13 000 პოლიციელი და 10 000-ზე მეტი ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი - ვაშინგტონში უსაფრთხოება მკაცრდება

ვაშინგტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გადაწყვეტილება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მიიღო. მერის განცხადებით, 11 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ყველა სახის საპროტესტო აქციის გამართვის მოთხოვნაზე პასუხი უარყოფითი იქნება.

კაპიტოლიუმის შენობაში, რომელიც გასულ კვირას, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებმა დაარბიეს ეროვნული გვარდიის დამატებითი შენაერთები განათავსეს.

პენტაგონი ამბობს, რომ კვირის ბოლომდე დედაქალაქში ნაციონალური გვარდიის 10 000 წარმომადგენელის განთავსება მოხდება. ინაუგურაციის პერიოდში კი ქალაქში წესრიგს 13 000 პოლიციელი და 10 000-ზე მეტი ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი დაიცავს. ვაშინგტონის უბანში, სადაც 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, თავშეყრის ადგილებს პოლიცია აკონტროლებს და ეროვნულ მოლზე რკინის კონსტრუქციები განათავსეს.

დამატებითი უსაფრთხოების ზომებია მიღებული თეთრ სახლთან და კაპიტოლიუმთან. კონგრესის შენობის ირგვლივ, უკვე რამდენიმე დღეა, რკინის კონსტრუქციებია განთავსებული. ბოლო დეტალები სრულდება საინაუგურაციო სცენაზეც, რომელიც გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერებმა დააზიანეს.

ვაშინგტონის მერი შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. კოლუმბიის ოლქში 21 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. Საიდუმლო სამსახურმა არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დაცვაც გააძლიერა.

ასევე ნახეთ: პელოსის გეგმა ტრამპის თანამდებობიდან გადასაყენებლად

ინაუგურაციის დეტალები კი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 20 იანვარს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცს კაპიტოლიუმის წინ დადებენ, თუმცა მსვლელობა რომელიც ინაუგურაციის დღის ერთ-ერთი შემადგენელი ტრადიციაა წელს არ გაიმართება. მიზეზი უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები და კოვიდ19-ის პანდემიაა. არ არის გამორიცხული ღონისძიებების დიდი ნაწილი ონლაინ წარიმართოს.

ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებს დონალდ ტრამპი. თუმცა, პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი აცხადებს, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას გეგმავს.