ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობა - დებატების ერთერთი მთავარი თემა


ობამასა და რომნის შორის დავის მიზეზი უმუშევრობის მაჩვენებელი გახდა

პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ ოპონენტს, მიტ რომნის შორის დავის მიზეზი შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლის მნიშვნელობა გახდა. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტის, კენტ კლეინის თქმით, ორივე კანდიდატი პარასკევს ხმების მოპოვებას იმ სადავო შტატებში ცდილობდა, სადაც კვლევების თანახმად, კონკურენცია საკმაოდ მჭიდროა.

შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელმა მოსალოდნელზე მეტად, აგვისტოს 8.1 პროცენტიდან სექტემბერში 7.8 პროცენტამდე დაიკლო.

გასული თვის მაჩვენებელი 2009 წლის იანვრის მაჩვენებელს შეესაბამება, ანუ პერიოდს, როდესაც ბატონი ობამა ხელისუფლებაში მოვიდა. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტორი პოზიტიური ბიძგი იქნება მის საარჩევნო კამპანიაში.

პარასკევს, ვირჯინიის შტატში ორგანიზებული წინასაარჩევნო შეხვედრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმუშევართა გაუმჯობესებული მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ნიშანია:

„დღეს დილით, ჩვენ, უმუშევრობის მაჩვენებელის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ვარდნის მოწმენი გავხდით მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტი გავხდი. სამუშაოს გაცილებით მეტი ადამიანი შოულობს,” - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

როგორც ყოველთვის, პრეზიდენტმა ახლაც შეახსენა აუდიტორიას, რომ წინ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
„ყოველი თვე შეხსენებაა იმისა, რომ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს შორის კიდევ ბევრია სამუშაოს მაძიებელი. ძალიან ბევრია საშუალო ფენის წარმომადგენელი ისეთი ოჯახი, რომლისთვისაც რთულია გადასახადებთან გამკლავება. ისინი ამ რთულ მდგომარეობაში კრიზისამდე ბევრად ადრე აღმოჩდნენ,” - განაგრძო პრეზიდენტმა.

სანამ პრეზიდენტი ამომრჩეველს ვირჯინიის გარეუბნებში ხვდებოდა, ბატონი რომნი ხმების მოსაპოვებლად შტატის სრულიად საპირისპირო მხარეს მაღაროელებს ხვდებოდა.

მან უარყო უმუშევრობის შემცირებული მაჩვენებელი და განაცხადა, რომ მაჩვენებლის კლება შედეგია იმისა, რომ ბევრმა ამერიკელმა სამუშაოს ძებნას თავი დაანება და, შესაბამისად, სტატისტიკაშიც აღარ მოხვდა.

„ჩანს, თითქოს უმუშევრობის მხრივ ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ სიმართლე ის არის რომ, თუ სამუშაო ძალას დღეს მოსახლეობის იგივე ნაწილი წარმოადგენს, რომელიც პრეზიდენტის არჩევის დღეს იყო, რატომ იყო უმუშევართა მაჩვენებელი 11 პროცენტამდე? აი ეს არის რეალური სურათი, რაც დღეს ხდება,” - განაცხადა მიტ რომნიმ.

ობამას თქმით, რესპუბლიკელები პოლიტიკას უმუშევართა მაჩვენებლით განსაზღვრავენ და კვლავ გაიმეორა, რომ ეკონომიკა აღმავლობის გზაზეა.

„დღევანდელი სიახლე ნამდვილად არ უნდა იქნას გამოყენებული ეკონომიკური მდგომარეობის გასაკრიტიკებლად და ამით პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. ეს შეხსენებაა იმისა, რომ ამ ქვეყანამ პროგრესი განიცადა და უკან დაბრუნების პერსპექტივა არ არის,” - განმარტა პრეზიდენტმა.
თუმცა, ბატონი რომნი არ იზიარებს სხვა რესპუბლიკელთა ბრალდებებს, თითქოს პრეზიდენტი ობამა თავის საარჩევნო კამპანიის დროს დასაქმების მონაცემებით მანიპულირებს. თეთრი სახლი უარყოფს ამ ბრალდებას.

მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ დასაქმების სფეროში ის უკეთეს სამუშაოს გასწევს, ვიდრე პრეზიდენტი ობამა.

„როდესაც მე გავხდები შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უმუშევრობის ეხლანდელი მაჩვენებელი შემცირდება არა იმიტომ, რომ ადამიანები თავს ანებებენ სამსახურის ძებნას და ეთიშებიან ერთიან სამუშაო ძალას, არამედ იმიტომ, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მე შევქმნი სამუშაო ადგილებს. ამერიკელი ხალხი ისევ დაიწყებს მუშაობას,” - განაცხადა რომნიმ.

ვირჯინიაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რომნის წინასაარჩევნო კამპანია ფლორიდაში გაგრძელდა.

პრეზიდენტი კი შეხვედრებს უნივერსიტეტებში განაგრძობდა. ვირჯინიის შტატში, ფეარფაქსში განთავსებულ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ობამამ ოჰიოს შტატში, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლა.

საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევების მიხედვით, ბატონი ობამა კვლავ უმნიშვნელოდ უსწრებს თავის რესპუბლიკელ ოპონენტს როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე რამდენიმე სადავო შტატის მასშტაბითაც.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბატონი რომნი 3 ოქტომბერს გამართული პირველი საპრეზიდენტო დებატების უდაო გამარჯვებულია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კანდიდატებს შორის კიდევ ორი ასეთი შეხვედრა გაიმართება.
XS
SM
MD
LG