ინტერნეტის თავისუფლების მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლებას აგრძელებს. ზოგიერთი მთავრობა ტლეფონში ინტერნეტის მომსახურებას წყვეტს. პირდაპირ ეთერში ვიდეოს ჩვენების შეზღუდვის ფაქტებიც ფიქსირდება და არის მთავრობების მიერ მათი მხარდამჭერი კომენტატორების კიბერ-არმიის დაფინანსების შემთხვევებიც.
აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერნეტის თავისუფლების თაობაზე ანგარიშს ყოველწლიურად გამოსცემს. ახალი ანგარიში "თავისუფლება ქსელში - 2017", მოიცავს 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე პერიოდს.
65 შესწავლილი ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 87 პროცენტს მოიცავს, ინტერნეტის თავისუფლების ხარისხმა ნახევარში დაიკლო. ყველაზე საგრძნობლად ეს უკრაინაში, ეგვიპტეში და თურქეთში დაფიქსირდა. ინტერნეტის მთავარი შემზღუდველების სიის სათავეში კვლავ ჩინეთია, მეორე ადგილზეა სირია, მესამეზე კი ეთიოპია.
რუსეთის მთავრობა ათი წელიწადია ონლაინ-დისკუსიების მართვას ცდილობს, მაგრამ ეს პროცესი ახლა უკვე გლობალური გახდა. "მსგავსი სახელმწიფოს მხრიდან მართული ინტერვენცია ინტერნეტის, როგორც გამათავისუფლებელი ტექნოლოგიის მთავარი საფრთხეა" - ნათქვამია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში.
ორგანიზაციის შეფასებით, ინტერნეტის თავისუფლების ხარისხმა შარშანდელთან შედარებით, საქართველოშიც იკლო. "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების მხრივ საქართველოს 2017 წელს 24 ქულა აქვს მინიჭებული. 2016-ში ჰქონდა- 25, 2015-ში - 24.