ყოფილმა დიპლომატმა ბუშის ადმინისტრაციიდან ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა, კრემლის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხზე პრეზიდენტის უმოქმედობის გამო.
ნიკოლას ბერნსი, რომელსაც ბუშის ადმინისტრაციაში პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სენატის სადაზვერვო კომიტეტში მოსმენაზე წარსდგა. მან კანონმდებლებს განუცხადა, რომ აფიქრებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ იმის უარყოფა, რომ რუსეთმა სცადა არჩევნებზე გავლენის მოხდენა.
„ჩემთვის დამაფიქრებელი და მიუღებელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს უარყოს ის, რაც ასე ნათელია, ფაქტი, რომ რუსეთმა ამერიკის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი კიბერ-შეტევა განახორციელა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარის წინააღმდეგ იყო ეს შეტევა მიმართული.“ მოსმენაზე, რომელიც რუსეთის მიერ ევროპულ არჩევნებში ჩარევას შეეხებოდა, ბერნსმა აღნიშნა, რომ „თუ ტრამპი არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, ეს იქნება მის მიერ ქვეყნის დაცვის მოვალეობის უგულვებელყოფა.“
ბერნსის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას უფრო ადრე უნდა ემოქმედა და უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა რუსეთის წინააღმდეგ, როცა მოსკოვის ჩარევის შესახებ გახდა ცნობილი.
ბერნსი, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩია ნატოში, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები მიიღოს და მან ამავე მოწოდებით კონგრესსაც მიმართავს.
„ჩვენი ორსაუკუნოვანი დებატების გათვალისწინებით ძალაუფლების გადანაწილების ირგვლივ, მე ვფიქრობ კონგრესი და არა პრეზიდენტი უნდა იყოს წამყვანი ამერიკის პასუხისა რუსეთის კიბერ-შეტევებზე“, - აღნიშნა მან.
ბერნსმა მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, რომ დაამტკიცოს კანონმდებლობა, რომელიც სენატმა გასულ კვირას ერთხმად მიიღო.
„მე ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი ამ კანონპროექტს ვეტოს დაადებს“, - აღნიშნა მან.
ორშაბათს, თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის მოსაზრება ამ საკითხზე თანმიმდევრულია იანვრიდან მოყოლებული.
„ის ფიქრობს, რომ რუსეთი სავარაუდოდ იყო ჩართული“, - განაცხადა სპაისერმა.
ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, რუსეთი გასული წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური კამპანიით ცდილობდა ჩარევას, იმ მიზნით, რომ კანდიდატ ტრამპს პრეზიდენტობის მოპოვებაში დახმარებოდა. გასულ კვირას, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ჯე ჯონსონმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა კაპიტოლიუმის ბორცვზე დაადასტურეს რუსეთის ჩარევა. თუმცა მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მოსკოვმა მოახერხა ხმების დათვლაზე გავლენის მოხდენა.
რუსეთის ჩარევა ევროპულ არჩევნებში
რუსეთმა გავლენის მოხდენა ევროპულ არჩევნებზეც სცადა. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის კანდიდატი დამარცხდა ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ. მაკრონი კიბერ-შეტევების, რუსული მედია საშუალებების და ონლაინ-ტროლების მეშვეობით მისკენ მიმართული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა.
გერმანიის და ევროპული საკითხების ექსპერტის, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის კონსტრანცა სტელზენმიულერის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში რუსებმა საპირისპირო შედეგი მიიღეს.
„[რუსული ჩარევას] ევროპულ არჩევნებში ჰქონდა მრავალმხრივ საპირისპირო ეფექტი მათი განზრახვის საპირწონედ“- განაცხადა მან სადაზვერვო კომიტეტში. „შედეგად მივიღეთ სტაბილური, დემოკრატიული და არა-პოპულისტური მთავრობები, რომლებიც ევროკავშირის მომხრე, და მეტიც, ნატოს და ამერიკის მომხრეები არიან“, - განმარტა მან.
სტელცენმიულერის თქმით, ნატოსა და ევროკავშირში „მიზნის ხელახალ აღორძინებას“ ვხედავთ და მისი თქმით, მოლოდინები გერმანიის მომავალი არჩევნების ირგვლივ, რომელიც 2017 წლის სექტემბერში იმართება, ახლა „ბევრად განსხვავდება“ წლის დასაწყისისგან. კვლევების მიხედვით, არჩევნებში, ანგელა მერკელი ლიდერობს.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ არსებობს „ზოგადი კონსესუსი“ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შეეცდება გერმანიის არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა კომპიუტერული ინფრასტრუქტურის დაცვით და ქაღალდის ბიულეტენის შენარჩუნებით" და მისი თქმით, ბერლინი ამისთვის ემზადება. თუმცა, სტელცენმიულერი ამბობს, რომ მთავარი საფრთხე რუსეთის მცდელობაა „შეაღწიოს ამომრჩევლის გონებაში.“
„ისინი ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაში შეღწევას ცდილობენ“, - თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ საინფორმაციო ომის გამოყენება ახალი სტრატეგია არაა და მოსკოვი ამას ცივი ომის დროს მიმართავდა, კრემლი კიბერ-სივრცეში ახლა უფრო გაწაფულია. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ წელს განაცხადა, რომ ისინი ახალ, კიბერ-ომის ოპერაციას ქმნიან.
ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ჯანის სარტსი ევროპულ ქვეყნებს და ამერიკას მოუწოდებს, რომ საჭიროა „საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა“ კიბერ-შეტევების შესახებ და მედიასთან თანამშრომლობა, რათა მათ იცოდნენ თუ რა მანიპულაციის გზები არსებობს და როგორც აიცილონ ეს თავიდან. მისი თქმით, ქვეყნები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რათა „ეფექტურად უპასუხონ“ კიბერ-შეტევებს.
პუტინი უარყოფს ბრალდებებს, რომ რუსეთის მთავრობა ამერიკის წინააღმდეგ კიბერ-შეტევებში მონაწილეობდა. მისი განცხადებით, შესაძლოა ეს „პატრიოტმა“ ჰაკერებმა განახორციელეს.
„მე ვფიქრობ არის შესაძლებლობა, რომ ვინმე ამას წინასწარი განზრახვით ჩადიოდეს, შეტევების სერიებს ახორციელებდეს, რათა მათ რუსეთი წარმოაჩინონ ამ შეტევის შემოქმედად“. - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეს.
Facebook Forum