ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ვისწავლეთ ფინანსური კრიზისიდან?


„ლიმან ბრადერსის” ნგრევა ათწლეულების მანძილზე ყველაზე მძიმე რეცესიის დასაწყისს უკავშირდება

ოთხი წლის წინ, 2008 წლის 15 სექტემბერს, „ლიმან ბრადერსი” გაკოტრდა. ამ გლობალური ფინანსური ფირმის რღვევის ისტორიას გაკვეთილი უნდა ესწავლებინა, თუმცა, ეს ამბავი უმნიშვნელო პროგრესსა და უამრავ მტკივნეულ ემოციასთან ასოცირდება.

ოთხი წლის წინ, უდიდესი ფინანსური ფირმის - „ლიმან ბრადერსის” ნგრევა ათწლეულების მანძილზე ყველაზე მძიმე რეცესიის დასაწყისს უკავშირდება. შეშინებულმა ინვესტორებმა აქციები გაყიდეს, ბანკებმა სესხების გაცემა შეაჩერეს, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და მილიონობით ადამიანმა სამუშაო ადგილი, სახლი და დანაზოგი დაკარგა.

კრიზისის შემდეგ, კომიტეტებმა გამომწვევი მიზეზების ძიება დაიწყეს. მარეგულირებლებმა ბანკებს ნაკლებ რისკზე წასვლა მოსთხოვეს და კონგრესმა ახალი კანონები მიიღო. იმ დადგენილებების უმეტესი ნაწილი, სადაც ზემოხსენებული კანონების პრაქტიკული დეტალები იყო მოცემული, ფინანსური ფირმებისა და სხვა ინტერესთა წრეების მხრიდან ინტენსიური ლობირების მიუხედავად ჯერ კვლავ ჩამოყალიბების პროცესშია.

თაღლითობის ფაქტების მტკიცებულებათა ძიებამ ერთ-ერთი მთავარი გამომძიებლის გაღიზიანება გამოიწვია, რომლის თქმით, აღნიშნული ძიების ძირითადი სამიზნე ქვედა იერარქიული რგოლები გახდა. ბარტ დაზივი ფინანსური კრიზისის კვლევითი კომისიის სპეციალური მრჩეველი იყო.

„მათი ყურადღების ცენტრში მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მაღალი თანამდებობის პირები არ მოხვდა, რომელთაც შესაძლოა კრიმინალური ბრალეულობა ჰქონოდათ,” - აცხადებს ბარტ დაზივი.

დაზივის თქმით, გამოძიების თანხები მწირი, ხოლო საგამოძიებო ჯგუფები არაადეკვატური იყო.

წიგნის ავტორის, ჯონ ტაფტის აზრით, ფინანსური ინდუსტრიის დასარეგულირებლად გამოძიებასა და ახალ კანონებზე გაცილებით მეტი რამ იქნება საჭირო. ტაფტი საინვესტიციო ფირმის - „არ-ბი-სი უელს მენეჯმენტის” აღმასრულებელი დირექტორი და წიგნის - „მმართველობა” - ავტორია. წიგნში კრიზისის გაკვეთილებზეა საუბარი.

ტაფტის აზრით, „ვოლ სტრიტმა” მიმართულება მაშინ დაკარგა, როდესაც ფირმებმა შეწყვიტეს კლიენტებზე ორიენტაცია და მხოლოდ მოგებაზე გახდნენ ორიენტირებულნი.

„სწორედ ამ დროს აღმოვჩნდით სირთულის წინაშე. „ვოლ სტრიტის” კულტურა დაინგრა და ფინანსურ კრიზისამდე მივიდა. ეს ვითარება დღემდე არ არის დარეგულირებული,” - ამბობს ტაფტი.

კოლეჯის პროფესორისა და წიგნის ავტორის, კრეიგ კოლუმბუსის თქმით, „ვოლ სტრიტი” კვლავაც დაავადებულია ზედმეტი თავდაჯერებულობითა და ამპარტავნობით.

„აქ მედიდურობის ელემენტი დევს - რომ თითქოს ადამიანის წარმოსახვას და შესაძლებლობებს არანაირი შეზღუდვა, არანაირი ზღვარი არ გააჩნია. მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არასწორია,” - ამბობს კრეიგ კოლუმბუსი.

თავის წიგნში - „ღმერთი და ადამიანი ვოლ სტრიტზე”, კოლუმბუსი აღნიშნავს, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ ენდობა ფინანსურ ინდუსტრიას მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ აქციებზე ფასები გაიზარდა.

ინვესტორებმა აქციები მძლავრი ფინანსური ფირმების გაკოტრების შიშით გაყიდეს, მათ შორის იყო ისეთი მსხვილი ფირმები, რომელთა წარუმატებლობას შეეძლო ეკონომიკა დაეზარალებინა.

ბოსტონის უნივერსიტეტის ფინანსების ლექტორი, მარკ უილიამსი წიგნის - „უმართავი რისკი” - ავტორია. მერყევი ფინანსური გიგანტების ზეგავლენის გამო იგი დღემდე შეშფოთებულია.

„ჩვენ უარეს ვითარებაში ვართ, ვიდრე ვიყავით - ეს იმ თვალსაზრისით, რომ კონცენტრაციის რისკი გვაქვს. დიდი ბანკები კიდევ უფრო მსხვილდება,” - განმარტავს უილიამსი.

ლარი მაკდონალდი ბესტსელერის - „საღი აზრის კოლოსალური მარცხი” თანა-ავტორია. მისი თქმით, დროა, გაძლიერდეს მარეგულირებელი უწყებები და მამაცი ადამიანებით დაკომპლექტდეს, რომელთა კეთილგონიერებაც წამყვანი ფინანსური ფირმების გამოცდილ ლიდერთა თანხვედრი იქნება.

„ამ გადაწყვეტილებების სამართავად ისეთი ადამიანია საჭირო, რომელსაც რისკის გაღება შეუძლია, რადგან ასეთმა ადამიანებმა იციან როგორ მართონ სხვა - რისკის გამღები ადამიანები,” - ამბობს ლარი მაკდონალდი.

მისი თქმით, „ლიმან ბრადერსის” ნგრევიდან ოთხი წლის შემდეგ, ეკონომიკასთან დაკავშირებული რისკები „იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე.”
XS
SM
MD
LG