ინდოეთში ინფიცირებულთა რიცხვი 25 მილიონს აჭარბებს

ინდოეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები სამშაბათს 25 მილიონს გადასცდა. ჯანდაცვის კრიზისს ბუნებრივი კატასტროფაც დაერთო და ძლიერმა ციკლონმა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. განსაკუთრებით დასავლეთით მდებარე შტატებში - გუჯარათსა და მაჰარაშტრაში, რომლებიც პანდემიითაც ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატებად მიიჩნევა.

გუჯარათის სანაპირო ზონიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს კოვიდ-19-ის ტესტირება ჩაუტარდათ. სულ ევაკუაცია 200 000 ადამიანს დასჭირდა. ამასთან, პირბადეების დარიგებისა და სხვა ზომების მეშვეობით შესაბამისი სამსახურები ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას ცდილობდნენ.

ასევე ნახეთ: ინდოეთში ინფიცირება ავისმომასწავებლად მაღალია - ჯანმო

ინდოეთში კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევები ახლა 25 მილიონ 200 ათასს აჭარბებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 263 533 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობაც კვლავ რეკორდულია - 4 329. ოფიციალური ცნობებით, სულ კოვიდ-19-ის გართულებებით ქვეყანაში 278 719 ადამიანია გარდაცვლილი.