ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დემოკრატ კანდიდატთა მორიგი დებატები გაიმართება


მარცხნიდან მარჯვნივ: ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი და ელიზაბეტ უორენი
მარცხნიდან მარჯვნივ: ბერნი სანდერსი, ჯო ბაიდენი და ელიზაბეტ უორენი

საპრეზიდენტო კანდიდატთა მორიგ დებატებზე, რომელიც დღეს გაიმართება, ყურადღების ცენტრში დემოკრატ პრეტენდენტთა ამჟამინდელი ლიდერი, ჯო ბაიდენი იქნება. ის ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ლიდერის პოზიციას თანდათან კარგავს, თუმცა კონგრესში დაწყებული ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების გამო, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ყურადღება კიდევ დიდხანს არ მოაკლდება.

ბაიდენმა თავის მომხრეებს უთხრა, რომ ის ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ემხრობა. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა "მსოფლიოს და ამერიკელი ხალხის წინაშე საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა. დონალდ ტრამპმა თანამდებობრივი ფიცი დაარღვია, ამ ქვეყანას უღალატა და იმპიჩმენტის გამომწვევი ქმედებები ჩაიდინა.“

ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით, ბაიდენი დემოკრატთა იმ ნაწილს შეუერთდა, რომელშიც მისი უახლოესი მეტოქე, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც შედის. უორენმა სხვა კანდიდატებზე ადრე თქვა, რომ ტრამპმა იმპიჩმენტის გამომწვევი დანაშაულები ჩაიდინა და რომ პრეზიდენტს კონგრესმა იმპიჩმენტის განაჩენი უნდა გამოუტანოს.

ბაიდენისგან განსხვავებით, უორენის მხარდაჭერა დემოკრატებში უფრო და უფრო ძლიერდება. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ახლა ის ბაიდენთან ერთად, დემოკრატიული ბანაკის სათავეშია.

დღევანდელი დებატები იმითაც არის აღსანიშნავი, რომ საკამპანიო მარათონს დაუბრუნდა ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. მან ცოტა ხნის წინ გულის შეტევა გადაიტანა, რის გამოც კამპანია მცირე ხნით შეწყვიტა და მკურნალობა დაიწყო. სანდერსმა მხარდამჭერებს საკამპანიო ვიდეო-მიმართვაში უთხრა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს და მარათონში რაც შეიძლება მალე ჩაერთვება.

ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსის, ჯონ ფორტიერის აზრით, მომავალი დებატები ძირითადად პრეზიდენტ ტრამპზე იქნება ფოკუსირებული და სცენაზე იმპიჩმენტის საკითხი მთავარ ადგილს დაიკავებს. მას ასევე მიაჩნია, რომ იმპიჩმენტის მხარდაჭერა დემოკრატ კანდიდატებს ძალიან გააძლიერებს.

იმ დემოკრატი პრეტენდენტებისთვის, რომლებიც წამყვან კანდიდატებს ჩამორჩებიან, მომდევნო დებატები გამოკითხვებში დაწინაურების კიდევ ერთი შანსია. მათ შორისაა კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი. კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორის ყურადღების ცენტრშიც პრეზიდენტი ტრამპია.

ჰარისი საკამპანიო გამოსვლებში ტრამპს ხშირად ესხმის თავს. მისი თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ერთმანეთს აპირისპირებს. "ჩვენ განკურნება გვჭირდება. ვიცი, რომ მე ქვეყნის შეკავშირების უნიკალური უნარი მაქვს“ - აცხადებს ჰარისი.

თითოეული დემოკრატი კანდიდატი იგივეს ცდილობს. ისინი არწმუნებენ ამომრჩეველს, რომ სწორედ მათ შესწევთ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის დამარცხების უნარი.

დღევანდელი დებატები დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის რიგით მეოთხე იქნება. ოჰაიოს ქალაქ უესტერვილში მდებარე, ოტერბეინის უნივერსიტეტის სცენაზე, პარტიის 12 წამყვანი კანდიდატი იქნება. დებატებს ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" და გაზეთი "ნიუ-იორკ თაიმსი" გაუძღვება.

შემდეგი დებატები ძალიან მალე, ნოემბერშია დანიშნული. პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ პრეტენდენტებს შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უკვე ბევრი კანდიდატი აკმაყოფილებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG