ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოძიების დაწყების შემდეგ, დღეს ამერიკაში დემოკრატ კანდიდატთა პირველი, რიგით კი მეოთხე დებატები გაიმართება. ამჯერად ოჰაიოს ქალაქ უესტერვილში მდებარე, ოტერბეინის უნივერსიტეტის სცენაზე, პარტიის 12 წამყვანი კანდიდატი იქნება. დებატების "მასპინძელი" ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" და გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსია".
თითოეული კანდიდატი ეცდება თავი იმ პოლიტიკოსად წარმოადგინოს, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს დებატებში, შემდეგ კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხებს.
პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტი სავარაუდოდ, დებატების ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება. სენატორი ელიზაბეტ უორენი, რომელიც ჯო ბაიდენის მთავარი მეტოქეა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. დებატებზე დაწინაურების შანსი ექნებათ კამალა ჰარისსა და ბერნი სანდერსსაც. ამ უკანასკნელს გულზე სტენტირება დასჭირდა და სულ ახლახან დაუბრუნდა საპრეზიდენტო მარათონს.
იმპიჩმენტის გამოძიების პარალელურად, თითოეულ მათგანს საშუალება ექნება ამ თემაზე აზრი გამოთქვას, თუმცა ეს პირველი ამ მასშტაბის საჯარო ღონისძიება იქნება, სადაც ჯო ბაიდენი შეძლებს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდეს პრეზიდენტ ტრამპს და პასუხი გასცეს ბრალდებებს.