ირანში ჩამოგდებული უკრინული თვითმფრინავის საქმის გამოძიება გრძელდება

კანადის "ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭო" აცხადებს, რომ სპეციალისტების საერთაშორისო გუნდმა იმ უკრაინული თვითმფრინავის შავი ყუთების წინასწარი შესწავლა დაასრულა, რომელიც იანვარში, ირანულმა მხარემ ჩამოაგდო. ირანმა ეს "ადამიანური შეცდომით" ახსნა და თქვა, რომ თვითმფრინავი რაკეტად და საფრთხედ მიიჩნიეს და შეცდომით ჩამოაგდეს.

"პარიზში მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ გამოძიება დამთავრებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი შეკითხვაა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს", - ამბობს კეტი ფოქსი, საბჭოს ხელმძღვანელი და დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს.

ასევე ნახეთ: "ადამიანური შეცდომა" - ირანის სამოქალაქო ავიაცია უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე


ფოქსი მოუწოდებს ირანს, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, რომ ინფორმაცია რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნოს. ირანი საბჭოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ცნობების გამოქვეყნების უფლებას არ აძლევს.

გამომძიებლები იმ სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, რომელთა მოქალაქეებიც თვითმფრინავში დაიღუპნენ. ისინი ამ კვირაში ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ და ინფორმაციის ამოღება დაიწყეს.

"უკრაინული ავიახაზების" თვითმფრინავი თეირანიდან აფრენისას ორი რაკეტით ჩამოაგდეს. 8 იანვრის ამ საბედისწერო რეისს 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანმა ეს მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღიარა და ეს კონკრეტულ შეცდომას დააბრალა. მსხვერპლთა უმეტესობა კანადის და ირანის მოქალაქეები იყვნენ, ბევრი - ამ ქვეყნების ორმაგი მოქალაქეც კი.