მსოფლიო ეკონომიკის შესუსტების პროგნოზი

ეს შეფასება შეერთებულ შტატებსა და ევროპაში წარმოებული გაურკვეველი სავალუტო პოლიტიკის შესწავლის შედეგად გაკეთდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალ წელს ევროზონაში რეცესიის დაწყების „საგანგაშოდ მაღალ“ ალბათობას ვარაუდობს.

გლობალური ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, 3.3 პროცენტით გაიზრდება, მომავალ წელს კი 3.6%-ით. სამით თვის წინ გაკეთებულ მსგავს შეფასებაში სავალუტო ფონდის შეფასება გაცილებით იმედიანი იყო, სადაც წლევანდელი ზრდა 3.5 პროცენტს შეადგენდა, 2013 წლის პროგნოზი კი 3.9 პროცენტია.

ეკონომისტი ოლივერ ბლანკარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორია. მისი თქმით:

„ახალი ელემენტი გაურკვევლობაა, კონკრეტულად კი გაურკვევლობის ხარისხი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. ამავდროულად, თუ ის ზომები განხორციელდა, რომელთა გატარების პირობაც ევროზონის ქვეყნებმა დადეს, ხოლო ამერიკაში კი მორიგი ფისკალური კრიზისის თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი შედეგები შესაძლოა შედარებით ოპტიმიტრუი გახდეს.“

სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ამერიკაში ნოემბრის არჩევნების შემდეგ თუ არ მოხდა დაუყოვნებელი ეკონომიკური რეფორმები, მსოფლიო ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლებელი იქნება.

2013 წლის დასაწყისში ამერიკაში რამდენიმე საგადასახადო შეღავათს ვადა გასდის და ქვეყანა ავტომატურ საბიუჯეტო შეკვეცებზე გადავა. ამის თავიდან ასაცილებლად ნოემბრის არჩევნების გამო კონგრესმა დაუყოვნებელი ნაბიჯები უნდა გადადგას.

სავალუტო ფონი ყველაზე მეტ ყურადღებას შეერთებულ შტატებს, ევროპას და იაპონიას აქცევს, თუმცა, ასევე აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა ჩინეთსა და ინდოეთშიც შენელდება. ეს ორი ქვეყანა კი მამოძრავებელი ძალა იყო მსოფლიო რეცესიის შესამსუბუქებლად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელ ანგარიშში ნათქვამია, რომ „გლობალური ფინანსური სისტემის მიმართ ნდობა განსაკუთრებით სუსტია.“

ფონდი ჩინეთს აზიაში ერთ-ერთ უმთავრეს ეკონომიკურ ძალად მიიჩნევს და ამის მიზეზად ჩინეთში მიმდინარე პროექტებს ასახელებს, რომლებიც ინფრასტურქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ეკონომისტები ასევე აცხადებენ, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ გაკეთებული საერთაშორისო ინვესტიციები არამდგრადია და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება.

იან ბრემერი კვლევითი ცენტრისა და საკონსულტაციო სააგენტო ევრაზია გრუპის პრეზიდენტია. ის სავალუტო ფონდს დასკვენებში ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ პეკინს ამ ეტაპზე ეკონომიკური კრიზისი არ ემუქრება, რადგან ჩინეთის ეკონომიკას უამრავი დამცავი ბერკეტი აქვს და ქვეყნის მთავრობაც ფუნდამენტურად განსხვავებულ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმებს:

„ჩინელებს მასობრივი საბიუჯეტო მეტობა აქვთ. თუ გადაწყვიტეს, რომ გარკვეული პროექტები მოგების მოტანის გარეშე მუშაობს, შეუძლიათ ამ პროექტების სუბსიდირება. თუ დასავლეთს არ მოსწონს ჩინელების ეკონომიკური პოლიტიკა ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ჩინელები აქტიურად არ არიან ჩართული დასავლურ საბანკო სისტემებში. ამის გამო, საერთაშორისო ბაზარი ჩინეთზე ზეწოლას ვერ ახდენს. დასავლეთის განვითარებული ქვეყნები ჩინეთს იგივე ზეწოლის ქვეშ ვერ აქცევენ, როგორშიც ესპანეთს, იტალიას ან თუნდაც საფრანგეთს.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდი იმედიანად აფასებს სუბ-საჰარის აფრიკას, სადაც რეგიონალური ზრდა საშუალოდ 5 პროცენტს აღემატება. აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ნელი ზრდის მაჩვენებელი სამხრეთ აფრიკას აქვს, როლის ეკონომიკურ განვითარებას, სავარადუდოდ, ევროზონასთან ახლო კავშირები ანელებს.

სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებისა და არაბული გაზაფხულის შემდეგ მომხდარი მოვლენების ფონზე რეგიონის ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 1.25 პროცენტით შენელდება. 2013 წელს კი მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.