ბაიდენი და მოდი აქცენტს ორი ქვეყნის ხალხს შორის კავშირებზე აკეთებენ

ოთხშაბათს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თეთრ სახლში თავისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო იმის აღიარებით, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ყველაზე მეტად რაც აკავშირებს, ეს მათი ხალხია.

შეერთებულ შტატებს და ინდოეთს ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის ენა, როგორც ბრიტანული მმართველობის მემკვიდრეობა, დემოკრატიული სისტემა და უმაღლეს განათლებაზე და კვლევებზე ყურადღების გამახვილება. მოდიმ თქვა, რომ ადამიანებს შორის კავშირები უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორი ლიდერი „ურთიერთობის ახალ დონეზე გადასაყვანად“ ემზადება.

ასევე ნახეთ: მოდის ვიზიტს, შესაძლოა, აშშ-ინდოეთის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება მოჰყვეს

ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ეწვია, სადაც მოდი და ჯილ ბაიდენი ამერიკელ და ინდოელ სტუდენტებს შეხვდნენ.

შეერთებულ შტატებში ინდური წარმოშობის დაახლოებით 2.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაღალუნარიანი ვიზიტორი მუშაკებისთვის განკუთვნილი ამერიკული ვიზების თითქმის სამი მეოთხედი ინდოეთის მოქალაქეებს აქვთ მიღებული.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორ ქვეყანას ურთიერთობების გაღრმავება სურს. სასურველ მიმართულებებს შორის სახელდება თავდაცვის სფერო და კრიტიკული და უახლესი ტექნოლოგიები, თუმცა ვაშინგტონი გვერდს ვერ აუვლის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარს, როგორიცაა ინდოეთში ადამიანის უფლებები, პრესის თავისუფლება და ლიბერალური დემოკრატიისადმი ქვეყნის ერთგულება.

მოდიმ სურვილი გამოთქვა, რომ ამერიკელმა განათლების და სამეცნიერო კვლევის სპეციალისტებმა შვებულებების ინდოეთში გატარებაზე და გამოცდილების გაზიარებაზე იფიქრონ. თუმცა, ეს ადვილი განსახორციელებელი არ არის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ინდოეთისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული მეორე დონის რეკომენდაცია - „მომატებული სიფრთხილის გამოჩენის“ კატეგორია აქვს მინიჭებული. გასული წლის განმავლობაში, ქვეყანაში ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის დონე გაიზარდა.