ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მკვლევარები: დეზინფორმაციასთან ბრძოლას ერთიანი და განახლებადი სტრატეგია სჭირდება


„დეზინფორმაციის დამარცხება შესაძლებელია, თან ისე, რომ მის ავტორებს არ დავემსგავსოთ და არც სიტყვის თავისუფლება შევზღუდოთ. ამისათვის მთავარია გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“, - ამბობენ, მკვლევარები, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის კამპანიებსა და მის განვითარებას აკვირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ უკანსკნელი წლების განმავლობაში დასავლურმა საზოგადოებებმა ბევრი გააკეთეს ამ გამოწვევის საპასუხოდ, დეზინფორმაციული მანქანა ახალ გზებს პოულობს. განსაკუთრებით კი ის მოსახლეობაში არსებული დამაპირისპირებელი თემების გამწვავებას და შიდა კონფლიქტებად წარმოჩენას ცდილობს.

ისინი გადაერთნენ შიდა ხმების გაძლიერებაზე. თუკი 2016 წელს რუსების სტრატეგია ერთი კონკრეტული ნარატივის გატარება და მის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის შექმნა იყო, ახლა ​ისინი ცდილობენ ადგილობრივ, არსებულ "ხმაურში გათქვეფას" და ავთენტურ და არაავთენტურ კონტენტს შორის ზღვრების წაშლას.
ალინა პოლიაკოვა

დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის ჩარევამ დეზინფორმაცია ევროპისა და შეერთებული შტატების პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია. მთავრობებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და კერძო სექტორს საკუთარი მიდგომების გადახედვა მოუხდა. თუმცა უმოქმედოდ არც დეზინფორმაციის მანქანა ყოფილა, მეთოდები და გავლენის საშუალებები გამუდმებით იცვლება და ახლდება.

დემოკრატი სენატორი კონექტიკუტის შტატიდან კრის მერფი ამბობს, რომ პრობლემა, რომელიც წლების წინ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჰქონდათ, ბოლო წლებში ამერიკისთვისაც მწვავედ დადგა:

სენატორი კრის მერფი
სენატორი კრის მერფი

​"შეერთებული შტატები აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე, როდესაც რუსებმა სცადეს, და სავარაუდოდ წარმატებით, რომ ჩარეულიყვნენ ამერიკულ არჩევნებში და ისინი არ გაჩერებულან მთავრობის დახურვის დროსაც, „ტვიტერზე“ ყველაზე ხშირად ამ პროცესს „შუმერის შათდაუნს“ უწოდებდნენ. ძნელი არ იყო იმის დადგენა, რომ ეს იყო რუსული ბოტები. ისინი ამ კონკრეტული დღის წესრიგით მოქმედებდნენ ამ ნაწილის აქცებტირებას საზოგადო სფეროში", - ამბობს სენატორი და განმარტავს, რომ სავარაუდოდ, რუსეთი არა მხოლოდ მომავალ არჩევნებში ჩარევასაც შეეცდება, არამედ პრაიმერებზე გავლენის მოხდენაც ენდომება.

"დღეს ბევრს ვლაპარაკობთ რუსებზე, მაგრამ ვიცით რას აკეთებენ ჩინელებიც, და სხვა ქვეყნებიც მალე მიჰყვებიან მათ, თუკი ისინი არ დაინახავენ რომ ამერიკა დგამს ნაბიჯებს და თამაშობს სერიოზულ როლს იმისთვის, რომ განავითაროს ახალი შესაძლებლობები, ახალი ძალები და დაუპირისპირდეს მას", - ამბობს მერფი.

უდიდესი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ და აუცილებელია მხარეებმა დეზინფორმაციის მთავარ სამიზნეებთან ითანამშრომლონ.

დენ ფრიდი
დენ ფრიდი

"საქართველო დეზინფორმაციის სამიზნე ბევრად იმაზე ადრე გახდა, ვიდრე - ჩვენ. ქართველები ძალიან კარგად ცნობენ მას. დეზინფორმაციის ამოცნობაში სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესოდ აღჭურვილი და მომზადებული ჯგუფები სწორედ ევროპის თქვენს ნაწილში გვხვდება, იქნება ეს საქართველო, ბალტიისპირეთის ქვეყნები თუ უკრაინა, და მისი „სტოფ-ფეიქის“ მსგავსი ჯგუფები", - ამბობს ყოფილი დიპლომატი და უშუალოდ საქართველოს გამოწვევებზეც საუბრობს, მისი თქმით, რუსული დეზინფორმაციის სამზნეებთან მუშაობა აუცილებელია:

"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ამოვიცნოთ და გამოვავლინოთ რუსული და დეზინფორმციის სხვა კამპანიები. საქართველოსთან დაკავშირებით კი ვიტყოდი, რომ საჭიროა მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც კარგად გამოსდით ამ ფაქტების ამოცნობა. ასევე საჭიროა მუშაობა რუსული დისინფორმაციის სამინზეებთან, ქართულ ეკლესიასთან ყველა ტიპის საზოგადოებასთან, რათა მათ გაიგონ, როგორ მედია გარემოში არიან. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გამჭვირვალე და პატიოსანი გზით", - ამბობს დენიელ ფრიდი.

მკვლევარების, დენიელ ფრიდისა და ალინა პოლიაკოვას ანგარიშის თანახმად, რომელიც რუსული დეზინფორმაციის განვითარებასა და დასავლური საზოგადოებების პასუხის ეფექტურობას იკვლევს, კრემლის პროპაგანდის მანქანის მიზნები და მეთოდები ბოლო პერიოდში შეიცვალა.

საჭიროა მუშაობა რუსული დისინფორმაციის სამინზეებთან, ქართულ ეკლესიასთან ყველა ტიპის საზოგადოებასთან, რათა მათ გაიგონ, როგორ მედია გარემოში არიან. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს გამჭვირვალე და პატიოსანი გზით.
დენ ფრიდი

„სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული/მართული დეზინფორმაციის კამპანიები მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სოციალური განსხვავებების გაღრმავებას და დემოკრატიული საზოგადოებების უფრო მეტ პოლარიზებას. ალბათ, უფრო და უფრო რთული იქნება უცხოური წარმოშობის დეზინფორმაციისა და შიდა სოციალური მედია-დისკუსიების გარჩევა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის თანაავტორი, ალინა პოლიაკოვა ბრუკინგსის ისნტიტუტიდან ამბობს, რომ მიუხედავად ბევრი წარმატებული ქმედებისა მთავრობებისა და სოციალური მედიის კომპანიების მხრიდან, დეზინფორმაციული მანქანა სტრატეგიას იცვლის და უფრო რთულად ამოსაცნობ-გასამკლავებელი ხდება.

"ისინი გადაერთნენ შიდა ხმების გაძლიერებაზე. თუკი 2016 წელს რუსების სტრატეგია ერთი კონკრეტული ნარატივის გატარება და მის ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის შექმნა იყო, ახლა ეს ხაზი თითქოს წაიშალა და კოორდინირებული არაავთენტური ქმედებების გამოვლენა უფრო და უფრო რთული ხდება. ​ისინი ცდილობენ ადგილობრივ, არსებულ "ხმაურში გათქვეფას" და ავთენტურ და არაავთენტურ კონტენტს შორის ზღვრების წაშლას", - ამბობს პოლიაკოვა.

ანგარიში განმარტავს, რომ დეზინფორმაცია უფრო ხშირად არა გარე აქტორებისგან, არამედ შიდა წყაროებისგან ვრცელდება, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ მართული კამპანიების ფარგლებში და სხვა ქვეყნებში კრემლის სატელიტები ხდებიან.

მკვლევარის თქმით, ეს სხვა - სიტყვის თავისუფლებასთან გადაჯაჭვული უფლებების კუთხითაც ართულებს დეზინფორმაციასთან გამკლავებას. თუმცა პოლიაკოვა ამბობს, რომ საჭიროა დეზინფორმაციის მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოვლენა, შესწავლა და შეკავება მანამ, სანამ საქმე უშუალოდ კონტენტის განხილვამდე მივა. "ჩვენი რეკომენდაციები არ გულისხმობს შინაარსის მართვას მძიმე ხელით, არ გულისხმობს ცენზურას". ​

ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა პრინციპების, პროცედურებისა და რეკომენდაციების საერთო კოდექსი უნდა შეიმუშაოს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და მექანიზმები გაუზიარონ იმისათვის, რომ პრობლემას უფრო პროეაქტიულად და ეფექტურად გაუმკლავდნენ. სოციალური მედიის კომპანიები კი მართალია პრობლემის არსებობის უარყოფიდან, აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, მაგრამ კოორდინაცია და ახალი მეთოდების შემუშავება მათთვისაც აუცილებელია.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 2019-2020 წლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ევროპასა და ამერიკაში, მთავრობებმა, სოციალური მედიის კოპანიებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთმანეთისგან მეტი უნდა ისწავლონ, მეტად ითანამშრომლონ და თავდაცვის საუკეთესო მექანიზმები შეიმუშაონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG