ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოწვევები უსაფრთხოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში


საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თანამედროვე, ცვალებადი და დინამიური ეპოქა, რომელშიც მუდმივად იცვლება მიზანსცენები, ომები კი ჰიბრიდულ სახეს იძენს, ახლებურ მოთხოვნებს აყენებს და ადაპტირებულ მიდგომებს მოითხოვს. საქართველო კი, როგორც ამ სამყაროს ნაწილი ვერც ტექნოლოგიური და ვერც მენტალური თვალსაზრისით ვერ პასუხობს გამოწვევებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთიანი ხედვაა ჩამოსაყალიბებელი, რასაც რამდენიმე მიმართულებით მუშაობის წარმართვა სჭირდება. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა გარკვეული გეგმა დასახა, რომლის ფარგლებში პირველი შეხვედრა დღეს, სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ამბობს: „საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უშიშროების საბჭოს აპარატმა დაიწყო დისკუსიები და კონსულტაციები, რომლის მიზანიცაა საქართველოს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებით განახლებული ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბება. დღეს მე მაქვს შეხვედრა სტუდენტებთან, ეს პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა. ხვალ საქართველოს პრეზიდენტი თავის ხედვას გააცნობს უფრო ფართო საზოგადოებას. შემდეგ ჩვენ გვექნება რეგიონული შეხვედრები, ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების თემთან, რეგიონულ მედიასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან.“

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ამერიკის ხმასთან იმ მიზეზებზე საუბრობს,თუ რა ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთგვარ დეფიციტს და ასევე იმის თაობაზეც, რაში მდგომარეობს მისი ორგანიზაციის შეთავაზება, რა უნდა ავსებდეს ვაკუუმს, რაც უსაფრთხოების გამოწვევების მხრივ დღეს არსებობს. „40 კილომეტრში განლაგებულია ოკუპაციური ჯარი, ამას გარდა არსებობს „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც არც ისე შორსაა ჩვენი ტერიტორიიდან, არის ფაქტები ჩვენი მოქალაქეების წასვლის, მათთან თანამშრომლობის. ამას ემატება, რა თქმა უნდა, ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მთლიანობაში ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლურ და ლიბერალურ ფასეულებებზე შეტევები, რასაც უკვე დიდი ხანია აქტიურად ახორციელებენ რუსეთის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, დღეს როგორი უსაფრთხოების სისტემაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს: ზოგი მიიჩნევს, რომ ესაა კარგი, ზოგი კი თვლის ცუდად, მე ვთვლი, რომ ის საკმაოდ სუსტია, მაგრამფაქტია, რომ ის ამავდროულად, ძალიან მოძველებულია. მისი ყველაზე ძლიერი ვარიანტებიც კი, ნატომ და ევროკავშირმაც აღიარა, რომ არის მოძველებული. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ფეხი ავუწყოთ ახალ რეალობას.“

ნოდარ ხარშილაძე პრეზიდენტის ინიციატივას დადებითად აფასებს: „ჩემი აზრით, ძალიან დროულია პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ფართო ჩართულობას ამ პროცესში. საქართველოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, აკადემიურ წრეებთან და ასე შემდეგ, პირველ ეტაპზე უნდა შედგეს დიალოგი, გაერკვეს, ჩამოყალიბდეს ეროვნული ხედვა იმისა, თუ რა არის ჩვენთვის უსაფრთხოება. შემდეგ გაიზომოს, რა სახის გამოწვევები გვაქვს და რა სახის მოქმედებებია საჭირო მის გასაძლიერებლად, ჩვენი ფასეულობების დასაცავად. შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს გადათამაშება და განხილვა ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ვისაც ცოტა მეტი გამოცდილება აქვთ ამაში. „ცოტა მეტს“ვამბობ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ეს ყველასთვის ახალი ხილია და ახლა იწყება ამ პროცესის დანერგვა. მერე უნდა შევჯერდეთ: შიდა და გარე ანალიზის საფუძველზე, ჩამოვყალიბდეთ, რა უნდა იყოს ახალი უსაფრთოების პოლიტიკის პრინციპები. მის განხორციელებაში იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების როლი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვსაუბრობთ ჯერ პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.“

გიორგი თარგამაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ვხედავთ, რომ არა თუ ყოველწლიურად, ყოველთვიურადაც კი იხვეწება და ვითარდება ინფორმაციული ომის ტექნოლოგიები, მექანიზმები, ფორმები, არხები და ვხედავთ, რომ დასავლეთის, თავისუფალი სამყაროს მიერ შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიები დღეს ძალიან აქტიურად გამოიყენება, თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებული, მე ვიტყოდი ბნელი ძალების მიერ, დაწყებული ისლამური დახელმწიფოთი და გაგრძელებული ჩვენი, საკმაოდ აგრესიული, ჩრდილოელი მეზობლით, რომელიც ძალიან აქტიურად და შედეგიანადაც იყენებს თანამედროვე ინფორმაციული ომის ყველა მიმართულებას. უფრო მეტიც, მე შეგახსენებთ რუსეთის თავდაცვის მინისტირის შოიგუს რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, როდესაც ერთ–ერთ შეხვედრაზე ის აქტიურად საუბრობდა ი–არმიაზე, ანუ ასე ვთქვათ ინფორმაციული არმიის, თუ გნებავთ ინფორმაციული ჯარის შექმნაზე. თვით რუსეთიც კი, რომელიც ყოველთვის ჩამორჩებოდა ხოლმე, როგორც ტექნოლოგიურ განვითარებას, ასევე მიდგომების ცვალებადობის კუთხით და ყოველთვის კონსერვატიული დამოკიდებულება ჰქონდა, მათაც კი ისწავლეს და სხვათა შორის ჩვენთან დაპირისპირებისა და 2008 წლის მაგალითზეც. ამ კუთხით, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენ ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს. ალბათ უფრო იმიტომ ,რომ სახელმწიფო სისტემები ამ მხრივ უფრო კონსერვატიულები არიან, ნელა მოძრაობენ, გაწერილი პროცედურების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს და ასეთი დოკუმენტების განახლება, სადღაც სამ წელიწადში ერთხელ ხდება. ამიტომაც აუცილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების სისტემების განახლების, ახალი კონცეპტუაური ხედვის, ნამდვილად დგას. ეს არ არის მხოლოდ სპეციალური სტრუქტურების, უსაფრხთოების თემის ან სახელმწიფო დაწესებულებების სამუშაო. ესაა ის, რაშიც საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, რომ არ მივიღოთ ის შედეგები, რაც 2008 წელს და უფრო ადრე გვქონდა.“

პრეზიდენტის ინსტიტუტი, ისევე როგორც პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭო, არაერთხელ ქცეულა სამიზნედ, რომლის უფლებამოსილებისა და ფუნქციების შეკვეცის საკითხი დრო და დრო აქტიურობას იძენს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში უშიშროების საბჭოს ანალოგის შექმნის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი, გასულ კვირას კი პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის შესახებ ახალმა ინიციატივებმა გაიჟღერა. ამჯერად პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე მორიგი შეთავაზებით გამოდის: ფართოდ გაიშალოს მსჯელობა ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად ისე, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ ვიწრო პროფესიული წრეებმა, არამედ სხვა სპეციალობის ადამიანებმაც მიიღონ მონაწილეობა და რეგიონებიც ჩართონ. პრეზიდენტი პირველ შეხვედრას ამ მიმართულებით ხვალ გამართავს.

XS
SM
MD
LG