ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვეში, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარი ქვეითი ჯარი განათავსა და ისინი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
ომის შემდეგ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა და ალიანსთან თანამშრომლობა გაღრმავდა. შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია და თბილისმა „ყოველწლიური ეროვნული პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომელიც თავდაცვის სფეროს და ინსტიტუციების რეფორმას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ “ეროვნულ პროგრამას” მხოლოდ "მაპის" მქონე ქვეყნები ასრულებენ. ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ საქართვეელოს ნატოში გაწევრიანება დასავლეთის ინტერესებში შედის. მისი თქმით, „შეერთებული შტატებისთვის, ევროპისთვის, ნატოსა და მსოფლიოსთვის, მნიშნელოვანია კავკასიაში არასტაბილურობა არ იყოს. მოსკოვის უარი, რომ აღიაროს კავკასიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა, პრობლემას წარმოადგენს. საქართველო რომ ნატოს წევრი იყოს, მოსკოვი საქართველოს სუვერენიტეტით ვერ ითამაშებდა ისე, როგორც ამას ახლა აკეთებს და ეს ჩვენს ინტერესშია“ - უთხრა მან "ამერიკის ხმას".
2008 წელს საქართველოში ჩატარებული პლებისციტის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 73 პროცენტმა მხარი დაუჭირა ნატოში გაწევრიანებას. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ალიანსის წევრობისადმი მხარდაჭერა დღემდე მაღალია. თუმცა, მათ შორის, ვინც ნატოს არ ემხრობა, უმეტესობა ამის მიზეზად რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის საშიშროებას ასახელებს.
ჯონ ჰერბსტი პასუხად ამბობს, რომ რუსეთი ნატოს ფაქტორის გარეშეც მიმართავდა სამხედრო აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს მანამდე აწარმოებდა, სანამ რაიმე საუბარი დაიწყებოდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე.ჯონ ჰერბსტი
„პრობლემა ამ შეხედულებაში ისაა, რომ მოსკოვმა სამხედრო ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ იმ დღიდან დაიწყო, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა: შევარდნაძის მკვლელობის მცდელობები და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ სეპარატისტული განწყობების მხარდაჭერა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს მანამდე აწარმოებდა, სანამ რაიმე საუბარი დაიწყებოდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე“ - განაცხადა მან.
დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ნატოს შიგნით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც საბჭოთა დომინაცია თავად გამოსცადეს, ემხრობიან ახალი წევრების მიღებას მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ამაზე ყოყმანობენ.
განსხვავებულია შეხედულებები შეერთებული შტატების შიგნითაც, სადაც ნაწილი ფიქრობს, რომ ნატოს გაფართოება მოსკოვის შეკავების საუკეთესო გზაა, სხვები კი კრემლის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი ამბობს, რომ დასავლეთი რუსეთს სათანადოდ ვერ აფასებს.
„ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვისწავლეთ გაკვეთილი რუსეთის ქცევიდან. დასავლეთში არსებობს ტენდენცია, რომ თუ რუსეთთან ურთიერთობებში პრობლემაა, დასავლეთი საკუთარ თავს ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ რუსეთს ხელი უნდა გაუწოდოს, რამე თვითონ უნდა გააკეთოს. ამ მოსაზრებას სრულიად არ ვიზიარებ. იმის მიზეზი თუ რატომ გვაქვს რუსეთთან პრობლემა, თავად რუსთის ქცევაა. რუსეთი უნდა ეცადოს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლას და უნდა შეწყვიტოს ის აგრესიული ქმედებები, რომლებმაც შექმნილი ცუდი ურთიერთობა განაპირობა“ - აღნიშნავს ვოლკერი.
აზრთა სხვადასხვაობა ალიანსის გაფართოებაზე არსებობდა 1990-იან წლებში, როცა პოსტკომუნისტური ქვეყნების ნატოში გაწევრიანება განიხილებოდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში შესვლის მაგალითმა აჩვენა, რომ მოსკოვი ნატოს წევრების წინააღმდეგ გალაშქრებისგან თავს იკავებს. მოგვიანებით, უკრაინის კრიზისმა კი გამოკვეთა, რომ რუსეთისთვის საფრთხეს არა საკუთრივ ნატოს გაფართოება, არამედ მის მეზობლებზე დომინაციის დაკარგვაა.
“რუსეთი ნატოს არცერთ წევრს თავს არ დასხმია. ნატო წარმატებულია. მსოფლიოს ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული ალიანსია სწორედ ამ მიზეზით.ჯეიმი კირჩიკი
ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარს, ჯეიმი კირჩიკს მიაჩნია, რომ ნატოს გაფართოების შეჩერება რუსეთს არასწორ გზავნილს მისცემს.
“რუსეთი ნატოს არცერთ წევრს თავს არ დასხმია. ნატო წარმატებულია. მსოფლიოს ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული ალიანსია სწორედ ამ მიზეზით. იმის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი აკეთებს რეგიონში, ევროპასა და ევრაზიაში, ვფიქრობ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ შეერთებული შტატები და მისი ნატოს მოკავშირეები ალიანსის გაფართოების გეგმებზე უარს არ ამბობენ. თუ პროცესს შევანელებთ, ეს იქნება არასწორი გზავნილი რუსებისთვის, რომ მათ შეუძლიათ ვაკუუმი შეავსონ“ - აცხადებს კირჩიკი.
დღეს, ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერები არიან. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ნატოში მიღებას საჯაროდ დაუჭირა მხარი თურქეთმაც, მოკავშირემ, რომლის დაახლოება მოსკოვთან ალიანსის კიდევ ერთი თავსატეხია.
ალიანსის შიგნით ბევრი უთანხმოებაა. ცოტა ხნის წინ, შეერთებულმა შტატებმა გერმანიიდან ჯარების ნაწილის გაყვანის გადაწვეტილება მიიღო. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ტრამპმა გერმანიის მიერ თავდაცვაზე არასაკმარისი დანახარჯები დაასახელა. მაგრამ ტრამპი არაა პირველი პრეზიდენტი, რომელიც ევროპელებს თავდაცვაზე მეტის გაღებისკენ მოუწოდებს და მათ რუსეთზე დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს.
საქართველოს გზა ნატოსკენ
ედუარდ შევარდნაძემ 2000 წელს გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო ნატოს კარზე ხმამაღლა დააკაკუნებდა.
2001 წლის თეთრმეტი სექტემბერის შემდეგ, ამერიკა ახლო აღმოსავლეთში, ტერორიზმთან გლობალური ომის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთო. ტერაქტიდან რამდენიმე კვირაში, შევარდნაძე შეერთებულ შტატებს ეწვია და განაცხადა, რომ მზად იყო ეთანამშრომლა შეერთებულ შტატებთან ამ საქმეში.
სწორედ აქედან იწყება საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა და წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და პანკისის ხეობის სტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.
საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობა 1992 წელს ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრობით დაიწყო და მოგვიანებით გახდა ნატოს ინიციატივის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ წევრი. ალიანსთან ურთიერთობა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გააქტიურდა. საქართველომ ხმამაღლა განაცხადა, რომ სურდა ალიანსის წევრი გამხდარიყო.
რევოლუციის შემდეგ, თბილისში, ახალი პოლიტიკური ელიტის მთავარი მამოძრავებელი, სწორედ დასავლეთთან დაახლოება გახდა. 2004 წელს საქართველომ ალიანსისგან "ინდივიდუალური პარტნიორობის" სამოქმედო გეგმა მიიღო. 2006 წელს კი ბრიუსელმა საქართველოს „ინტენსიური დიალოგის“ დაწყება შესთავაზა, რომლითაც საქართველოს წევრობის კრიტერიუმი უნდა განესაზღვრა. ეს ორი ნაბიჯი ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო დღემდე დადგენილი ფორმალური მოთხოვნაა, რომელიც ქვეყანამ წევრობის სამოქმედო გეგმის, ეგრეთწოდებული, მაპის მიღებამდე უნდა გაიაროს.
2004 წელს საქართველო ჩაერთო ნატოს ავღანეთის ოპერაციაში, სადაც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ერთ სულ მოსახლეზე, ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა გაგზავნილი.
ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ცდილობდა ევროპელი მოკავშირეების დარწმუნებას, რომ საქართველოს "მაპი" მიეღო.
სამიტამდე, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ საქართველოს მისწრაფებები "ბუქარესტის სამიტზე გადაწყდებოდა" და სამიტი საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობის იყო. მან მაშინ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ მან კარგად იცოდა, რომ "მაპი" წევრობას არ ნიშნავდა.
""მაპი" არის პროცესი, რომელიც ნატოს [ასპირანტ] წევრებს მისცემს საშუალებას საბოლოო წევრობისთვის მოემზადონ. ვფიქრობ, ნატოს საქართველოს წევრობა არგებს და ვფიქრობ საქართველოს ნატოს წევრობა სარგებელს მოუტანს" - უთხრა მაშინ პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
თუმცა, ვაშინგტონი წინააღმდეგობას აწყდებოდა გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის მხრიდან.
ბუქარესტში, დასავლეთის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე, თუმცა მიაღწიეს კომპრომისულ გადაწვეტილებას და სამიტის დეკლარაციაში ჩაიდო პირობა, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ამ ნაბიჯს, მოსკოვის კრიტიკა მოჰყვა.
რუსეთის ფაქტორი
პუტინი ბუქარესტის სამიტზე ჩავიდა კიდეც და ალიანსს საქართველოს და უკრაინის წევრობის წინააღმდეგ მოუწოდა.
ალიანსს, რომელმაც ამერიკის ლიდერობით, 70 წლის მანძილზე უზრუნველყო უსაფრთხოება და რუსეთის შეკავება ევროპის კონტინენტზე, მოსკოვი მთავარ მეტოქედ აღიქვამს. კრემლი დღემდე ცდილობს ე.წ. „ახლო საზღვარგარეთი“ მისი გავლენის სფეროში დატოვოს და არ დაუშვას ამ ქვეყნების დასავლეთში ინტეგრაცია. სწორედ ამიტომ, მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ნატოს ერთიანობის შერყევაა.
“რუსეთი არამარტო ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მცდელობას წასულიყო დასავლეთისკენ, არამედ ახალი გავლენის სფეროზე აყენებდა მოთხოვნას, აპროტესტებდა ევროპული უსაფრთხოების სისტემის წესებს".რონალდ ასმუსი
2010 წელს, ამის შესახებ ამერიკელი დიპლომატი და ავტორი რონ ასმუსი, წიგნში „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი" წერდა: “რუსეთი არამარტო ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მცდელობას წასულიყო დასავლეთისკენ, არამედ ახალი გავლენის სფეროზე აყენებდა მოთხოვნას, აპროტესტებდა ევროპული უსაფრთხოების სისტემის წესებს, რომლებიც მისი პერსპექტივიდან ლეგიტიმაციას ახდენდა და ხელს უწყობდა ნატოს გაფართოებას“.
ნატოს სხვადასხვა სამიტზე, მოკავშირეები ადასტურებენ, რომ ნატოს კარი ღიაა და საქართველო გახდება ალიანსის წევრი. 2014 წელს საქართველომ უელსის სამიტზე “არსებითი პაკეტი” მიიღო. ეს ინსტრუმენტი საქართველოსთვის პირველად შეიქმნა. 2015 წელს კი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. აქტიურად განიხილება ასევე საქართველოს როლი, ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტშიც.
საქართველოში კი ამ ნაბიჯებს, ხშირად თარგმნიან როგორც "მაპზე" უკეთესს. თუმცა, რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ იღებს ნატოს ხუთოსანი ასპირანტი წევრობის სამოქმედოს გეგმას, არა თბილისის რეფორმების ნაკლებობა - თუმცა ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია - არამედ ალიანსის მოსკოვთან ურთიერთობებია.
ნატოს გენერალური მდივნები აცხადებენ, რომ არცერთ მესამე ქვეყანას - და აქ მოსკოვი იგულისხმება ხოლმე - არ აქვს უფლება ჰქონდეს ვეტო იმაზე, თუ ვინ გახდება ალიანსის წევრი. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთზე პირდაპირ საუბრისგან ბევრი თავს იკავებს.
Facebook Forum