ინტერვიუ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით ქავიაშვილთან
თეთრი სახლის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია რუსეთს და ჩინეთს გამოჰყოფს როგორც ქვეყნებს, რომლებიც მიისწრაფვიან შეცვალონ "ცივი ომის" შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგი. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფორმულირებას?
ამ ხედვაში საქართველოსთვის რამდენიმე საკვანძო მომენტს გამოვყოფდი. უპირველეს ყოვლისა მნიშნელოვანია, რომ ამერიკა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ამ როლს ხედავს და ამ როლის გაძლიერებაზე ზრუნავს. ეს ძალიან მნიშნელოვანია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც ამერიკის როლის შესუსტებით შეიძლება შეიქმნას, აუცილებლად ეცდება სხვა ძალა. თანამედროვე მსოფლიოში, დღეს, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება შეერთებული შტატები ჩაანაცვლოს და ჩვენ შევინარჩუნოთ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი.
აქვე გამოვყოფდი იმას, რომ იკითხება ევრო-ატლანტიკური ღერძის გაძლიერება. ეს არის გარანტიები ნატოს მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა განხილულია არა როგორც ცალკე აღებული ქვეყნები, არამედ ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.
ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიიდან მოყოლებული ჩნდებოდა კითხვები მის მთავარ საარჩევნო სლოგანზე - "ამერიკა პირველ რიგში". თქვენთვის ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტი არის იმის დასტური, რომ თეთრი სახლი არ იქნება ფოკუსირებული მხოლოდ ამერიკაზე?
ეს პათოსი ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, არ იყო აღქმული როგორც საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა წამოსულიყო ამერიკული იზოლაციონიზმისგან. ეს არც შემდგომ მოქმედებებში გამოკვეთილა. დღეს ცნება ამერიკა უფრო დიდია ვიდრე უბრალოდ ეროვნული სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ჩაკეტილი იყოს თავის სამყაროში.
"ამერიკა უპირველეს ყოვლისა" არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ამერიკის ინტერესების დათმობას, გეო-პოლიტიკური ინტერესები იქნება, ეკონომიკური ინტერესები თუ ღირებულებები. აქ დიდ საფრთხეს ვერ ვხედავ.
ალბათ, „ცივი ომის" შემდეგ რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა. ივლება პარალელები პროპაგანდას და დეზინფორმაციას შორისაც, რომლის მეთოდები ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად შეიცვალა. საქართველოს მთავრობის ბევრი წარმომადგენელი დეზინფორმაციას საფრთხედ არ აღიქვამს. თქვენ განიხილავთ თუ არა რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს?
საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ბრძოლაში იმყოფება დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ყოველთვის რუსეთის ფედერაცია იყენებს სხვადასხვა მეთოდებს. ზოგ შემთხვევაში ჰიბრიდული ომის ამოცანა არის ტერიტორიის მომზადება პოლიტიკური ნების თავის მოსახვევად, ზოგ შემთხვევაში ეს არის მომზადება კინეტიკური ქმედებისთვის, როგორც 2008 წელს მოხდა. მთლიანობაში რუსეთი ინფორმაციულ ომს, ეკონომიკურ ბერკეტებს, ჰიბრიდულ ომს იყენებს ამ 26 წლის განმავლობაში.
2008 წელს საქართველო ამბობდა, რომ ეს აქ არ დამთავრდება და რუსეთის ფედერაცია თავის რევიზიონიზმს გააგრძელებდა. ასეც მოხდა, ის გაგრძელდა ყირიმის ანექსიით, შემდეგ დასავლეთის დედაქალებით და მოაღწია აქაც. ის რომ საკითხი ასე მწვავედ განიხილება ამერიკის დედაქალაქში კარგია, პრობლემის დანახვის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია. არავისთვის საიდუმლო აღარ არის რომ რუსეთი არის არა მხოლოდ ფაქტორი გარკვეული უსაფრთხოების სისტემებისთვის, არამედ არის თავად წყარო ამ უსაფრთხოების სისტემების გამოწვევის.
რეგიონის ბევრი მკვლევარი ამბობს, რომ "ცივი ომისგან" განსხვავებით რუსეთს დღეს არ აქვს იდეოლოგია, რომლის გარშემოც ვინმე უნდა გააერთიანოს და ამის სანაცვლოდ თავს ესხმის დასავლურ დემოკრატიულ სისტემებს და ღირებულებებს. ამ მოცემულობაში რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს ხელისუფლება?
საქართველოს ყველა ხელისუფლება, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი ეფექტურობით მართავდა ის ქვეყანას, პროდასავლური კურსის გამტარებელი იყო. ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელსაც ღია ანტი-დასავლური ან ღია პრო-რუსული პოზიცია დაეკავებინა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. იმდენად მკაფიოა საზოგადოებრივი ჩარჩო და დაკვეთა, რომ დიდი ლავირების საშუალება არც ერთ ხელისუფალს არ ექნება. ან როგორც კი შეეცდება დაარღვიოს პრინციპული და ისტორიული არჩევანი, მას ეს აუცილებლად არ გამოუვა.
ჩვენი ეროვნული მედეგობის მთავარი დასაყრდენი არის დემოკრატია. ეს არის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველო არის მიმზიდველი და რომლითაც საქართველო თავის ეროვნულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობა, და რატომ ხდება ეს? საქართველო მიმზიდველია როგორც დემოკრატიის იდეალებისკენ მიმავალი და ერთგული ქვეყანა.
არის რიგი საკითხები, სადაც ჩვენ გაგვიჭირდა. მაგალითად საკონსტიტუციო რეფორმა. რეფორმის პროცესს ჰქონდა ამბიცია ყოფილიყო ინკლუზიური და კონსენსური. ჩვენ ცოტა გაგვიჭირდა. პროცესი თავად დამაზიანებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ პროცესიდან გაირიყა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო სექტორი.
ბოლო წლებში იყო რამდენიმე მაგალითი, სადაც კრიზისებზე ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურების რეაგირება არაეფექტურობა გამოჩნდა. მაგალითად 2013 წელს წყალდიდობა თბილისში ან გასულ ზაფხულს ზაფხულს ხანძარი ბორჯომში. ჩვენ ვნახეთ რამდენი დრო დაჭირდა რეაგირებას. არ ფიქრობთ, რომ ეს აჩვენებს არსებული ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სისუსტეს?
ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებაა. ის მოითხოვს მკაცრ დისციპლინას და რუტინულ საქმიანობას. აუცილებელია ამის ინსტიტუციურ დონეზე განვითარება. შეუძლებელია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ და მხოლოდ დაშვებებით, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით სადღაც და გადავიკვეთებით.
უშიშროების საბჭოს გაუქმება ძალიან დიდი შეცდომაა, იმიტომ რომ არ იარსებებს არც ერთი ინსტიტუცია, სადაც პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ერთმანეთს შეხვდებიან, მათ შორის ამ ასეთი საკითხების განსახილველად.
ამ პროცესში რამდენიმე რამეა გასათვალისწინებელი, პირველი - როგორ გარემოში ვართ ჩვენ. გარემო ცნობილია - ტერორიზმის გეოგრაფია გაფართოებულია, ჰიბრიდული გამოწვევებია გარშემო, რუსეთის ფედერაციის ოკუპაცია მიმდინარეობს, არის შავი ზღვის მილიტარიზაცია და ჩვენ გარშემო რეგიონი არის ფეთქებადი. ამ მოცემულობაში მუდმივმოქმედი უწყების გაუქმება დიდი შეცდომა იყო.
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ კიდევ შეიძლება ამაზე მუშაობა, რომ საამისოდ არსებობს სივრცე, შანსი, დრო. რა გაძლევთ ამის საფუძველს?
მხოლოდ და მხოლოდ იმას ვეყრდნობი, რომ ასე მოხდება, ეს არის ლოგიკაც და იმ დინამიკის გამოძახილიც რასაც ვუყურებთ. მე ვერ ვხედავ რესურსს დღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარეს, რომ ამ საკითხს ასე შეხედონ. ამ საკითხის დანახვის უნარი რომ ჰქონოდათ, არ გადაიდგმებოდა ეს ნაბიჯები.
მთავარი პრობლემა იმაშია, რომ არ მიიჩნევა ეს საკითხები პრობლემურად, არ მიიჩნევა, რომ უნდა არსებობდეს უშიშროების საბჭო, არ მიიჩნევა, რომ საჭიროა პოლიტიკური თათბირი, არ მიიჩნევა, რომ პრეზიდენტი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს როგორც მთავარსარდალი, არ შეიძლება უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიიდან პრეზიდენტი გარიყო.
მაგრამ მე იმედი მაქვს რომ არის ადამიანური რესურსი, მათ შორის, მმართველ გუნდში, რომელსაც შეუძლია იმის დანახვა, რომ ძალიან დიდი რისკი სდევს თან ამ რამდენიმე გადაწყვეტილებას.
დღეს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა მორღვეულია. არიან უწყებები, რომლებიც ძალიან კარგად ართმევენ თავს მისიას, მაგრამ სისტემური თვალსაზრისით ამ მოცემულობაში ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ მდგრადობას.
გასულ ზაფხულს საქართველოს ეწვია ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელსაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სთხოვა შეერთებულმა შტატებმა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს საკითხებზე. ამ თემაზე დისკუსია საქართველოში არ გაგრძელებულა. რა ბედი ეწია პრეზიდენტის იდეას?
ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან ძლიერი გზავნილებით გამორჩეული. პრეზიდენტ მარგველაშვილის შეთავაზება არ იყო მხოლოდ სპეციალურ წარმომადგენელზე, საუბარი იყო, რომ ამ გზავნილების გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას და ეს შეიძლება იყოს განხორციელებული მაგალითად სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.
ასეთი პოლიტიკური საკითხები ფრთხილი ყურადღებით არის ხოლმე განხილული. მე არ ვიტყოდი რომ ეს საკითხი დარჩა უყურადღებოდ. ეს საკითხი მოსმენილია, ამ დედაქალაქში ხშირად ძალიან დიდი დრო ჭირდება მსგავსი საკითხების გადაწყვეტას. თავისთავად იდეა არის პოლიტიკური ამბიცია და თუ საქართველოს პოლიტიკური ამბიცია არ ექნება, რთული იქნება პრიორიტეტებში ადგილის დამკვიდრება .