კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მცდარი ინფორმაციის განზრახ თუ განზრახვის გარეშე გავრცელებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც მსოფლიო და საქართველო აქამდე არნახული გამოწვევების წინაშეა, გარეშე აქტორები, რუსეთი თუ სხვა სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანები, დეზინფორმაციას კონკრეტული, სტრატეგიული მიზნით ავრცელებენ და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობენ. დემოკრატიული ლიდერებისადმი თუ ჯანდაცვის სისტემებისა და პროფესიონალებისადმი ნდობის შემცირება, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია და სხვა მიზნები ავტორიტარული ქვეყნების ფართო, ფარულ სტრატეგიებში ხშირად ერთმანეთის მსგავსია, იქნება ეს რუსეთი, ჩინეთი თუ ირანი.
თუმცა ამ უპრეცედენტო ეპოქაში, „ინფოდემია“ ახალი გამოწვევა გახდა: კრემლის პროპაგნდისტული მანქანა უკვე არსებული, მრავალჯერ ნაცადი დეზინფორმაციული ნარატივების ახლებურ ვერსიებს ან ახალ ნაკადებს გვთავაზობს. მეორე მხრივ კი, პოლარიზებულ და პოლიტიზებულ საზოგადოებებში სწორედ შიდა, პოლიტიკურ პარტიებთან თუ ინტერესთა ჯგუფებთან დაკავშირებულ, მცდარი ინფორმაციის კოორდინირებულ გავრცელებასა და მანიპულაციებს ვხედავთ.
აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მწვავე „ინფოდემიის“ ფონზე საზოგადოების უსაფრთხოება შესაძლოა არა მხოლოდ ჯანდაცვის სერვისებზე, არამედ ჯანსაღ, სანდო და მართებულ ინფორმაციაზე წვდომაზეც იყოს დამოკიდებული. თუმცა კრემლის პროპაგანდისტული მანქანა და მისი სატელიტები დროს არ კარგავენ.
5G ტექნოლოგიის მიერ ვირუსის გამოწვევის შესახებ დეზინფორმაციის გამო ხალხმა ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ანძები დაწვა. ეს ჯგუფები საქართველოშიც მოუწოდებენ ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისეკენ. შეიძლება საქართველო იყოს კიდეც შემდეგი.- ეთო ბუზიაშვილი
ეთო ბუზიაშვილი, „ატლანტიკური საბჭოს“ „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიიდან“ იმ განსხვავებულ ნარატივებსა და მიგნებებზე საუბრობს, რომლებიც ორგანიზაციამ ბოლო პერიოდის განმავლობაში გამოააშკარავა:
"ჩვენ განსხვავებული ნარატივები გამოვავლინეთ, რომლებიც კრემლის ან პროკრემლისტურ მედიაში გაჩნდა: რომ თითქოს ვირუსი ამერიკაში, ადამიანის მიერაა შექმნილი. ეს საბჭოთა კავშირის ნარატივს გვახსენებს, როდესაც ის იგივე ტაქტიკებს იყენებდნენ შიდსის თაობაზე. ასევე ვრცელდება ნარატივი, რომ ვირუსის გავრცელების წყარო ლუგარის ლაბორატორიაა. ამ საკითხის გააქტიურება არაერთხელ მომხდარა, განსაკუთრებით თუკი საქართველო გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ან სხვა წარმატებას აღწევს“,- ამბობს ბუზიაშვილი.ის სხვა კოორდინირებულ დეზინფორმაციულ აქტივობებზე და იმ თემებზეც საუბრობს, რომლებიც ბოლო თვეებში, პანდემიის პარალელურად, გააქტიურდა: ბილ გეითსზე, ჯორჯ სოროსზე, ადამიანებში ჩიპების ჩამონტაჟებაზე, ვირუსის 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებაზე.
ასევე ნახეთ: ეპიდემია - ახალი ფრონტი რუსული დეზინფორმაციისთვის“ამგვარ თეორიას [5G ტექნოლოგიის მიერ ვირუსის გამოწვევას] „ფეისბუქზე“ ათასობით ადამიანი განიხილავდა. ასეთი დეზინფორმაციის გამო ხალხმა ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში ანძები დაწვა. ეს ჯგუფები საქართველოშიც მოუწოდებენ ხალხს მასობრივი პროტესტის ორგანიზებისეკენ. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გადაიზრდება-ხოლმე ონლაინ, ციფრული დეზინფორმაცია რეალურ ზიანად. შეიძლება საქართველო იყოს კიდეც შემდეგი“, - ამბობს ბუზიაშვილი.
ერთ-ერთი უახლესი ტენდენცია, რომელიც ლაბორატორიამ გამოავლინა, მისი განმარტებით, ჯანდაცვის სპეციალისტების გვერდებისა და სოციალურ მედიაში მათი ანგარიშების გაყალბებაა. „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით რელევანტური და საყურადღებოა, რადგან ეს ადამიანები (ჯანდაცვის სპეციალისტები და სისტემის ხელმძღვანელები) მოსახლეობას კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ცნობებს ყოველდღიურად აწვდიდნენ და ხალხი მათ ნდობას უცხადებდა.
„ის ქსელი, რომელიც ამას აკეთებდა, შესაძლოა ცდილობდა ამ გვერდებისთვის (თითქოსდა ჯანდაცვის ექსპერტების პირადი გვერდებისთვის) უფრო ფართო აუდიტორია შეექმნა, რაც მოგვიანებით მათ დეზინფორმაციის უფრო მეტ ადამიანამდე მიტანის შესაძლებლობას მისცემდა.
ინფოდემია სომხეთსა და აზერბაიჯანში
კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი და საინფორმაციო სივრცის ბრძოლის ველად ქცევა, საქართველოსთვის, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის თუ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვის, დიდი ხანია უცხო არაა. კოვიდ-19-ის პანდემია კი კრემლის პროპაგანდის მანქანისთვის ფრონტის ახალი ხაზი და ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა ნაცადი ტაქტიკების თუ მითების ახალ რეალობაში მოსასინჯად.
კარინე ღაზარიანი, ე.წ. ფაქტჩექერი - ფაქტების შემმოწმებელი ჟურნალისტი სომხეთის „მედიის ინიციატივის ცენტრიდან“ ამბობს, რომ ბევრი ის საინფორმაციო თავდასხმა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებს, არც სომხეთისთვისაა უცხო. თუკი საქართველოში კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მთავარი „ობიექტი“ ლუგარის კვლევითი ცენტრია, სომხეთში ბიოიარაღისა და ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარება, როგორც ირკვევა, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრს ბრალდება ხოლმე.
ასევე ნახეთ: "ვირუსზე მცდარი ინფორმაციის სამიზნე თქვენი ემოციებია და არა - გონება" - დეზინფორმაციის მკვლევარი„პანდემიის დროს ეს ნარატივები მცირედით შეიცვალა, იმისთვის რომ კორონავირუსის ელემენტებიც მოეცვა. რუსული ვებგვერდები წერდნენ, რომ სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრია ის ადგილი, საიდანაც სომხეთში ვირუსი გავრცელდა. ეს სტატიები გადაითარგმნა და ძალიან სწრაფად გავრცელდა სომხურ მედიაშიც. წლებია რუსეთი ამ ნარატივს იყენებს, პანდემიის დროს ამას საპროტესტო აქციაც კი მოჰყვა შედეგად: ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მთავრობის შენობის წინ აქცია გამართეს, სადაც წუხილს გამოთქვამდნენ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს საფრთხეს უქმნიდა“, - ამბობს ჟურნალისტი.
სომხეთში ბიოიარაღისა და ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოებას დეზინფორმაციის მანქანა, როგორც წესი, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრს აბრალებს ხოლმე. ახლაც, რუსული ვებგვერდები წერდნენ, რომ სომხეთში ვირუსი სწორედ ცენტრიდან გავრცელდა. ეს ცნობები ძალიან სწრაფად გავრცელდა სომხურ მედიაშიც.- კარინე ღაზარიანი
ღაზარიანი ხსნის, რომ სომხურ მედიასა და საზოგადოებაში საერთაშორისო კონსპირაციული თეორიები ძირითადად რუსეთიდან ვრცელდება, მაგრამ პროკრემლისტური ჯგუფები მაინც არაა დეზინფორმაციის ერთადერთი წყარო. მისი თქმით, ბევრია ინგლისურენოვანი, ვაქცინების საწინააღმდეგო შინაარსის მქონე მასალებიც. გარდა ამისა, ხშირად წამყვანი მედიასაშუალებები, რომლებიც ამა თუ იმ კორპორატიული მფლობელის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, საკუთარ პლატფორმას, დროსა თუ სივრცეს გადაუმოწმებელი და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საშიში ინფორმაციის გამავრცელებლებსაც კი უთმობს.
ჟურნალისტის თქმით, მაშინ, როდესაც ტელემედია (ზოგადად) ვაქცინების თუ კორონავირუსის ტესტირების მოწინააღმდეგე ექიმებს ეთერს უთმობს, გასაკვირი არაა, რომ ხალხი ძალიან დაბნეულია და ბევრს სჯერა, რომ ტესტირებით შეიძლება დაინფიცირდეს, ან რომ გარდაცვლილთა ახლობლები ფატალურ შედეგს კორონავირუსს ფულის სანაცვლოდ აბრალებენ და სინამდვილეში ციფრები გაბერილია. ამასთან, ორი წლის წინ ქვეყანაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, მედია ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას თუ მათ მხარდამჭერებს შორის, „შიდა ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად“ იქცა, რაც მნიშვნელოვნად აისახება გავრცელებულ ინფორმაციაზე.
საინტერესოა, რომ პანდემიის გავრცელებასთან ერთად, თავდაპირველად სომხეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები დააწესა და ქვეყნის ოფიციალური წყაროების და მთავრობის ცნობების გარდა, სხვა ინფორმაციის ციტირება აუკრძალა. მოგვიანებით, ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობის უფლება მისცა, შემდეგ კი შეზღუდვა მთლიანად მოხდა. „არ ვიცი, ეს უარყოფითი შეფასებების გამო გააკეთეს თუ იმის გამო, რომ ამ აკრძალვის დროსაც მედია უამრავ დეზინფორმაციას ავრცელებდა, ბილ გეითსის, 5G ტექნოლოგიების თუ შეთქმულების სხვა თეორიების თაობაზე და მთავრობას უბრალოდ არც შეეძლო ამ ყველაფრის გაკონტროლება ან ამისთვის ვინმეს დასჯა“, - ამბობს ღაზარიანი.
ამავე დროს, კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შეზღუდვის საბაბით აზერბაიჯანის პარლამენტმა 17 მარტს საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ინტერნეტ-გამოცემების მფლობელებს ავალდებულებს, მოახდინონ „მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნების პრევენცია“. ცვლილებამ მალევე გამოიწვია როგორც ჟურნალისტების, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკა.
ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დესირი ამბობს, რომ ჯანდაცვის კრიზისისას აბსოლუტურად გასაგებია ყალბი ინფორმაციის თავიდან აცილების სურვილი, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ჟურნალისტებს პანდემიის თაობაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ცნობების გავრცელებაში, რადგან თავად მედიას ამ ყალბ ცნობებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მიღებული კანონი კი მისივე თქმით, ძალიან ფართოდ შეიძლება იყოს მისადაგებული არა კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, არამედ სხვა თემებზეც, რომლებსაც ხელისუფლება „საზოგადოებისთვის საშიშად“ გამოაცხადებს.
ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ კანონი ხელისუფლებამ მალევე გამოიყენა ოპოზიციონერი აქტივისტებისა და კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ და მათი დაპატიმრების საფუძვლად.
დეზინფორმაცია პანდემიაზე - კრემლის დიდი სტრატეგიის ახალი სცენა
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ახალი ინფოდემია - დეზინფორმაცია პანდემიაზე - ისევე როგორც ჰიბრიდული ომი, რომელსაც ის ათწლეულების მანძილზე აწარმოებს, კრემლის დიდი სტრატეგიის და უკვე არსებული მიზნების მიღწევის ახალი საშუალებაა:
პანდემიისას ნარატივების სინქრონიზაცია ხდება: ზოგიერთი ჯგუფი ქმნის შინაარსს, სხვები კი - ავრცელებენ. ამ ჯგუფებს განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ, ზოგს - ქსენოფობიური, ზოგს - ნაციონალისტური ან შეთქმულების თეორიები. პანდემიისას კი ყველა მათგანის ნარატივი, შინაარსი და ინტერესები საზიარო გახდა.- ბათუ ქუთელია
„ყველა ქვეყანაში, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის ან ინტერესის სფეროდ მიიჩნევს, მას მსგავსი მიზნები და სტრატეგია აქვს. ერთი, ეს არის დასავლეთის შეკავება, რომ არსებობდეს პროაქტიული პოლიტიკა, რომ ჩვენ მხოლოდ წამგებიან, რეაგირების პოზიციაში ვიყოთ. მეორე, ამერიკის ლიდერობის შესუსტება და ტრანსატლანტიკური კავშირების დარღვევაა. ეს ინფოდემიის გზავნილების მნიშვნელოვანი ნაწილია", ამბობს ბათუ ქუთელია და განაგრძობს, რომ კრემლის მესამე მიზანი ისაა, ამ ქვეყნებში: საქართველო იქნება ეს, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ უკრაინა, მათი პოლიტიკური ლეგიტიმურობისა და სუვერენიტეტის შესახებ კითხვების გაჩენაა:
"ამასთან, მიზანი სწორედ მთავრობების ლეგიტიმურობის შემცირებაა: თუკი ისინი ნაკლებად დემოკრატიულები და უფრო ავტორიტარულები იქნებიან, თუკი ძალაუფლების კონსოლიდირება მოხდება, ამ ლიდერებისადმი საზოგადოების ნდობაც შემცირდება და შემდეგ, საერთაშორისო თუ შიდა ლეგიტიმაციის დაკარგვის შემდეგ, ისინი რუსული წნეხისადმი უფრო მოქნილები ხდებიან“, - ხსნის ქუთელია და განმარტავს, რომ კრემლი, როგორც ოპორტუნისტული ძალა, პანდემიას სწორედ იმ შესაძლებლობად აღიქვამს, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოებს მისი გავლენისადმი უფრო რბილსა და დამთმობს გახდის.
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ კონკრეტულად პანდემიასთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ნაციონალისტური მისწრაფებების, სენტიმენტების და ქსენოფობიის გაღვივება, საზღვრების დაკეტვაზე აქცენტირება, რაც უფრო დიდი მიზნის - საქართველოსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობის გაფუჭების სურვილითაა ნაკარნახევი. ამასთან, ევროპის იდეისთვის ძირის გამოთხრა, რომ ევროპას თავდ არ შეუძლია საკუთარი თავის დახმარება და ხალხი ევროპეანიზმის მიმართ აპათიითა და იმედგაცრუებით იყოს გამსჭვალული“, - ამბობს ბათუ ქუთელია.
„მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ პანდემიისას ნარატივების სინქრონიზაცია ხდება: ზოგიერთი ჯგუფი ქმნის შინაარსს, სხვები კი - ავრცელებენ. თავად ამ ჯგუფებსაც განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ, ზოგს - ქსენოფობიური, ზოგს - ნაციონალისტური ან შეთქმულების თეორიები. პანდემიის შემდეგ კი ყველა მათგანის ნარატივი, შინაარსი და ინტერესები საზიარო გახდა“, - ხსნის ბათუ ქუთელია „საქართველოს ატლანტიკური საბჭოდან“.
ქართველი ხალხი კრიტიკული უნდა იყოს იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც იღებს. ღირებულია ის განსხვავებული პროგრამები და პროექტები, რომლებიც მოსახლეობის მედია-წიგნიერების გაზრდას, მისთვის ინფორმაციის წყაროების ამოცნობის სწავლებას ითვალისწინებს, რათა ის სხვადასხვა მიზნით გავრცელებული დეზინფორმაციით არ გაასულელონ. ვფიქრობ, საქართველოს საინფორმაციო ლანდშაფტი ჯანსაღისგან შორსაა.- მარკ ბერენტი
მაშინ, როდესაც რუსეთის დეზინფორმაციის მანქანა, უშუალოდ კრემლის მიერ მართული მედია თუ მასთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული ჯგუფები და ქსელები სამეზობლოში დემოკრატიულად არჩეული ლიდერების ლეგიტიმურობის შესუსტებას, ქვეყნების სუვერენიტეტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, დასავლეთის უუნაროდ და უმოქმედოდ წარმოჩენას, ინსტიტუტების დისკრედიტაციას და ნაციონალისტური მისწრაფებების გაღვივებას ცდილობენ, „ფეისბუქმა“ საქართველოში შიდა აქტორების მიერ შიდა აუდიტორიაზევე მიმართული დეზინფორმაციული ქსელიც გამოავლინა. „ფეისბუქის“ „წმენდაში“ ასეულობით გვერდი, ჯგუფი თუ ანგარიში მოჰყვა, რომელთა კვალიც ერთი მხრივ საქართველოს ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ კი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებამდე მიდიოდა.
ე.წ. ტროლინგი და ციფრულ სამყაროში გავრცელებული დეზინფორმაცია საქართველოში ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. გასულ წელს ის პირველად მოხვდა ინტერნეტის თავისუფლების შესახებ „ფრიდომ ჰაუზის“ ანგარიშშიც. საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, მარკ ბერენტი ამბობს, რომ დეზინფორმაციის გავლენის შესამცირებლად, მოსახლეობის მედიაწიგნიერების გაზრდა და ყალბი ამბების ამოცნობის სწავლება ახლა არსებითი მნიშვნელობისაა.
ასევე ნახეთ: "ფრიდომ ჰაუზი": საქართველოში ონლაინ დეზინფორმაცია და "ტროლინგი" განსაკუთრებული პრობლემაა„ერთ-ერთი ის საკითხი, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აერთიანებს, ნამდვილად არის დეზინფორმაცია და რა თქმა უნდა, უკვე არსებული მაგალითები იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია [ამგვარად] საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში გამიზნულად ასუსტებს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესს. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში“, - ამბობს ბერენტი და განმარტავს, რომ არაჯანსაღ, პოლიტიზებულ და პოლარიზებულ გარემოში ხშირად მანიპულაციებს ქვეყნის შიგნით მოქმედი ძალებისგანაც ვხვდებით:
„ვხედავთ იმასაც, რომ პოლიტიკური ინტერესების ჯგუფები ამ ქვეყნებში ასევე იყენებენ დეზინფორმაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი კრიტიკული იყოს იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის განსხვავებული პროგრამები და პროექტები, რომლებიც მოსახლეობის მედია-წიგნიერების გაზრდას, მისთვის ინფორმაციის წყაროების ამოცნობის სწავლებას და სხვა ტრენინგებს ითვალისწინებს, რათა ის სხვადასხვა მიზნით გავრცელებული დეზინფორმაციით არ გაასულელონ. თუკი დემოკრატიაში (დემოკრატიულ პროცესში) მონაწილეობა გვსურს, უნდა ვიცოდეთ, რატომ ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. არ მინდა, რომელიმე მხარისკენ თითი გავიშვირო, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველოს საინფორმაციო ლანდშაფტი ჯანსაღისგან შორსაა“, - ამბობს ბერენტი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
გარეშე თუ შიდა აქტორების მიერ სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობა პანდემიის პირობებში შეიძლება განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდეს. რადგან ადამიანები სწორედ ამგვარად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხშირად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მათი და მათი ახლობლების ჯანმრთელობასა და ზოგჯერ სიცოცხლეზეც ახდენს გავლენას.