რომ მოკავშირეების იმაში დარწმუნება, რომ ალიანსი საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაში დაეხმაროს ძალიან რთული იქნება. თუმცა ის აცხადებს, რომ თუ საქართველო ჯერ ალიანსის წევრი გახდება და ტერიტორების დაბრუნებას შემდეგ ეცდება, ეს ნატოს ყველა წევრის დაყოლიებას გააადვილებს.
ადმირალ სტავრიდისთან სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ შაბათს, საღამოს 5:30-ზე, ტვ პირველზე „ამერიკის ხმის“ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან.“
კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას ვეცდებოდი და დროთა განმავლობაში ვეცდებოდი ამ ტერიტორიების დაბრუნებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ მე რომ ვიყო, ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი.
ექსკლუზიურ ინტერვიუში ადმირალი სტავრიდისი ამბობს, რომ საქართველოში შეჭრის დროს რუსეთმა პირველად გამოიყენა ჰიბრიდული ომის მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით დახვეწა.
„ვფიქრობ, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ როგორმე შევძლებდით ამ ურთიერთობის გადატვირთვას, ვიპოვიდით უკეთეს გზას, მოულოდნელად არ შევაბიჯებდით ახალ ცივ ომში. ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ვლადიმერ პუტინი და მისი ანტიპათია, მისი პირადი, ღრმა სიძულვილი შეერთებული შტატების და თავად ნატოს მიმართ. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობა გავუშვით - საკმარისად ძლიერი რეაქცია არ გვქონდა არც ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით და არც სამხედრო ტექნიკით თუ ტრეინინგებით დახმარების მხრივ, იმისთვის რომ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ დანარჩენი საქართველო რუსეთისთვის ისეთი რთული სამხედრო პრობლემა გაგვეხადა, რომ რუსეთი სხვა ვერაფერს გაბედავდა. ვფიქრობ, რომ ეს რომ მოვქცეულიყავით, უკრაინის ტრაგედია არ მოხდებოდა,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ სტავრიდისმა.
ასევე ნახეთ: ბრიდლოვი: საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის "ფინიშის ხაზი" დიდი ხნის წინ გადაკვეთა
გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდალი ასევე საუბრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამბობს, რომ ქართველი რომ იყოს „კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას ვეცდებოდი და დროთა განმავლობაში ვეცდებოდი ამ ტერიტორიების დაბრუნებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ მე რომ ვიყო, ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი. თუმცა, აუცილებლად მინდა დავამატო, რომ ეს ქართველების გადასაწყვეტია და არა ამერიკელების ან ნატოს ყოფილი მეთაურების. ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან რთულ პოზიციაშია.“