ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სინოფარმის“ ვაქცინა ჯანმომ გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კოვიდ-19-ის ჩინური კომპანია "სინოფარმის" ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ამ ტიპის ავტორიზაცია, მის კოვაქს პლატფორმაში დამატების საშუალებას იძლევა. „კოვაქსი“ ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მთელს მსოფლიოში, ვაქცინების სამართლიან და თანასწორ გადანაწილებას ისახავს მიზნად.

შესაძლოა მომდევნო კვირაში გახდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია ცნობილი, კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის შესახებ, რომელსაც კომპანია „სინოვაკი“ ამზადებს. ამ დღეებში "სინოვაკის" ვაქცინის საკითხს ევროკავშირის მარეგულირებლებიც განიხილავენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "კოვაქს"-პლატფორმის სიაში, ახალი ვაქცინების დამატება თამაშის წესებს შეცვლის.

„დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვითარება ახლა იმდენად სასოწარმკვეთია, რომ მათთვის ნებისმიერი რაოდენობის დოზის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გქონდეს დამატებითი, პოტენციურად ორი ვაქცინა, ეს მომდევნო თვეების განმავლობაში ლანდშაფტს სრულიად შეცვლის“ - აცხადებს „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბრისას, დიუკის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ანდრეა ტეილორი.

ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ ჩინური ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცება, პეკინს ე.წ. ვაქცინის დიპლომატიაში ახალ შესაძლებლობებს აძლევს. საქმე იმაშია, რომ ინდოეთში მიმდინარე წარმოების შეფერხებების გამო, შეიძლება ჩინეთი მსოფლიოსთვის კოვიდ-19-ის ვაქცინების მთავარი მიმწოდებელი გახდეს. პეკინი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 3 მილიარდამდე ვაქცინას გამოუშვებს.

„სინოფარმის“ ვაქცინა პირველი ჩინური ვაქცინაა, რომელიც ჯანმოს მიერ, ახლა უკვე უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინად კვალიფიცირდება. თუმცა, კომპანიას ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ეტაპის მონაცემები არ გაუსაჯაროვებია. ჩინეთში მასობრივი იმუნიზაცია ამჟამად 5 ვაქცინით მიმდინარეობს. "სინოფარმი" სახელმწიფო კომპანიაა, "სინოვაკი" კი - კერძო.

ჯანმოს ამ მონაცემებზე წვდომა, განცხადების გაკეთებამდე მიეცა. მაგრამ, შეზღუდულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფქტიანია „სინოფარმის“ ვაქცინა, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტების შემთხვევაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG