საერთაშორისო პლატფორმა “კოვაქსს”, რომელიც კოვიდ-19-ის ვაქცინების თანაბარი საერთაშორისო განაწილებისთვისაა შექმნილი, დოზების მარაგი უმცირდება. ნაკლებობა ძირითადად განპირობებულია ინდოეთის შრატების ინსტიტუტის მიზეზით, რომელმაც ვაქცინაზე უზარმაზარი საშინაო მოთხოვნის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში გლობალური ვალდებულება ვერ შეასრულა.
“კოვაქსის” ვაქცინებს “უნისეფი” ყიდულობს და ანაწილებს. გაეროს ამ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰენრიეტა ფიორემ, ქვეყნებს მოუწოდა “კოვაქსის” მიმართ არა მხოლოდ საკუთარი ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ, არამედ საკუთარი ზედემტი დოზებიც გააზიარონ, რომელიც “ახლაა საჭირო”.
ფიორემ თქვა, მონაცემთა ანალიზმა გამოავლინა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებს და ევროკავშირს “შეეძლოთ 153 მილიონი დოზის ჩუქება, თუ ივნისში, ივლისში და აგვისტოში მათთვის ხელმისაწვდომი მარაგის 20 პროცენტს გააზიარებდნენ. კრიტიკულად, მათ შეეძლოთ ამის გაკეთება და იმავდროულად საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციის ვალდებულების შესრულებაც.”
“კოვაქსის” პლატფორმიდან ვაქცინები საქართველომაც არასაკმარისი რაოდენობით მიიღო. ვაქცინის მეორე პარტიამ დაახლოებით 43 ათასი დოზა შეადგინა, რაც ამ პლატფორმიდან მისაღები მოსალოდნელი რაოდენობის დაახლოებით ნახევარია. ხელისუფლება მოელის, რომ წლის ბოლოსთვის მთელი მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას შეძლებს.
“უნისეფის” ხელმძღვანელმა თქვა, რომ “კოვაქსი” უახლოეს დღეებში 65-ე მილიონ დოზას მიაწვდის, რაც 170-ე მილიონი უნდა ყოფილიყო. იმ დროისთვის, როდესაც დიდი შვიდეულის ლიდერები მომავალ თვეში ბრიტანეთში შეიკრიბებიან, და სავარაუდოდ კოვიდ-19-ის მომაკვდინებელი მეორე ტალღა ინდოეთს და მის სამხრეთ აზიელ მეზობლებს გადაუვლის, დოზების ნაკლებობა 190 მილიონს მიუახლოვდება.
ინდოეთი ციკლონ “ტაუკტაესთვის” ემზადება, რომელიც ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს ორშაბათს დაარტყამს. ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა და ზოგიერთ ადგილზე ვაქცინაციის პროგრამები დაიხურა. შიშობენ, რომ ციკლონისგან თავშესაფრები, ვირუსის სუპერგამავრცელებელი ადგილები გახდება.
ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების ოფიციალური პირები გაფრთხილებას გამოთქვამენ, რომ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვამ, შესაძლოა ეს ტერიტორიაც ვირუსის სუპერგამავრცელებლად აქციოს, რადგან მოსახლეობა საჰაერო თავასხმებისგან თავშესაფარს, ხალხმრავალ სივრცეებში ეძებს.
შეერთებულ შტატებში, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ, ატლანტის ემორის უნივერიტეტში გამოსვლისას თქვა, რომ პანდემიამ გამოავლინა “რასიზმის უდავო ეფექტი” , როდესაც ვირუსმა ფერადკანიანთა თემებს უფრო ძლიერად დაარტყა, ვიდრე თეთრკანიანებს. ფაუჩიმ თქვა, რომ შავკანიანი, ლათინო-ამერიკელი და ამერიკელი ინდიელების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა მუშაობს ისეთ სამსახურებში, რომლებსაც “სასიცოცხლოდ აუცილებლის” კლასიფიკაცია აქვს და მათ კორონავირუსით დასნებოვნების მეტი შანსი აქვთ.
იაპონიაში ოფიციალური პირები ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების გეგმებს აწყობენ, რომელიც გასული წლიდან გადაიდო. ეს “კოვიდის” შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად ხდება. გაზეთ “ასაჰი შიმბუნის” გამოკითხვის თანახმად, იაპონელების 80 პროცენტზე მეტი თამაშების ჩატარების წინაღმდეგია. 43 პროცენტს თამაშების გაუქმება, 40 პროცენტს კი მის კვლავ გადადება სურს. მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა ოლიმპიადამ უაღრესად საჭირო სამედიცინო რესურსები საავადმყოფოებიდან სპორტულ თამაშებზე გადაისროლოს.
ორშაბათისთვის, ჯონს ჰოპკინსის კორონავირუსის რესურს-ცენტრის თანახმად,გლობალურად “კოვიდის” 162,788,478 შემთხვევა აღირიცხა. აშშ-ში 32.9 მილიონი ინფიცირებულია, ინდოეთში 24.7 მილიონი, ბრაზილიაში 15.6 მილიონი.
Facebook Forum