თუ ნახევარი მაინც სიმართლეა, საქმე ცუდად აქვს - ყოფილი გენერალური პროკურორი ტრამპის ბრალდებაზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკური პარტიის ყრილობას. გრინსბორო, აშშ. 10 ივნისი, 2023 წ.

უილიამ (ბილ) ბარი, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნული აშშ-ის გენერალური პროკურორი 2019-2020 წლებში, ყოფილი პრეზიდენტის ბოლო საბრალდებო დასკვნას აფასებს. მისი აზრით, ბრალდება "ძალზე, ძალზე გამამტყუნებელი" ჩანს.

"ნახევარი მაინც თუ სიმართლეს შეესაბამება, მას საქმე ცუდად აქვს. ანუ, ეს ძალზე დეტალური ბრალდებაა" - ამბობს უილიამ ბარი. ის კვირას, 11 ივნისს, ბრალდების შესახებ ტელეკომპანია "ფოქსს" ესაუბრა. ბარის თქმით, "ამ შემთხვევაში ტრამპის მსხვერპლად წარმოჩენის იდეა, რომ ის კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია - წარმოუდგენელი ამბავია".

ყოფილი გენერალური პროკურორი ფიქრობს, რომ ტრამპი "აბსოლუტურად ცდებოდა, როცა ჩათვალა, რომ ამ დოკუმენტების ქონის უფლება ჰქონდა... ეს დოკუმენტები ამ ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე საიდუმლოთა შორისაა. მათ არქივი უნდა იცავდეს. მას არ ჰქონდა მათი შენახვის უფლება" - აღნიშნავს უილიამ ბარი.

უილიამ (ბილ) ბარი, აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორი 2019-2020 წლებში, დონალდ ტრამპის მმართველობის დროს.

ტრამპის მეორე ბრალდება

8 ივნისს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, 76 წლის დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მას ბრალს უყენებენ, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ შინ წაღებული საიდუმლო დოკუმენტების საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს დიდი კოლეგიის მიერ გასულ კვირაში ჩაბარებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ტრამპს ბრალს 37 მუხლით წაუყენებენ.

ეს ამერიკის ისტორიაში პირველი ფედერალური ბრალია, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს უყენებენ. მას ტრამპს ოფიციალურად სამშაბათს, 13 ივნისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე წაუყენებენ. ტრამპი ფლორიდის ქალაქ მაიამიში მდებარე სასამართლოში უნდა გამოცხადეს და სამართალდამცავებს ფორმალურად ჩაბარდეს, სადაც მას საბრალდებო დასკვნას წაუკითხავენ.

ბრალდებებს შორის, უმეტესი ნაწილი, 31 ბრალეულობა ეროვნული თავდაცვის დოკუმენტების "ნებით შენახვის" გამოა. დარჩენილ ექვსს შორის კი სახელდება სამართლის აღსრულებისადმი წინააღმდეგობის გაწევა, რაც ეფუძნება დოკუმენტების გადამალვას ისე, რომ ისინი თავისივე ადვოკატებს არ ენახათ და მთავრობის გამომძიებლებთან ყალბი განცხადებების გაკეთებას.

ჩხრეკის შედეგად, ფლორიდაში მდებარე ტრამპის მარალაგოს რეზიდენციაში, სადაც ის თეთრი სახლიდან გადავიდა, 300-ზე მეტი სხვადასხვა კლასიფიკაციის საიდუმლო დოკუმენტი იპოვეს. ფოტოების მიხედვით, დოკუმენტები ინახებოდა ტრამპის აბაზანაში, საძინებელ ოთახში და წვეულებათა დარბაზში.

ნაპოვნ საბუთებს შორის უმაღლესი კლასიფიკაციის - სრულიად საიდუმლო გრიფის მქონე - დოკუმენტებიც იყო. გამოძიების მიხედვით, ტრამპს არაერთხელ მოსთხოვეს დოკუმენტების ეროვნული არქივისთვის გადაცემა, სადაც კანონით საბუთები უნდა ინახებოდეს, თუმცა მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილი დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ კი ჩხრეკის ორდერი გაიცა.

საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი, რომლებიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მარლაგოს რეზიდენციაში იპოვა.

რესპუბლიკელების განწყობა

თანაპარტიელებს შორის, ტრამპს ბევრი მხარდაჭერას უცხადებს და იზიარებს მის მოსაზრებას, რომ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური იერიშის ნაწილია, რათა ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თეთრ სახლში კიდევ ერთი ვადით არ დაბრუნდეს. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი რესპუბლიკურ პარტიაში საპრეზიდენტო მარათონის ლიდერია.

რესპუბლიკელების ნაწილი აკრიტიკებს საგანგებო გამომძიებელ ჯეკ სმიტს, რომელმაც საქმე ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის წინააღმდეგ ბრალის წაყენებამდე მიიყვანა. დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი დამცველია სენატორი ლინდსი გრემი.

გრემმა ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" უთხრა, რომ ზოგიერთი ბრალდება ჯაშუშობის მუხლით არის წარმოდგენილი, რაც მისი აზრით, რეალობას არ შეესაბამება. "ის ჯაშუში არ არის" - ამბობს სენატორი და ტრამპის საქმეს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების ამბავს ადარებს. კლინტონს ამერიკის უმაღლესი დიპლომატის პოსტზე ყოფნის დროს, საიდუმლო დოკუმენტები პირად სერვერზეც ჰქონდა არასათანადოდ შენახული და დაცული.

კონგრესმენმა ჯიმ ჯორდანმა კი ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპის ბრალი კანონის უზენაესობის პრინციპს ეწინააღმდეგება. ის იმეორებს იმას, რასაც ყოფილი პრეზიდენტი დოკუმენტებთან დაკავშირებით ამბობს. ტრამპი ამტკიცებს, რომ მან შინ წაღებამდე დოკუმენტებს მოუხსნა საიდუმლო კლასიფიკაციები. თუმცა, ბრალის მიხედვით, ტრამპს ამის გაკეთების უფლება დამოუკიდებლად არ ჰქონდა.

ფლორიდის შტატში შეკრებილი დონალდ ტრამპის მხარდამჭერები.

ტრამპის რეაქცია

ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ აცხადებს და თვლის, რომ ეს ბრალიც მის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის ნაწილია. გამოცემა "პოლიტიკოსთან" ინტერვიუში მან თქვა, რომ გააგრძელებს საპრეზიდენტო მარათონს იმის მიუხედავად, ცნობენ თუ არა მას დამნაშავედ სასამართლოში.

“ეს ფინალური ბრძოლაა" - თქვა მან ჯორჯიის შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე. "ან კომუნისტები გაიმარჯვებენ და დაანგრევენ ამერიკას, ან ჩვენ გავანადგურებთ კომუნისტებს" - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც "კომუნისტებში" სავარაუდოდ, ოპოზიციაში მყოფ დემოკრატებს გულისხმობდა.

უქმეებზე გამართულ შეხვედრებზე ტრამპი გამუდმებით ილაშქრებდა შეერთებული შტატების მთავრობაში მყოფი ე.წ. "გლობალისტების" და "ომის მომხრეების" წინააღმდეგ. ოპონენტებს ის "ავადმყოფ პოლიტიკურ კლასს" უწოდებდა, რომელსაც "სძულს ჩვენი ქვეყანა".

დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში გამოსვლისას. 10 ივნისი, 2023 წ.