ახალ წიგნში მერკელი ამართლებს 2008 წლის NATO-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ პოზიციას

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოაქვეყნა - "თავისუფლება: მემუარები 1954–2021", სადაც ის თავისი 16-წლიანი მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და მოვლენებზე საუბრობს. წიგნი, რომელიც 26 ნოემბერს ბერლინში წარადგინეს, მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა 2008 წლის NATO-ს სამიტზე მიღებული მისი საკამათო გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის (წევრობის სამოქმედო გეგმის) მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. მერკელი განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის დაბლოკვა განპირობებული იყო შიშით, რომ ეს რუსეთს გამოიწვევდა.

როგორც მერკელი წერს, ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისათვის „საბრძოლო შეძახილი“ აღმოჩნდა. პუტინმა მოგვიანებით მას უთხრა: „სამუდამოდ კანცლერი არ იქნებით, და შემდეგ ისინი NATO-ს წევრები გახდებიან. მე ამის შეჩერება მსურს.“ რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ხოლო ექვსი წლის შემდეგ, უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და 2022 წლის თებერვალში დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც, პუტინის თქმით, ნაწილობრივ კიევის NATO-ში გაწევრიანების სურვილით იყო გამართლებული.

მერკელი წერს, რომ პუტინი მუდმივად ფრთხილობდა, რათა „ცუდად არ მოპყრობოდნენ“ და ხშირად "ძალაუფლების თამაშებში" მონაწილეობდა. მაგალითად, მერკელი იხსენებს 2007 წელს სოჭში გამართულ შეხვედრას, სადაც პუტინმა, მიუხედავად მისი ძაღლების მიმართ შიშისა, შეხვედრაზე თავისი შავი ლაბრადორი მიიყვანა.

ასევე ნახეთ: მერკელმა გუტერეშსს თანამდებობაზე უარი უთხრა

„შეგიძლიათ, ამ ყველაფერს ბავშვური და უღირსი უწოდოთ, შეგიძლიათ თავი გააქნიოთ ამაზე“, - წერს მერკელი. „მაგრამ ეს არ ხდის რუსეთს რუკიდან გამქრალს. რუსეთი თავისი ბირთვული არსენალით არსებობს და რჩება შეუცვლელ გეოპოლიტიკურ ფაქტორად.“

მერკელი ასევე საუბრობს დონალდ ტრამპზე, რომელსაც 2017 წელს პირველად შეხვდა თეთრ სახლში. ის ამბობს, რომ ტრამპი „ყველაფერს უყურებდა იმ უძრავი ქონების დეველოპერის პერსპექტივით, რომელიც პოლიტიკაში შესვლამდე იყო.“ მერკელის თქმით, მათი საუბრები „ორი განსხვავებული დონით“ მიმდინარეობდა: ტრამპი — ემოციურ დონეზე, ხოლო მერკელის მხრიდან — ფაქტებზე დაფუძნებული.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპი, რომელიც ნოემბერში მეორე ვადით აირჩიეს, არ იზიარებდა მის შეხედულებას, რომ თანამშრომლობა ყველასთვის სარგებლის მომტანი შეიძლება ყოფილიყო. პირიქით, ტრამპი მიიჩნევდა, რომ ყველა ქვეყანა ერთმანეთთან კონკურენციაში იყო. „ის არ თვლიდა, რომ თანამშრომლობით ყველას კეთილდღეობა შეიძლება გაიზარდოს,“ - წერს მერკელი და დასძენს, რომ ტრამპი „მოხიბლული იყო ავტორიტარიული და დიქტატორული ტენდენციების მქონე პოლიტიკოსებით.“

Your browser doesn’t support HTML5

ეპოქის დასასრული - მერკელი თანამდებობას ტოვებს

700-გვერდიან მემუარებში მერკელი საუბრობს იმ სირთულეებზე, რაც პირველ ქალი კანცლერობასთან იყო დაკავშირებული, 2015 წელს დიდი რაოდენობით მიგრანტებისა და ლტოლვილების მიღების გადაწყვეტილებაზე. წიგნი გამოიცემა როგორც აუდიოვერსიით, ასევე ითარგმნება 20-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ფრანგულად და ინგლისურად.

სპეციალური პრეზენტაცია გაიმართება ვაშინგტონშიც, სადაც მერკელი 2 დეკემბერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, თანდასწრებით წიგნს წარადგენს.

წიგნი გამოვიდა იმ დროს, როცა გერმანიაში მერკელის მემკვიდრეობას აფასებენ, განსაკუთრებით მის საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელმაც ბევრის აზრით, ულტრამემარჯვენეების გაძლიერებას შეუწყო ხელი.

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ყოფილი ლიდერი წიგნში ამართლებს თავის გადაწყვეტილებებს რუსეთთან მიმართებით. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა სულ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, მას მერე რაც მერკელმა თანამდებობა დატოვა და მისმა შემცვლელმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა (SPD) ოლაფ შოლცმა, კანცლერის პოსტი დაიკავა.

მერკელის მმართველობის დასრულების შემდეგ, შოლცის მმართველობისას გერმანიის ეკონომიკამ სტაგნაცია განიცადა. უკრაინაში ომმა ბერლინი აიძულა, უარი ეთქვა იაფ რუსულ გაზზე. ქვეყანას ჩინეთში ექსპორტის შემცირებამაც მიაყენა ზიანი. შოლცი ახლა რთული საარჩევნო კამპანიის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც მისი კოალიციური მთავრობა დაიშალა.